Facebook Twitter

ბს-660-629(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა

საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ვ-ი, ს. ბ-ი, წარმომადგენელი ლ. ჩ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. ახალქალაქის რაიონის გამგეობა; 2. ახალქალაქის მიწის მართვის სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 17 აპრილს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ს. ვ-მა, ა. რ-მა, ვ. ვ-მა, ა. ვ-მა, ვ. გ-მა, რ. ნ-მა, ვ. ა-მა, ს. ბ-მა, ლ. ტ-მა მოპასუხეების _ ა. ხ-ის, მ. ა-ის, თანამოპასუხეების _ ახალქალაქის რაიონის გამგეობის, ახალქალაქის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ახალქალაქში, ............ ქ. ¹53-ში მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 20 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობა, ასევე ახალქალაქში, .......... ქ. ¹53-ში ჩატარებული აუქციონის არშემდგარად გამოცხადება (ტომი 1, ს.ფ. 5-7).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხეები ა. ხ-ი და მ. ა-ი შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით _ ახალქალაქის რაიონის გამგეობით და ახალქალაქის რაიონის მიწის მართვის სამმართველოთი (ტომი 1, ს.ფ. 57-58).

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ვ-ის, ვ. გ-ისა და სხვების სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 145-151).

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების _ ს. ვ-ის, ა. რ-ის, ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ვ. გ-ის, რ. ნ-ის, ვ. ა-ის, ს. ბ-ისა და ლ. ტ-ის მიერ (ტომი 2, ს.ფ. 157-165).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, ამასთან, მათ დაევალათ სააპელაციო საჩივრის სახელმწიფო ენაზე წარდგენა (ტომი 1, ს.ფ. 126-127).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 მაისის განჩინებით ს. ვ-ის, ა. რ-ის, ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ვ. გ-ის, რ. ნ-ის, ვ. ა-ის, ს. ბ-ის, ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა (ტომი 1, ს.ფ. 134).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით ახალქალაქის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ამავე განჩინებით აპელანტებს _ ს. ვ-ს, ვ. ვ-ს, ვ. ა-ს, ს. ბ-ს, ლ. ტ-ს, შ. რ-ს, ვ. გ-ს, რ. ნ-ს, ვ. ვ-ს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტები წარედგინათ სამართალწარმოების ენაზე ან სათანადო წესით დამოწმებული თარგმანის სახით. გარდა ამისა, აპელანტებს დაევალათ სააპელაციო საჩივარი წარედგინათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ, ჩამოეყალიბებინათ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა (ტომი 1, ს.ფ. 194-195).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ს. ვ-ის, ა. რ-ის, ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ვ. გ-ის, რ. ნ-ის, ვ. ა-ის, ს. ბ-ისა და ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებაში მითითებული ხარვეზი აპელანტებმა არ გამოასწორეს და ამდენად, მათი სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული (ტომი 1, ს.ფ. 208-210).

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ს. ვ-მა და ს. ბ-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით აპელანტებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში, მათვე დაევალათ სააპელაციო საჩივრის ქართულ ენაზე წარდგენა. 2005 წლის 11 მაისის განცხადებით ს. ვ-ის წარმომადგენელმა ა. ხ-მა ითხოვა საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაღება. 2005 წლის 11 მაისის განცხადებით ს. ვ-ის წარმომადგენელმა ა. ხ-მა ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 1 ივნისამდე იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში ვერ ხერხდებოდა ხარვეზის შევსება _ მასალის რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. 2005 წლის 25 მაისს აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვოდა სამართალწარმოების ენაზე შედგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი დანართითურთ, აგრეთვე რწმუნებულებები 7 ეგზემპლარად, რაც ასახულია საოლქო სასამართლოს მისაღების შტამპზე. 2005 წლის 27 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, რამდენადაც აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 369-ე მუხლების მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით კი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მოტივად მიეთითა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოუსწორებლობა.

კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებმა ერთხელ უკვე შეავსეს ხარვეზი და სააპელაციო საჩივარი წარმოებაშიც იქნა მიღებული, სასამართლო ვალდებული იყო განეხილა თავის წარმოებაში მიღებული საქმე და არსებითადაც გადაეწყვიტა იგი. სააპელაციო სასამართლომ დაავალა აპელანტებს ერთხელ უკვე დანიშნული ხარვეზის ხელმეორედ შევსება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა (ტომი 1, ს.ფ. 225-230).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ვ-ისა და ს. ბ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 4 აპრილის განჩინებით ს. ვ-ს და სხვებს დაევალათ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ენაზე შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში (ტომი 1, ს.ფ. 126-127).

საქმეში წარმოდგენილია 2005 წლის 25 მაისის განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომლის თანახმად, აპელანტებმა სასამართლოს წარუდგინეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის ქართულ ენაზე შედგენილი ასლები დანართითურთ, აგრეთვე რწმუნებულებები 7 ეგზემპლარად. აღნიშნული განცხადებაზე დასმულ სააპელაციო სასამართლოს მისაღების შტამპზე დაფიქსირებულია, რომ ჩაბარებულია კორესპონდენცია 39 ფურცლად. ხარვეზის შევსების შესახებ აღნიშნული განცხადება საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთ ფურცლად, ხოლო მასზე თანდართული მასალები საქმეში არ მოიპოვება (ტომი 1, ს.ფ. 133).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 27 მაისის განჩინებით ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული (ტომი 1, ს.ფ. 134).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად არის დატოვებული მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, იმ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რომელიც აპელანტებს სააპელაციო სასამართლომ ერთხელ უკვე დაუნიშნა, შემდგომ გამოსწორებულად მიიჩნია და სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, მაგრამ აღნიშნული მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი არსებობს საპელაციო საჩივრის განხილვის არსებითად შეუძლებელს ხდის მის განხილვას. მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაზე თანდართული მასალები, რომელიც, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თავის დროზე აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს, მაგრამ დღეის მდგომარეობით საქმეში არ მოიპოვება, არ არის წარმოებაში მიღების შემდეგ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების არსებითი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ს. ვ-ისა და ს. ბ-ის კერძო საჩივარში არსებითად უზრუნველყოფილია სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით დავალებული მოთხოვნები _ სააპელაციო საჩივარი და მასზე თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია სამართალწარმოების ენაზე.

კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმებას. აღნიშნული განჩინებით განუხილველად არის დატოვებული ს. ვ-ის, ა. რ-ის, ვ. ვ-ის, ა. ვ-ის, ვ. გ-ის, რ. ნ-ის, ვ. ა-ის, ს. ბ-ისა და ლ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებული აქვთ მხოლოდ ს. ვ-ს და ს. ბ-ს, ხოლო დანარჩენ აპელანტებს აღნიშნული განჩინება არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ აპელანტების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხზე, რომელთაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არ გაუსაჩივრებიათ და ვერც სადავო განჩინებას გააუქმებს ამ პირების სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარს განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ვ-ისა და ს. ბ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში;

3. ს. ვ-ისა და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.