Facebook Twitter
ბს-667-639(კს-08) 23 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ც. ა.-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქუთაისის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ც. ა.-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ქუთაისის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-5/.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ც. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 112-117/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 120-122/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინებით ც. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს ხარვეზის შევსების მიზნით, სსსკ-ის 368.2. მუხლის თანახმად, დაევალა წარედგინა სააპელაციო საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის ნიმუშით 3 ეგზემპლარად და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი /იხ.ს.ფ. 138-140/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განჩინებით ც. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე დაასკვნა, რომ ც. ა.-ის მიერ ხარვეზი შევსებულ იქნა არასრულყოფილად, კერძოდ, მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარადგინა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფორმის ნიმუში, მაგრამ არ წარუდგენია სააპელაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები პროცესის მონაწილეთათვის გადასაგზავნად. ამდენად, სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 157-158/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებულ იქნა სრულყოფილად, რამდენადაც მას სააპელაციო საჩივრის ასლები ჰქონდა წარდგენილი ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების გამოტანამდე, ხოლო განჩინებაში მითითებული სასამართლოს დავალებები შესრულებულ იქნა სრულყოფილად, კერძოდ, მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი ნაბეჭდი სახით, დანართებითურთ /იხ.ს.ფ. 160-167/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ც. ა.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებდან ირკვევა, ც. ა.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი შევსებულ იქნა არასრულყოფილად, კერძოდ, მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში წარადგინა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფორმის ნიმუში 1 ეგზემპლარად, მაგრამ არ წარუდგენია სააპელაციო საჩივრის ნიმუშის და თანდართული მასალების ასლები პროცესის მონაწილეთათვის გადასაგზავნად, რამდენადაც მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის ნიმუშის ასლების წარდგენა საქმის მასალებით არ დასტურდება, მეტიც, მხარემ კერძო საჩივარში დაადასტურა, რომ სააპელაციო საჩივრის ასლები ჰქონდა წარდგენილი ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების გამოტანამდე, ხოლო განჩინებაში მითითებული სასამართლოს დავალებები შეასრულა სრულყოფილად, კერძოდ მან წარადგინა სააპელაციო საჩივრის ერთი ასლი ნაბეჭდი სახით დანართებითურთ, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესახებ განჩინებით მიცემულ მითითებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ა.-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ იქნა შესრულებული სრულყოფილად, კერძოდ, მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი ფორმის ნიმუშით 3 ეგზემპლარად პროცესის მონაწილე მხარეთათვის გადასაგზავნად, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება _ სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას _ სრულყოფილად მოახდინოს უფლების რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში ც. ა.-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სრულყოფილად, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ საპროცესო კანონის მიხედვით განსაზღვრული სახით, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად ც. ა.-ის სააპელაციო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ც. ა.-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.