Facebook Twitter

¹ბს-700-672(კს-08) 16 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დაწრების გარაშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 აპრილს ნ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ვინაიდან ნ. მ-ე, როგორც ამხანაგობის წევრი და სახლის მაცხოვრებელი, ჩართული უნდა ყოფილიყო საქმის განხილვაში სავალდებულო წესით, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მის კანონიერ ინტერესებზე.

განმცხადებლის მოსაზრებით, პროცესის მონაწილე მხარედ (მესამე პირად) ამხანაგობა “....” ჩაბმა არის კანონის დარღვევა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, “ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს, ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.” აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობა ეს არის ხელშეკრულება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლების თანახმად, “მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.” აღნიშნული განმარტება გამორიცხავს სასამართლო პროცესში მხარედ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მონაწილეობას. განმცხადებლის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოერკვია ამხანაგობა “....” ყველა წევრის ვინაობა, ასევე იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არ იყვნენ ზემოაღნიშნული ამხანაგობის წევრები, მაგრამ ცხოვრობდნენ ან რეგისტრირებული იყვნენ აღნიშნულ მისამართზე და თითოეული მათგანი ჩაება საქმეში მესამე პირად იმდენად, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა მითითებული პირების კანონიერ ინტერესებზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2008 წლის 19 მარტს, როცა ჩაბმული იქნა მოპასუხედ მ. მ-ის, მ. ს-ის, ც. ხ-ას და სხვათა სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, მესამე პირი: ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა “....” და ჩაბარდა საქმის მასალები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვდა, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინებით ნ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წინამძღვრები. 422-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, რომელსაც განმცხადებელი თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ანუ, აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი უშვებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია, განცხადება შეიტანოს პირმა, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას გასარკვევია, განცხადება შეტანილია თუ არა იმ პირის მიერ, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირის განცხადებით. მხარეებად სასამართლოში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში საქმის წარმოება დაიწყო ფიზიკური პირების: მ. მ-ის, ჯ. ჯ-ის, მ. გ-ის, მ. ბ-ის, ზ. კ-ას, მ. ს-ის, გ. ჭ-ის, შ. შ-ის, ი. თ-ის, ი. მ-ის სარჩელით. მათ სარჩელზე მოპასუხედ მიუთითეს ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია და მოითხოვეს ქ. თბილისში, .... ქ. ¹28-ში მშენებლობის დაწყების ¹209 ნებართვის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა “.....” (რომლის წევრიც განცხადების თანახმად, განმცხადებელიცაა) და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.

საოლქო სასამართლომ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმულ მესამე პირად ჩართო ამხანაგობა “.....”, რომელზედაც, როგორც დამკვეთზე, გაცემული იყო სადაო მშენებლობის დაწყების ნებართვა და რომელიც წარმოადგენდა სადაო სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის უფლება-მოვალეობებზეც გავლენას ახდენდა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება. განმცხადებლის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოერკვია ამხანაგობის ყველა წევრის ვინაობა და თითოეული მათგანი ჩაება საქმეში მესამე პირებად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლოა, ვინაიდან განხილული დავის არსიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ განმცხადებელი ნ. მ-ე საქმეში მესამე პირად ჩართული ამხანაგობა “....”-ის წევრი და სახლის მაცხოვრებელია, მას იმ პირად, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება ვერ აქცევს. ამდენად, წარმოდგენილი განცხადება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დაუშვებლად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე, საჩივრის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების შემოწმებას, მოხდა თუ არა საქმის განხილვა მხარის მოწვევის გარეშე, რითიც შეიზღუდა მისი უფლება მოეხდინა საკუთარი საპროცესო უფლებების სრული რეალიზება. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს იმ საქმის მასალების ანალიზს, რომლის საფუძველზე მიღებული გადაწუვეტილების ბათილობასაც განმცხადებელი ითხოვს.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ფიზიკურმა პირებმა ჯ. ჯ-მა, მ. გ-ემ და სხვებმა სარჩელით მიმართეს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს თბილისში, ..... ქ. 28-ში მშენებლობის დაწყების ¹209 ნებართვის ბათილად ცნობა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის არქმშენინსპექციამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 ივლისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მე-3 პირად ჩაება ამხანაგობა ,,....”, ანუ ის პირი, რომელზეც გაცემული იყო სადავო მშენებლობის ნებართვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მე-3 პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა მოვალეობა.

ამდენად, უდავოა, რომ ამხანაგობა ,,....” უფლებები სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად იქნა რეალიზებული.

წინამდებარე კერძო საჩივრის ავტორი წარმოადგენს ,,.....” ამხანაგობის წევრს, რომელიც არამართებულად მიიჩნევს ,,ამხანაგობის” პროცესში მხარედ მოწვევას და თვლის, რომ ამხანაგობის წევრები, როგორც დაინტერესებული პირები, დამოუკიდებლად უნდა ყოფილიყვნენ მხარედ ჩაბმული.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოსაზრებები ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ განმარტებას.

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, ამხანაგობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად, რათა მათ იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად.

ამდენად, მართალია, ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ მხარედ გამოსვლის უფლება არა აქვთ იმ ორგანიზაციებს (გაერთიანებებს, კავშირებს), რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. მაგალითად, არარეგისტრირებული კავშირები ასევე არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, მაგრამ ისინი შესაძლოა სასამართლოში და სასამართლოს გარეთ წარმოდგენილი იყვნენ თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით. იგივე შეიძლება ითქვას ამხანაგობებზეც, რომელშიც წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთ-ერთ წევრს (მონაწილეს). კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულებით საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ამხანაგობის ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მე-3 პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.

იმის გათვალისწინებით, რომ ,,....” წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ის წარმოადგენდა ამხანაგობას მე-3 პირებთან ურთიერთობაში და იყო უფლებამოსილი ამხანაგობის სახელით გამოსულიყო სასამართლოში და დაეცვა ამხანაგობის თითოეული წევრის უფლებები. შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ პროცესზე მოწვეული იყო ამხანაგობა და არა მისი თითოეული წევრი ინდივიდუალურად, რითაც უხეშად დაირღვა წევრთა უფლებები, ემყარება საპროცესო და მატერიალური ნორმების არასწორ განმარტებას.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და თვლის, რომ განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.