Facebook Twitter

ბს-685-653(კს-07) 11 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე

მომხსენებელი ნუგზარ სხირტლაძე

მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.10.04წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.10.04წ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისი დასწრების გარეშე. ინსპექცია წარმოადგენდა დავის მონაწილე მხარეს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ პროცესზე არ მოიწვია. განმცხადებელმა სსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.10.04წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.05.06წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის განცხადებას განესაზღვრა ხარვეზი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ 29.05.06წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის საფუძველზე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 01.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.10.04წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ორგანოები «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ სარჩელებზე და არა განცხადებებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.07წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა და აღნიშნა, რომ შპს «....» საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა, სადავო თანხის ბიუჯეტში დატოვების მიზნით მიმართა განხცადებით სასამართლოს. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება გამომდინარეობდა მისივე სარჩელის გამო წარმოებული საქმიდან, რის გამოც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «ლ» ქვეპუნქტის საფუძველზე თავისუფლდებოდა სახელმწიფოს ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.07წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი თავისი არსით კერძო საჩივრად იქნა მიჩნეული და როგორც კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის «უ» ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 07.08.06წ. ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების» პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეპარტამენტი წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამდენად, განმცხადებელი, ისევე როგორც მისი უფლებამონაცვლე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებული იყო კანონის საფუძველზე და უმართებულოა სააპელაციო პალატის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განცხადების განუხილველად დატოვება. საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 01.03.07წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის განცხადების დასაშვებობის ხელახლად განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 01.03.07წ. განჩინება;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დასაშვებობის ხელახლა განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.