ბს-673-645(კს-08) 18 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ა.-ი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1988 წლის 11 ივლისს ს. ა.-მა სარჩელი შეიტანა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოში ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის მიმართ, კომუნალური საცხოვრებელი სახლის პირად საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 1931 წელს მის მამას _ ბ. ა.-ს საფინანსო განყოფილებამ უკანონოდ ჩამოართვა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის ¹5 საცხოვრებელი სახლი და გადასცა საბინაო ტრესტს. ამასთან, 1931 წლიდან მოყოლებული მოსარჩელემ დაფარა ბ. ა.-ის ყველა ფულადი დავალიანება, ხოლო მოსარჩელის თხოვნაზე დაებრუნებინათ მისთვის აღნიშნული სახლი, საფინანსო განყოფილებამ უარი განაცხადა.
ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ა.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დარჩა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1990 წლის 27 ივლისის დადგენილებით გაუქმდა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდა.
1992 წლის 21 თებერვალს ს. ა.-მა კიდევ ერთხელ მიმართა სასარჩელო განცხადებით თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს, მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ ჩარიცხული სადავო სახლის კომუნალური ფონდიდან ამორიცხვა და ამავე სახლზე მისი მემკვიდრედ ცნობა. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ს. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 86 კვ.მ ფართის სადავო სახლთმფლობელობა _ 4 ოთახი, დამხმარე სათავსებით ამოირიცხა კომუნალური ფონდიდან და ს. ა.-ს აღუდგა ფართზე მემკვიდრეობის მიღების ვადა და ცნობილ იქნა სადავო ქონებაზე მემკვიდრედ. ხსენებული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1993 წლის 12 მარტის დადგენილებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
1992 წლის 13 ოქტომბერს ს. ა.-მა სარჩელი აღძრა მოპასუხეების _ ვ. ნ.-ისა და ა. ნ.-ის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ¹14 სანოტარო კანტორასა და ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო უბანზე და ზემოაღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულებების გაუქმება მოითხოვა. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინებით ს. ა.-ის სარჩელზე საქმის წარმოება კვლავ შეწყდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით.
1999 წლის 6 აპრილს გ. ა.-მა სასარჩელო განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ს. ა.-ისა და ა. ნ.-ის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ჩუღურეთის რაიონის სერვის ცენტრის უბან “ჩუღურეთის” ადმინისტრაციასა და ¹26 სანოტარო კანტორაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ჩუღურეთის ¹46 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ ვ. ნ.-თან 1992 წლის 16 ივლისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების, ასევე ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს ა. ნ.-თვის დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხეთა გამოსახლება პრივატიზებული ოთახებიდან.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ა.-ს, როგორც პოლიტრეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; გაუქმდა ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მოპასუხე ა. ნ.-თვის 24 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, აგრეთვე, 1992 წლის 16 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმებული ¹26 სანოტარო კანტორის მიერ, ვ. ნ.-თვის 15 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ; გ. ა.-ს უარი ეთქვა ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მემკვიდრე ს. ა.-ის გასახლებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მოპასუხეებმაც _ ს. ა.-ის წარმომადგენელმა ე. ნ.-მა და ა. ნ.-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს. ა.-ის წარმომადგენელ ე. ნ.-ისა და ა. ნ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება; გ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა, რომელმაც გასაჩივრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
2004 წლის 15 ივნისს გ. ა.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმთა პალატის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2004 წლის 15 ოქტომბერს გ. ა.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კიდევ ერთი განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და ამავე პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა იმავე გარემოებებზე, რაც პირველ განცხადებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
2005 წლის 26 დეკემბერს გ. ა.-მა კვლავ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ მას ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია _ წარადგინა შინაარსით იგივე განცხადება.
2007 წლის 18 ივლისს გ. ა.-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2007 წლის 16 ივლისის დადგენილებით საქმეზე შეწყდა წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. წინასწარი და დამატებითი ძიებით დადგენილ იქნა, რომ ნოტარიუს ა. შ.-ის მიერ ჩადენილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი სიყალბე, ვინაიდან არც პრივატიზაციის ხელშეკრულებას და არც ანდერძის გაფორმებას ვ. ნ.-ნი არ ესწრებოდა და არც ხელმოწერა არ შეუსრულებია მათზე, თუმცა ნოტარიუსი ა. შ.-ი ვერ იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტიდან გასული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო შეწყდა ასევე ძიება ყოფილი ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის თანამშრომელთა მიმართ, მათ მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, რამაც ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მიერ ბინების უკანონო პრივატიზაცია გამოიწვია.
ამდენად, განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ, როგორც წინასწარმა, ასევე დამატებითმა გამოძიებამ დაადგინა ყოფილი ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის თანამშრომელთა და ნოტარიუს ა. შ.-ის მიერ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, სამსახურებრივი სიყალბე, მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტების შედგენა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მიერ სადავო ბინების უკანონო პრივატიზაცია.
მოგვიანებით, გ. ა.-მა დაზუსტებული განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ს. ა.-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინება; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას, როგორც პოლიტრეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, გაუქმდა ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მოპასუხე ა. ნ.-თვის 24 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, აგრეთვე 1992 წლის 16 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმებული ¹26 სანოტარო კანტორის მიერ ვ. ნ.-თვის 15 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, თუმცა უარი ეთქვა ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მემკვიდრე ს. ა.-ის სადავო ფართიდან გასახლებაზე; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს. ა.-ის წარმომადგენელ ე. ნ.-ისა და ა. ნ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და გ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. გ. ა.-მა ასევე მოითხოვა 1992 წლის 21 ივლისის ¹26 სანოტარო კანტორაში ს. ა.-ზე გაცემული ანდერძის, 1992 წლის 16 ივლისს ვ. ნ.-ისა და იმავე წლის 7 აგვისტოს ა. ნ.-ის მიერ უკანონოდ განხორციელებული 15 კვ.მ სადავო ბინისა და 24 კვ.მ ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე მამამისის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და ქ. თბილისში, ...-ის ¹5-ში მდებარე სადავო ბინიდან ს. ა.-ისა და ა. ნ.-ის გამოსახლება.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 2007 წლის 16 ივლისის დადგენილებით, შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყოფილი ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის თანამშრომელთა მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და ნოტარიუს ა. შ.-ის მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამდენად, მოცემულ საქმეზე გაუქმებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება და განჩინება, რადგან ისინი მიღებულ იქნა კანონდარღვევით, ყალბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ა.-ი ითხოვდა 1992-2002 წლებში მიღებული სასამართლო აქტების გაუქმებას, რომლებიც კანონიერ ძალაში იყო შესული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით არ დაიშვებოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ა.-ის მიერ დასახელებული ზემოხსენებული სასამართლო აქტების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასული იყო 5 წელზე მეტი. განმცხადებლის სხვა მოთხოვნები კი წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნებს და მათი განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებით დაუშვებელი იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ. ა.-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ივლისის განჩინებით მისი განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში. ხსენებული განცხადების მიღების დროს სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ 5-წლიან ვადაზე და ვერც იმსჯელებდა, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ განჩინება მოცემულ საქმეზე გამოიტანა 2004 წლის 9 დეკემბერს, რომლითაც მისი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მას არ ჰქონდა დარღვეული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის პროკურატურის 2008 წლის გ.16.05.2008/50 წერილში აღნიშნული იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ჩუღურეთის რაიონის ¹46 საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 6 მაისს, გ. ა.-ის განცხადების საფუძველზე. დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ გ. ა.-ს ჩაჰბარდა 2007 წლის 16 ივლისს. აღნიშნული დადგენილება წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რადგან ხსენებული დადგენილებით დადასტურდა ყოფილი ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო სამსახურის თანამშრომელთა მიერ სიყალბის ჩადენის ფაქტები, რის საფუძველზეც გ. ა.-ს უკანონოდ ჩამოერთვა მისი კუთვნილი ბინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით გ. ა.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 18 სექტემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გ. ა.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მოცემული საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია შემდეგი გარემოებები: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. 2007 წლის 18 ივლისს გ. ა.-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. მოგვიანებით, გ. ა.-მა დაზუსტებული განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმება, რომლითაც ს. ა.-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინება; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას, როგორც პოლიტრეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, გაუქმდა ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მოპასუხე ა. ნ.-თვის 24 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, აგრეთვე 1992 წლის 16 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმებული ¹26 სანოტარო კანტორის მიერ ვ. ნ.-თვის 15 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, თუმცა უარი ეთქვა ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მემკვიდრე ს. ა.-ის სადავო ფართიდან გასახლებაზე; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს. ა.-ის წარმომადგენელ ე. ნ.-ისა და ა. ნ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და გ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. გ. ა.-მა ასევე მოითხოვა 1992 წლის 21 ივლისის ¹26 სანოტარო კანტორაში ს. ა.-ზე გაცემული ანდერძის, 1992 წლის 16 ივლისს ვ. ნ.-ისა და იმავე წლის 7 აგვისტოს ა. ნ.-ის მიერ უკანონოდ განხორციელებული 15 კვ.მ სადავო ბინისა და 24 კვ.მ ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულებების გაუქმება, ასევე მამამისის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და ქ. თბილისში, ...-ის ¹5-ში მდებარე სადავო ბინიდან ს. ა.-ისა და ა. ნ.-ის გამოსახლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ნორმის თანახმად, ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და განჩინებები გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების შესახებ, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლოს ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების ობიექტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადების ობიექტი ვერ იქნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება, ვინაიდან ხსენებული განჩინებით განუხილველი დარჩა მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამდენად, აღნიშნული განჩინებით მოხდა არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის წარმოება დამთავრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, რომლითაც გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადების ობიექტი შეიძლება იყოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. ა.-ის მოთხოვნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადის ათვლა 2002 წლის 11 სექტემბრიდან დაიწყო, ხოლო გ. ა.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისს მიმართა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში უკანონოა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 5-წლიანი ვადა დარღვეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადებაში მითითებულ სხვა მოთხოვნასთან _ ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინების გაუქმებასთან მიმართებაში, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება ს. ა.-ის სარჩელზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, საიდანაც გასული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების შეტანის 5-წლიანი ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებულია გადაწყვეტილება კანონიერია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადების სხვა მოთხოვნების დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან ხსენებული მოთხოვნები წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნებს და მათი განხილვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენებით დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს, აგრეთვე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა მისი განცხადების განუხილველად დატოვების უფლება მას შემდეგ, რაც მან ხსენებული განცხადება წარმოებაში მიიღო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ, იმის მიუხედავად, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ იგი თავად ვერ იმსჯელებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადების საფუძვლიანობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია ამ განცხადებაზე და ხანდაზმულობის მოტივით დატოვა იგი განუხილველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გ. ა.-ის განცხადების განხილვისას ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის ახალ რედაქციას (2006 წლის 13 ივლისისა და 2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებები), “ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ა.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ა.-ის განცხადების განუხილველად დატოვების ნაწილში და განცხადება ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.