ბს-696-668(კს-08) 12 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი _ მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება
დავის საგანი _ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ნ-ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2007 წლის დეკემბერში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹1 დაწესებულების მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ საჯარო ინფორმაციის გაცემა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ნ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაი მიღების წინამძღვრების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის ადდგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით მ. ნ-ეს დაევალა კერძო საჩივრისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მინუშის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი სათანადო ასლების დარღვით; მასვე დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოედგინა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
მ. ნ-ემ 2008 წლის 30 ივლსს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარევზის ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტებმრის განჩინებით მ. ნ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.
მ. ნ-ემ 2008 წლის 29 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მ. ნ-ის მიერ წარმოდგენილია სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ¹....... ცნობა მ. ნ-ის 2008 წლის 25 ივლისს დარეგისტრირების თაობაზე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში საიდენტიფიკაციო კოდით ....... . ამ ცნობით არ ირკვევა, იღებს თუ არა მ. ნ-ე სარსებო შემწეობას. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ის მიერ მითითებული გარემოება, ვერ გახდება მისი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ვინაიდან მ. ნ-ემ კერძო საჩივრისათვის არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველას იქნეს დატოვებული მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.