ბს-666-638-(კს-08) 17 ივლისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი – შ. ძ-ე (განმცხადებელი)
დავის საგანი –ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. შ-ამ, შ. ძ-ემ, ნ. ნ-მა და ე. ბ-ემ 2003 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს, მოპასუხეების _ თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის, ქ. თბილისის “....”, სს “.....” და შპს “.....” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 20 თებერვლის ¹20/79 ბრძანების, ქ. თბილისის “.....” 2003 წლის 12 მარტის ¹57 მშენებლობის წარმოების ნებართვისა და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 25 მარტის ¹6/51 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თბილისის მთავარი არქიტექტორის სს “.....” საოფისე შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ 2003 წლის 20 თებერვლის ¹20/79 ბრძანების ბათილად ცნობაზე; ასევე უარი ეთქვათ ქ. თბილისის “.....” მიერ 2003 წლის 12 მარტს გაცემული ¹57 მშენებლობის წარმოების ნებართვის ბათილად ცნობაზე; ასევე უარი ეთქვათ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003 წლის 25 მარტის ¹6/51 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობაზე; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ..... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე, ..... ქუჩის ¹ 1- ში მდებარე სს “.....” საოფისე შენობის დემონტაჟზე.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ-ამ, ნ. ნ-მა, შ. ძ-ემ და ე. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შ. ძ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით შ. ძ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
შ. ძ-ემ 2007 წლის 22 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება. მან საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე და ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ისე განიხილა, რომ არსებითად არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე. აღნიშნულის დამადასტურებლად განმცხადებელი მიუთითებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების იდენტურობაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ სიტყვა სიტყვით გადაიწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, მას არ მისცემია საშუალება, მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესზე, ვინაიდან არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო სხდომის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ, ამიტომ მან ვერ წარადგინა მტკიცებულებანი და ვერ გამოთქვა მოსაზრება აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო მისთვის სასარგებლო შედეგი მოეტანა. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ მან 2007 წლის 22 მაისს მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პასუხი მის საჩივარზე ¹1038/303-03, რომელიც შეტანილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამ პასუხის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2007 წლის 4 აპრილს განიხილა მისი განცხადება და მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რა სახის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისთვის უცნობია, საკითხის კონფიდენციალურობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის განჩინებით შ. ძ-ის განცხადება განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით შ. ძ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებანი არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არსებითად ფაქტობრივ გარემოებებზე და რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინება იდენტურია, არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლებისა და სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული წარმოადგენს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საფუძველს, რაც გააკეთა კიდევაც განმცხადებელმა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მითითება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო როგორც განმცხადებლისათვის, ისე მისი წარმომადგენლისათვის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განმცხადებელ შ. ძ-ეს გაშვებული ჰქონდა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა. საქმის მასალებით დგინდება, რომ შ. ძ-ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარებული ჰქონდა 2006 წლის 5 ივლისისათვის, რაც მან საკასაციო წესით გაასაჩივრა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შ. ძ-ემ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა 2007 წლის 22 ივნისს, რითაც, პალატის განმარტებით, დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი გასაჩივრების ვადა, რომლის გაგრძელება არ დაიშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შ. ძ-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე ვადის დარღვევით იყო შეტანილი. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლზე და განმარტა, რომ ხსენებული მუხლის თანახმად მის მიერ ერთი თვის ვადაში შეტანილ იქნა განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველია.
ამასთან, რაც შეეხება სასამართლოს სხდომაზე დასწრების საკითხს, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ, მართალია, მათ ეცნობათ სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე, თუმცა სასამართლოზე გამოცხადებულებს სხდომის დარბაზი დაკეტილი დახვდათ, ხოლო მათი მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერ დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს, რათა გაერკვიათ, თუ სად ტარდებოდა სასამართლო სხდომა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, შ. ძ-ის კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შ. ძ-ემ თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი ისე განიხილა, რომ არსებითად არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე; პირველი ინსტანციის სასამართლოსა და და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად იდენტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სიტყვა სიტყვით გადაიწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; ამასთან, გამცხადებლის განმარტებით, მას არ მისცემია საშუალება, მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესზე, ვინაიდან არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო სხდომის თარიღის, დროის და ადგილის შესახებ, ამიტომ მან ვერ წარადგინა მტკიცებულებანი და ვერ გამოთქვა მოსაზრება აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც შეეძლო მისთვის სასარგებლო შედეგი მოეტანა. მან 2007 წლის 22 მაისს მიიღო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პასუხი ¹1038/303-03 მის საჩივარზე, რომელიც შეტანილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული პასუხის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განიხილა მისი განცხადება 2007 წლის 4 აპრილს და მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ თუ რა სახის გადაწყვეტილება მიიღო, ეს მისთვის არ იყო ცნობილი საკითხის კონფიდენციალურობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობა მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლში. ამ მუხლის პირველი ნაწილში მითითებულია, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საქმის წარმოების განახლების ის საფუძველი, რომ სააპელაციო პალატის 2006 წლის 12 ივნისის სხდომის შესახებ, მას არ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, ასევე სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და იგი სიტყვა სიტყვითაა გადაწერილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან არ არის დასაშვები, რადგან აღნიშნული გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2006 წლის 21 ივლისს, როდესაც მან საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 ივნისის განჩინებაზე და ზემოაღნიშნული საფუძვლების შესახებ მან მიუთითა საკასაციო საჩივარშიც (იხ. ტომი III ს.ფ. 156-162). შ. ძ-ემ იმავე საფუძვლებით საქმის წარმოების განახლების შესახებ განაცხადებით სასამართლოს მიმართა 2007 წლის 22 ივნისს, ე.ი. ერთი წლის შემდეგ, რითაც დაარღვია კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ერთთვიან ვადაში შეტანის გარდა, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს ისიც, რომ უნდა არსებობდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. დადგენილია, რომ შ. ძ-ემ საქმის წარმოების განახლება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნტით. ამ ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გამცხადებელი საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მისივე განცხადების პასუხად 2007 წლის 22 მაისს ¹1038/303-03 მიღებულ წერილს; ამ წერილიდან ირკვევა, რომ შ. ძ-ის მიერ წარდგენილი განცხადება განხილულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 4 აპრილის სადისციპლინო სხდომაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. ამასთანავე განმცხადებელს ეცნობა, რომ “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს. იქვე აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას აცნობოს შ. ძ-ეს მისივე საჩივართან დაკავშირებით მოსამართლეთა მიმართ განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ძ-ის მოთხოვნა, 2007 წლის 22 მაისის ¹1038/303-03 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილის (იხ. ს.ფ. 14) საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილში იმპერატიულადაა მითითებული, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით, დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, ამომწურავია და მათი წრის გაფართოება დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ძ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ძ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.