ბს-701-673(კს-08) 5 ნოემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი _ მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გენერალური პროკურატურა
დავის საგანი _ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ნ-ემ 2007 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ მოსარჩელესათვის საჯარო ინფორმაციის გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის საჯარო ინფორმაციის სახით საქართველოს გენერალური პროკურორის, ქ. თბილისის პროკურატურისა და გორის რაიონული პროკურატურის თანამშრომელთა ვინაობის, მათი სამსახურებრივი მისამართების, ტელეფონებისა და ავტობიოგრაფიების გაცემის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ნ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ მ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით მ. ნ-ეს დაევალა კერძო საჩივრისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის მინუშის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი სათანადო ასლების დარღვით; მასვე დაევალა ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოედგინა კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი. კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეა პალატის 2008 წლის 3 ივლისის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მ. ნ-ეს ჩაბარდა პირადად 2008 წლის 23 ივლისს. 2008 წლის 30 ივლსს კერძო საჩივრის ავტორმა მ. ნ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარევზის ვადის გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 სექტებმრის განჩინებით მ. ნ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.
2008 წლის 29 სექტემბერს მ. ნ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
მ. ნ-ემ საკასაციო პალატაში წარმოადგინა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გორის რაიონული განყოფილების მიერ 2008 წლის 25 ივლისს გაცემული ¹....... ცნობა იმის შესახებ, რომ მ. ნ-ე 2008 წლის 25 ივლისს ნამდვილად დარეგისტრირდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში საიდენტიფიკაციო კოდით .......... . საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორ მ. ნ-ის მიერ მითითებული გარემოება, ვერ გახდება მისი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მ. ნ-ემ საკასაციო პალატას ვერ წარმოუდგინა საარსებო შემწეობის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ არ არსებობს სახელმწიფო ბჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველას იქნეს დატოვებული მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 მაისის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.