ბს-625-597(კს-08) 10 სექტემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. კ.-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 27 სექტემბერს გ. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,თ.-ისა” და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს გამგეობის მიმართ, ქმედების განხორციელების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობას დავალებოდა მის საკუთრებაში არსებული ფართიდან წყალსაქაჩის გატანა.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,თ.-ი”.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. კ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გაგეობას დაევალა გ. კ.-ის საკუთრებაში არსებული, ...-ის ქ. ¹19-ში მდებარე ყოფილი თბოპუნქტის შენობიდან წყალსაქაჩის გატანა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად მითითებული შპს ,,თ.-ი” შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - შპს ,,თ.-ით”.
2008 წლის 7 მაისს გ. კ.-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომლითაც დავის საგნის არარსებობის გამო, უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით გ. კ.-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და შეწყდა საქმის წარმოება გ. კ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, შენობიდან წყალსაქაჩის გატანის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარეთა განცხადებითYან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით შეწყდა მის სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოება, იმ მოტივით, რომ მან უარი განაცხადა სასარჩელო განცხადებაზე, რაც კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არამართებულია, ვინიადან იგი 2008 წლის 8 მაისს არ იმყოფებოდა საქართველში და ამასთან, არ ჰყავდა არც წარმომადგენელი, რომელსაც ექნებოდა უფლებამოსილება მისი ინტერესების დასაცავად, აღნიშნულის გამო, არავის ჰქონდა უფლება მისი სახელით უარი ეთქვა სარჩელზე და მოეთხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით გ. კ.-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, ამ უკანასკნელის მხრიდან სარჩელზე უარის თქმის მოტივით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. მითითებული ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, პირის უფლება - განკარგოს თავისი უფლებები. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სარჩელზე უარის თქმით განკარგავს თავის საპროცესო უფლებას, უარს ამბობს უფლებების სასამართლო გზით დაცვაზე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მხარის გადაწყვეტილებაში და ვალდებულია, შეწყვიტოს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში წარმოადგენს განმსაზღვრელ პრინციპს და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა ამ პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა, რომელიც მინიჭებული აქვს უშუალოდ მოსარჩელეს და არც ერთი სხვა პირი, გარდა მოსარჩელისა, არ არის უფლებამოსილი (გარდა სათანადო რწმუნებით აღჭურვილი პირისა) განკარგოს ეს უფლება. მით უმეტეს, რომ სარჩელზე უარის თქმას უკავშირდება ისეთი სერიოზული შედეგი, როგორიცაა პირისათვის შემდგომში იმავე სარჩელის აღძვრის დაუშვებლობა.
ასეთი პროცესუალური შეზღუდვის პირობებში, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს, საქმის წარმოების შემწყვეტი სასამართლოს მხრიდან ზუსტად იქნეს დადგენილი და განსაზღვრული არის თუ არა სახეზე პირის ნების ნამდვილი გამოვლინება. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მისი ნების გამოვლენას და მიუთითებს, რომ ის ფიზიკურადაც ვერ შესძლებდა სარჩელზე უარის თქმას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდისათვის იმყოფებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, რის დასტურადაც კერძო საჩივარს თან ურთავს შესაბამის მტკიცებულებებს. საკასაციო სასამართლო საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკის, პირის უფლებების დაცვისა და იმავდროულად, სარჩელზე უარის თქმის შეუქცევადობის პრინციპის გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნევს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და გ. კ.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე შემდგომი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძოდ, სასამართლო კვლევის საგნად უნდა იქცეს საქმეში დაცული განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე რამდენად ეკუთვნის მოსარჩელეს, რეალურად იმყოფებოდა თუ არა ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ნება გამოხატულია თუU არა მის მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2008 წლის 08 მაისის განჩინება და გ. კ.-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე ხელახალი გამოკვლევისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოაა და არ საჩივრდება.