Facebook Twitter

ბს-659-628(კს-07) 31 ივლისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ვ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1) თელავის საგადასახადო ინსპექცია

2) სიღნაღის რაიონის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება

დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ვ. ხ-მა სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – თელავის საგადასახადო ინსპექციისა და სიღნაღის რაიონის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დარიცხული საიჯარო ქირის სახით გადასახადის ჩამოწერა (იხ. ს.ფ. 2-3).

ვ. ხ-ის სარჩელი განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 11-12).

თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეებმა – თელავის საგადასახადო ინსპექციამ და სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ არ ცნეს სარჩელი და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; უარი ეთქვა გადასახადისა და მასზე დარიცხული საურავის ჩამოწერაზე (იხ. ს.ფ. 47).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 51-52).

2007 წლის 5 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ვ. ხ-მა, რომლითაც მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივრის განხილვაზე და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 66).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ვ. ხ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა; ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარზე თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა საქმის წარმოება, შემდგომ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარე თვითონ განკარგავს თავის საპროცესო და მატერიალურ უფლებებს, ხოლო 378-ე მუხლით, აპელანტს უფლება აქვს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს სააპელაციო საჩივარზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა ვ. ხ-ის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 67-69).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ხ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი შეყვანილ იქნა შეცდომაში, როცა ხელი მოაწერა განცხადებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. იგი არის ასაკოვანი, არ გააჩნია სათანადო ცოდნა და არ ჰყავს ადვოკატი და ვერ აცნობიერებდა მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს.

ვ. ხ-ის განმარტებით, მას სურდა საქმეში არსებული საიჯარო ხელშეკრულების გამოტანა, რათა გაეგრძელებინა იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნულს გამო, დახმარება სთხოვა ნაცნობს, დაეწერა განხადება საბუთის გამოტანის შესახებ, რომელზეც მან ხელი მოაწერა და არ იცოდა, რომ მის საჩივარს აღარ განიხილავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ განცხადებას არ შემოიტანდა. რეალურად არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რის საფუძველზეც იგი უარს იტყოდა საჩივარზე და მას მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულების გამოთხოვა სურდა და არა სააპელაციო საჩივრისა (იხ. ს.ფ. 74-75).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ხ-ის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 78-79).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დისპოზიციურობის პრინციპი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საპროცესო სამართალში, რაც ნების ავტონომიიდან გამომდინარეობს და თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები თვითონ იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ; მათ შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთვარონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ყველა პირს ეძლევა უფლება, განახორციელოს ან არ განახორციელოს საკუთარი უფლებები, უარი განაცხადოს მათზე ან მოითხოვოს მათი შესრულება შესაბამისი პირებისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონიერი ინტერესების დასაცავად, ხოლო განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

მხარეს თავისი უფლების განკარგვის შესაძლებლობა აქვს სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაათავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხევაშია უფლებამოსილი შეამოწმოს მხარის უარი სარჩელზე, სარჩელის ცნობა ან საქმის მორიგებით დამთავრება, თუ ეს მხარე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. კერძო პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განკარგვის კანონიერების შემოწმების სამართლებრივი ვალდებულება და უფლებამოსილება სასამართლოს არ გააჩნია.

როგორც მხარის უფლებას განეკუთვნება საქმის წარმოების დაწყება სასამართლოში, ასევე ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული, გაასაჩივროს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო წესით, ან უარი თქვას თავის საჩივარზე. სსსკ-ის 378-ე მუხლის თანახმად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით. ვ. ხ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მან უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. საკასაციო სასამართლო განმატავს, რომ მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა გულისხმობს სარჩელზეც უარის თქმას იმ ნაწილში, რაც მის მიერ იქნა გასაჩივრებული, რაც ავტომატურად იწვევს საქმისწარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას უკავშირდება მეტად სერიოზული შედეგი - მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო თუ აპელანტი მოსარჩელეცაა – აღძრას იგივე სარჩელი იმავე საფუძვლით, იმავე მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, ვ. ხ-ის მიერ გამოყენებულ იქნა საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და კერძო საჩივრის არგუმენტაცია, რომ მისთვის უცნობი იყო თუ რა განცხადებაზე აწერდა ხელს, იურიდიულად გაუმართლებელია, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესრულებული საპროცესო მოქმედებების შექცევადობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.