¹ბს-6-6(კს-07) 28 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 8 თებერვალს ნ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 იანვრის ¹17-პ ბრძანების ბათლად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; უკანონოდ იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005 წლის 6 იანვრის ბრძანება ¹17-პ ნ. ქ-ის გათავისუფლების თაობაზე და იგი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე. მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ნ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005 წლის 6 იანვრიდან უკანონოდ გათავისუფლების მთელ პერიოდში.
2005 წლის 21 ივნისს ნ. ქ-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.'
თბლისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის განჩინებით ნ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება ნ. ქ-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ნ. ქ-თვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დაგენილი ვადის გაშვების გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მისთვის გაუგებარია სასამართლოს ქმედება, თუ რატომ დაუკავშირა სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან, ანუ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან და არა სხვა რაიმე განჩინების ან დადგენილების გაცნობის დღიდან.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საგადასახადო დეპარტამენტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2005 წლის 15 დეკემბერს, რაც დასტურია იმისა, რომ მას გასაჩივრების ვადა არ გაუშვია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2005 წლის 23 დეკემბერს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინებით დატოვებულ იქნა განუხილველად გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დაგენილი ვადის გაშვების გამო.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აითვალოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან და არა რაიმე განჩინების ან დადგენილების გაცნობის მომენტიდან.
საქმეში დაცული მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია საფუძვლიანია და ექვემდებარება გაზიარებას.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ აპელანტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე ცნობილი იყო რამდენიმე თვით ადრე, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 ივლისის განჩინების გასაჩივრების მომენტისათვის, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს მითითებულ მომენტს.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს საპროცესო კანონმდებლობის შესაბამის ნორმებს და განმარტავს, რომ გასაჩივრების ვადების ათვლას კანონმდებელი უკავშირებს გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის და არა მისი არსებობის შესახებ ინფორმირების ფაქტს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი უნდა გადაეცეს მხარეს. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლი ატარებს იმპერატიულ ხასიათს, და გასაჩივრების ვადის ათვლას, ცალსახად, უკავშირებს გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების მომენტს.
გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია მიღებული წერილობითი კორესპონდენციების შესახებ რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ საგადასახადო დეპარტამენტს ზემოაღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 15 დეკეკმბერს (88), (სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2006 წლის 23 დეკემბერს (78)), ხოლო საქმეში არ მოიპოვება აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, საქმეში დაცული არ არის გზავნილი, რომლიც სასამართლოს მისცემდა მითითებული მტკიცებულების უარყოფის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ შეტანილია კანონით დადგენილ ვადაში და ამ თვალსაზრისით ექვემდებარება წარმოებაში მიღებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 იანვრის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.