Facebook Twitter

ბს-675-643(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს “დ-უ”

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 15 აგვისტოს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “დ-უმ” მოპასუხე გარდაბნის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (ს.ფ. 3-4).

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “დ-უს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 209-210).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “დ-უმ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 213-214).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს “დ-უს” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 26 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2006 წლის 21 მაისს, ანუ გადაწყვეტილების მიღებიდან 24 დღის შემდეგ, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა (ს.ფ. 217-218).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “დ-უმ” და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 26 აპრილს. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, რის გამოც არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მის მიერ კანონის აღნიშნული ნორმის დარღვევასთან დაკავშირებით (ს.ფ. 226-227).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “დ-უს” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება შპს “დ-უს” დირექტორ ვ. ბ-ს ჩაბარდა 2007 წლის 26 აპრილს (ს.ფ. 212). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მასვე გარდაბნის რაიონულ სასამართლოში შეტანილი აქვს 2007 წლის 21 მაისს (ს.ფ. 213-214).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 27 აპრილს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2007 წლის 10 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი. შესაბამისად, ამავე დღესვე _ 10 მაისს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უშვებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტს გაშვებული აქვს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს შპს “დ-უს” კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “დ-უს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინება;

3. შპს “დ-უს” სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.