Facebook Twitter

¹ბს-71-71(კს-08) 26 მარტი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირე – ფ. ზ.-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2003 წლის 1 ივლისს ა. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მარნეულის რაიონის გამგეობის, მიწის მართვის სამსახურისა და მესამე პირის – ფ. ზ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მარნეულის რაიონის გამგეობის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹15/1 დადგენილების ბათილად ცნობა და მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებების აღდგენა.

იმავე წლის 18 ივლისს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ასევე მესამე პირმა – ფ. ზ.-მ, რომელმაც მოითხოვა საქმის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა და მარნეულის საკადასტრო რეესტრში ¹... ჩანაწერის, ა. ბ.-თვის 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვის თაობაზე გაუქმება და ასევე 80 კვ.მ მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ბ.-ს საკუთრებაში გადაეცა მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, სარაიონთაშორისო საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც მას საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა 1999 წლის 27 დეკემბერს; ა. ბ.-ს უარი ეთქვა 2002 წლის 31 დეკემბრის დადგენილების გაუქმებაზე; ფ. ზ.-ს საკუთრებაში გადაეცა 80 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, სარაიონთაშორისო საავადმყოფოს მიდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ.-ის 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გვერდით ქ. მარენულის მხარეს;Fფ. ზ.-ს დამოუკიდებელ სარჩელზე მარენულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 22 ნოემბრის ¹11/25 დადგენილების ყალბად ცნობისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგის გაუქმებაზე ეთქვა უარი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ.-მ, მარნეულის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და მარნეულის რაიონის გამგეობამ.

აპელანტი – ა. ბ.-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო განცხადება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

აპელანტები - მარნეულის რაიონის გამგეობა და მარნეულის მიწის მართვის სამმართველო სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 იანვრის განჩინებით ა. ბ.-ის, მარნეულის რაიონის გამგეობისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის (მარნეულის მიწის მართვის სამმართველოს) სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მარნეულის რაიონულ სასამართლოს.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; ფ. ზ.-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 1999 წლის 27 დეკემბრის ჩანაწერი ¹... ა. ბ.-ის სახელზე 300 კვ.მ მიწის ფართობის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე და მესამე პირს – ფ. ზ.-ს გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში 80 კვ.მ მიწის ფართობი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ.-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ფ. ზ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ხანდაზმულობის მოტივით და მარნეულის რაიონის 2003 წლის 20 დეკემბრის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, 2002 წლის 31 დეკემბრის ¹15/1 დადგენილების, მისგან გამომდინარე შედეგებით, ბათილად ცნობასა და 2003 წლის 10 იანვარს ფ. ზ.-ზე გაცემული საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ¹31829 გაუქმებას.

2007 წლის 21 ნოემბერს ა. ბ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც მიუთითა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაერკვა სადავო საკითხში და წერილობით განუმარტა მას, რომ მის მიმართ გამგეობას არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა განაცხადა, რომ სააპელაციო საჩივრის შემდგომმა განხილვამ მისთვის ინტერესი დაკარგა და შესაბამისად, უარს ამბობს მასზე. მითითებული მოთხოვნა ა. ბ.-მ დაადასტურა ასევე 2007 წლის 26 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ა. ბ.-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ხოლო 272-ე მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე უარი წარმოადგენს, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ა. ბ.-ის კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საპროცესო სამართალწარმოების პრინციპებზე და განმარტავს, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეფუძნება მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეები თავისუფლად განკარგავენ თავიანთ მატერიალურ და საპროცესო უფლებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტია, ამდენად, რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა, აღნიშნულს ყოველთვის უკავშირდება სასამართლოს მხრიდან საქმის წარმოების შეწყვეტა.

საქმეში, ს.ფ. 127-ზე, წარმოდგენილია ა. ბ.-ის განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული მოთხოვნა მისი მხრიდან დადასტურებულია ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ განცხადება დაწერილია მის მიერ, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი აჩქარდა და ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ფ. ზ.-ის მოთხოვნაზე, აღნიშნული ვერ იქცევა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას საპროცესო კოდექსის ნორმები არ დაურღვევია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებით, ხოლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, მითითებული მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმას კანონმდებელი უკავშირებს გარკვეულ შედეგს_ _აპელანტს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ" პუნქტის ანალოგიით წყვეტს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოებას, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულადაა დაცული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებაში წარმოდგენილი არ არის სამართლებრივი საფუძველი, რაც შეიძლება იქცეს საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე განჩინების გაუქმების მოტივად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივარს მიიჩნევს დაუსაბუთებლად და თვლის, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.