ბს-684-656(კს-08) 29 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 04.04.08წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 27.03.07წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 27.03.07წ. გადაწყვეტილებით მ. და მ. გ-ების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო პალატის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. და მ. გ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ბინის საკომპენსაციო თანხის, 50 000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.10.07წ. განჩინებით უარი ეთქვათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. გ-ეს საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე. განცხადების ავტორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის საბიუჯეტო ორგანიზაცია და ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაკისრებული თანხების გადახდა მოპასუხის მიერ შესაძლებელი გახდება ამ მიზნებისათვის მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შემთხვევაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საბიუჯეტო თანხების, როგორც ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, ასევე მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს არა მხოლოდ დაინტერესებულ პირს, არამედ სამართალურთიერთობის მონაწილესაც, რომლის მიმართაც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული მესამე პირად. განცხადების ავტორის მითითებით, მართალია, ფინანსთა სამინისტრო საქმეში არ იყო ჩაბმული არც მხარედ და არც მესამე პირად, მაგრამ კანონიერ ძალაში შესულმა გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მისი მოვალეობები მოსარჩელის მიმართ, რაც იმაში გამოიხატა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრებიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფინანსთა სამინისტრო აქცია დაინტერესებულ მხარედ, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოეშვა უფლება, განცხადებით მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში. ამავე მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. 422.1 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად კი, რომლებსაც განმცხადებელი თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ: ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება, ასეთი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე და პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი უშვებს ისეთ შემთხვევას, რომ განცხადება შეიტანოს დაინტერესებულმა პირმა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარე ან პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება და არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას გასარკვევია, განცხადება შეტანილია თუ არა იმ პირის მიერ, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყო ფიზიკური პირის, მ. გ-ის სარჩელით, რომელმაც საბოლოოდ თავისი სარჩელის მოპასუხედ მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო მესამე პირებად _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა და თბილისის მერია და მოითხოვა მის სასარგებლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში სამოთახიანი ბინის შესაძენად 50000 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის _ 12233 აშშ დოლარისა და 6822.40 ლარის, მორალური ზიანის _ 100000 ევროს, ადვოკატის მომსახურებისათვის სადავო თანხის 4%-ის სოლიდარულად გადახდის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.06წ. საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოსარჩელედ იქნა ჩაბმული მ. გ-ე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებელი ითხოვდა, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.07.06წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მურმან და მარიამ გიორგაძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ბინის საკომპენსაციო თანხის, 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. განხილული დავის არსიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ განმცხადებლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კომპეტენციას განეკუთვნება საბიუჯეტო თანხების, როგორც ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, ასევე მის შემოსულობათა ოპერატიული მართვა, აღრიცხვა და ანგარიშგება და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციის, დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხის მიერ შესაძლებელი გახდება ამ მიზნებისათვის მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შემთხვევაში, განმცხადებელს იმ სამართალურთიერთობის მხარედ, რაზედაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებაა გამოტანილი, ან პირად, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, ვერ აქცევს, ანუ წარმოდგენილი განცხადება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ არის დასაშვები, ვინაიდან განმცხადებელი მიჩნეული ვერ იქნება ისეთ პირად, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარე ან რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და განცხადებაში მითითებული საფუძვლებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.07წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე არ არის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და თვლის, რომ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად სამინისტრო უნდა ჩართულიყო მესამე პირად, რადგან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 921 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოვალეებზე თანხებს გასცემს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მიცემული წინადადების რიგითობის მიხედვით. ამ ნორმის თანახმად თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებული თანხა უნდა გასცეს ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის ამ სამართალურთიერთობის მონაწილე. სსკ-ის 422.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე, იგი უფლებამოსილია მიმართლოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 28.01.05წ. მ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მესამე პირების: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ ვაკე-საბურთალოს რაიონში სამოთახიანი ბინის შესაძენად 50000 აშშ დოლარის, მატერიალური ზიანის – 12233 აშშ დოლარისა და 6822.40 ლარის, მორალური ზიანის _ 100000 ევროსა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული სადავო თანხის 4%-ის სოლიდარულად გადახდის დაკისრება. შესაბამისად, მ. გ-ეს (კრედიტორს) მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხე მხარის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მოვალის) მიმართ. ის გარემოება, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 921 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოვალეებზე თანხებს გასცემს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი აღსრულების შესახებ მიცემული წინადადების რიგითობის მიხედვით, ვერ იქცევა სსსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, მ. გ-ე სამართალურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და არა ფინანსთა სამინისტროსთან, ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშობა ერთმანეთთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფ სუბიექტებს შორის, მოსარჩელეს არ გააჩნდა მოთხოვნის უფლება ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს ასიგნებებს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა იყოს ჩართული მხარედ ყველა იმ პროცესში, რომელშიც მხარედ გამოდის ადმინისტრაციული ორგანო. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლი ქმნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააღსრულებო წარმოების და არა უშუალოდ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ მიჩნევის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმეზე წარმოების განახლების საფუძვლების არსებობას, რის გამოც განცხადებას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.05.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.