¹ბს-676-644(კს-07) 20 სექტემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. გ.-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ტ. ჯ.-მ ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურისა და ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 20.11.02წ. ¹ 20/758 ბრძანებისა და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 04.12.02წ. ¹74 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 09.03.05წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. გ.-ა. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 20.11.02წ. ¹ 20/758 ბრძანება და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის 04.12.02წ. ¹74 ბრძანება. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. გ.-მ და ნ. გ.-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.07წ. განჩინებით ა. გ.-ს და ნ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გადაცილების გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. გ.-ს მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი 08.11.05წ. ჩააბარა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიას. 11.11.05წ. მიიღო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში ხარვეზი გამოასწორა და 16.11.05წ. სასამართლოს კანცელარიას სრულყოფილი სააპელაციო საჩივარი ჩააბარა. 05.12.05წ. სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო, ხოლო შემდეგ განუხილველად დატოვა ვადის გადაცილების გამო. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. დასაბუთებული გადაწყვეტილება ა. გ.-ს 31.10.05წ. ჩაჰბარდა(ს.ფ. 105). მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 18.11.05წ.(106). საქმის მასალებით არ დასტურდება საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის 08.11.05წ. შეტანა, საქალაქო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენა. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.05წ. განჩინება ხარვეზის შესახებ გამოტანილია ნ. გ.-ს მიერ აღძრულ სარჩელზე. მითითებული განჩინებით ა. გ.-ს სააპელაციო საჩივრზე ხარვეზი დადგენილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს თოთხმეტ დღეს. ამ ვადის გაგრძელება(აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15.03.05წ. გადაწყვეტილება ა. გ.-ს მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც იგი მართებულად იქნა სააპელაციო პალატის მიერ განუხილველად დატოვებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.07წ. განჩინება;
2. ა. გ.-ს დაეკისროს სახელმწიფოს ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.