Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-697-663(კს-07) 20 ნოემბერი, 2007 წელი

მიღების ადგილი ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2007 წლის 17 ივლისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-697-663(კს-07) ნ. კ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.2 და 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობა სააპელაციო სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები და არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, ასევე კერძო საჩივარში არ იყო ჩამოყალიბებული კერძო საჩივრის განაცხადი. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარც მონაწილეობს საქმეში.

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ ნ. კ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 34-35/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ ნ. კ-ს და მის წარმომადგენელს ა. კ-ეს გაეგზავნათ 2007 წლის 24 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინება ნ. კ-ის წარმომადგენელს ა. კ-ის დისშვილს ჩაჰბარდა 2007 წლის 27 ივლისს (იხ. ს.ფ. 38), ხოლო ნ. კ-თვის გაგზავნილ შეტყობინებაზე გაკეტებული მინაწერით არ დგინდებოდა შეტყობინების ჩამბარებელი პირის ვინაობა (იხ. ს.ფ. 41), რის გამოც კერძო საჩივრის ავტორსა და მის წარმომადგენელს განმეორებით გაეგზავნათ საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 24 ივლისის განჩინების ასლი 2007 წლის 18 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 42). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, ნ. კ-ის წარმომადგენელს ა. კ-ეს ჩაჰბარდა 2007 წლის 19 სექტემბერს, ხოლო ნ. კ-ს _ 2007 წლის 28 სექტემბერს /იხ. ს.ფ. 43-44/, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.