ბს-630-602(კს-08) 10 სექტემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ც. გ.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინება
დავის საგანი - გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 29 ნოემბერს ც. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ¹3593-პ ბრძანების ბათილად ცნობას, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ...-ის მომსახურების რაიონული განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ც. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრა ც. გ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არაკანონიერად იქნა აღიარებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 01.10.04წ. ბრძანება ც. გ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე და იგი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა სამმართველოს ... განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ც. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის გადახდა გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე მთელი პერიოდის განმავლობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინება.
2008 წლის 24 აპრილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის დაანგარიშება განხორციელდეს იმ თანამდებობრივი სარგოდან გამომდინარე, რომელიც მოსარჩელე პირს გათავისუფლებამდე ეკავა სამსახურში მისი იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მომენტამდე), თუ ამ თანამდებობიდან სარგოს (ტოლფასი თანამდებობრივი სარგოს) ზრდის გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ამ კოდექსით სხვა წესი არ არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილების განმარტებას მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მას უნდა განემარტოს, რომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც ც. გ.-ი იღებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3593-ბ ბრძანების გამოცემამდე _ სამსახურიდან მისი გათავისუფლების დროს არსებული ხელფასის ოდენობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს ¹3ბ/1637-05 გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს განემარტოს, რომ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც ც. გ.-ი იღებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 1 ოქტომბრის ¹3593-ბ ბრძანების გამოცემამდე _ სამსახურიდან მისი გათავისუფლების დროს არსებული ხელფასის ოდენობის მიხედვით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.