Facebook Twitter

ბს-708-674(კს-07) 2 აგვისტო, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი(მოსარჩელე) _ ლ. ღ-ა

მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

12.06.06წ. ლ. ღ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ ყველა იმ შეღავათის გავრცელება, რომელსაც “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებდა. შემდგომ მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მისი გარდაცვლილი მეუღლის ომის ვეტერანად აღიარება მოითხოვა(ს.ფ. 22, 32).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.06წ. განჩინებით სარჩელი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის წარმოება შეწყდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.06წ. განჩინებით ლ. ღ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.06წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.07წ. გადაწყვეტილებით ლ. ღ-ას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინებით ლ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეებისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, არც ერთი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადებულა. სააპელაციო პალატის აზრით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება უშვებს მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის 1-ლი ნაწილი კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავის დებულებების, მათ შორის საქმის განუხილველად დატოვების ამავე კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, არ ზღუდავს 29-ე თავის ნორმების, მათ შორის 275-ე მულის გამოყენების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში კი პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხიოლველად დატოვების ნორმატიულ საფუძველს სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ღ-ამ. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ წინასწარ წერილობით მიმართა სასამართლოს, რომელშიც მითითებული იყო, რომ მძიმე ეკონომიური გაჭირვების გამო ვერ მოახერხებდა სასამართლო პროცესზე დასწრებას და ითხოვდა მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილი იყო მისი დასწრების გარეშე განეხილა საქმე, ვინაიდან წერილობით მიმართა აღნიშნულის თაობაზე. ლ. ღ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ღ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული ლ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის ამ მოტივით განუხილველად დატოვებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის(დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებანი. ამ თავის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

როგორც აღინიშნა, ზემოთ დასახელებული დებულებანი ადმინისტრაციულ პროცესში არ გამოიყენება. შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის ადმინისტრაციულ დავებში გამოყენება, რადგან “დ” ქვეპუნქტი ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის XXVI თავის დებულებებს. ამდენად, არამართებულია მხარის გამოუცხადებლობის გამო ლ. ღ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. საქმის განუხილველად დატოვების კანონიერებას არ ადასტურებს სასკ-ის 27-ე მუხლი, ვინაიდან აპელანტი თავის ახსნა-განმარტებაში (ს.ფ. 85) ჯანმრთელობის და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ითხოვდა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი (სასკ-ის 3.2 მუხ., მე-4, მე-19 და

სხვ. მუხ.) განაპირობებს პროცესის დისპოზიციურობის საწყისების შეზღუდვას და სასამართლოს ვალდებულებას განიხილოს ადმინისტრაციული კატეგორიის საქმე მიუხედავად მხარეთა გამოუცხადებლობისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ღ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინება.

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის “მ1” ქვეპუნქტის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. ღ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.06.07წ. განჩინება;

2. ლ. ღ-ას სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.