¹ბს-686-654(კს-07) 12 სექტემბერი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე - თბილისის მერია;
შპს ,,დ.-ე”;
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მესამე პირე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამინისტრო;
საქართველოს ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 2 ივლისს შპს ,,დ.-მ” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მცხეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მცხეთის რაიონის გამგეობის 1999 წლის 15 ივლისის ¹138 დადგენილებისა და მათ საკუთრებაში არსებული 30337 კვ.მ მიწის ფართის საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისათვის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა. ასევე, მოითხოვა მათ საკუთრებაში არსებული მიწის ფართის საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მფლობელობიდან გამოთხოვა.
2002 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციული საქმის განსჯადობით განსახილველად მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმე განსჯადონის მიხედვით განსახილველად გადეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
2003 წლის 19 ივნისს საქართველოს სახელმწიფო აგრარულმა უნივერსიტეტმა შეგებებული სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის ¹10.53.629 დადგენილებისა და ქ. თბილისის ¹... რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს მოხდენილი ¹... რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.
2003 წლის 7 ივლისს მცხეთის რაიონის გამგეობამ შეგებებული სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მესაკუთრის უფლებების დაცვისა და იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებულ სარჩელში მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თბილისის ¹... რეგისტრატურა ჩართულ იქნა მესამე პირად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,დ.-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და მცხეთის რაიონის გამგეობის შეგებებული სარჩელები; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 მაისის დადგენილება ¹10/53.629 და თბილისის ¹... რეგისტრატურის მიერ 1999 წლის 6 სექტემბერს მოხდენილი ¹... რეგისტრაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,დ.-მ” და ქ. თბილისის მერიამ.
შპს ,,დ.-მ” მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეთათვის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის მერიამ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე – მცხეთის რაიონის გამგეობა შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობით.
აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება და მცხეთის რაიონის გამგეობის – როგორც სახელმწიფო მმართველობის ორგანოს სამართალმემკვიდრედ სახელმწიფოს (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს) განსაზღვრა.
2007 წლის 14 აგვისტოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კერძო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა – მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა რა კერძო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოებში კერძო საჩივრის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით რეგულირდება, მაგრამ აღნიშნული მუხლები კერძო საჩივარზე უარის თქმას ცალკე არ ითვალისწინებს, ამდენად, მასზე ანალოგიის წესით გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება კერძო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.