Facebook Twitter

ბს-644-613(კს-07) 25 ივლისი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელ), მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- გ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებაზე

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 ივნისს გ. ლ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მ. მ-ის, ნ. და რ. ლ-ების, მესამე პირების: სამცხე-ჯავახეთის რქმშენინსპექციის, ბორჯომის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის, ბორჯომის პოლიციის სამძებრო განყოფილებისა და პლატოს ტურბაზის დირექტორ ს. ს-ის მიმართ სამეზობლო და სასაზღრო მიჯნის მოწყობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე ლ-ებისგან მათ მიერ წარმოებული მშენებლობების ნაწილობრივ დემონტაჟს, მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და მოპასუხეების ეზოდან სასაზღვრო მიჯნის აღმართვას.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, რომ მისი სახლიდან ხუთ მეტრზე ახლოს აღარ მოხდეს მოპასუხე ლ-ების მიმოსვლა და მიწის ფართის გამოყენება, მოპასუხე მაღრძემ კი არ ჩამუშვას წყალი და არ დაუზიანოს სახლის კედელი.

Mმოპასუხეებმა სასარჩელო განცხადება არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ი ლ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ი ლ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მოტივით.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-მ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ლ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, აპელანტ გ. ლ-ის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულია 2007 წლის 6 თებერვალს, აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ლ-ს გაეგაზვნა 2007 წლის 16 თებერვალს (ს. ფ. 89), რომელიც, როგორც გზავნილზე მისივე ხელმოწერით დასტურდება, ჩაიბარა – 2007 წლის 19 იანვარს. (ს.ფ. 89). საკასაციო სასამართლო ჩაბარების დასტურზე დაფიქსირებულ თარიღს მიიჩნევს მექანიკურ შეცდომად, ვინაიდან შეუძლებელია ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 06 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაჰბარებოდა წისწრებით, კერძოდ, 2007 წლის 19 იანვარს.

გზავნილზე დანარჩენ მხარეთა ხელმოწერების დასტური და გადაწყვეტილების გაგზავნის თარიღი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კერძო საჩივრის ავტორს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2007 წლის 19 თებერვალს. საგულისხმოა, რომ მისი მხრიდან სააპელაციო საჩივარი შეტანილია ფოსტის მეშვეობით. სააპელაციო საჩივარი სასამართლო კანცელარიაში დაფიქსირებულია 2007 წლის 5 მარტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად". A

საქმეში დაცული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გ. ლ-ის მიერ დაცულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ზემომითითებული მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების 14 დღიანი ვადა, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ლ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინება და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.