Facebook Twitter

ბს-727-699(კს-08) 23 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ.-ი, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, ქ. ბათუმის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. გ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ბ. ბ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ...-ს ქ. ¹55-ში არსებულ სახლთმფლობელობაზე საზიარო უფლების გაუქმება და მათ შორის სასაზღვრო მიჯნით აგება (იხ.ს.ფ. 1).

საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ბ. ბ.-ის მიერ წარდგენილ იქნა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მხარემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შენობის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულება (იხ.ს.ფ. 20).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა ბ. ბ.-ის შეგებებული სარჩელი (იხ.ს.ფ. 30-35, ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 41-43, ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის განჩინებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა წარედგინა სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეცაა საქმეში, ხოლო ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ვადა – განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ს.ფ. 46-47, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე დაასკვნა, რომ მ. გ.-ს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აპრილს, ხოლო ხარვეზი მხარემ შეავსო საპროცესო ვადის დარღვევით, კერძოდ, ხარვეზის შევსების შესახებ მასალები ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გაიგზავნა 2008 წლის 15 აპრილს (იხ.ს.ფ. 63). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 63-ე, 268.5 მუხლების გამოყენების საფუძველზე მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად (იხ.ს.ფ. 64-66, ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ.-მ, რომელმაც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შესახებ მას ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თანდართული მასალებით მის მიერ ფოსტას ჩაბარდა 2008 წლის 15 აპრილს, 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით, რამდენადაც, სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2008 წლის 5 აპრილს და დამთავრდა 2008 წლის 15 აპრილს, ამდენად სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას (იხ.ს.ფ. 71-72).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის მითითების შესახებ მხარეს მ. გ.-ს ჩაჰბარდა 2008 წლის 4 აპრილს (იხ.ს.ფ. 50), რასაც თავად მხარეც ადასტურებს კერძო საჩივარში, ხოლო ხარვეზის შევსების შესახებ მასალები სააპელაციო სასამართლოში გაგზავნილ იქნა 2008 წლის 15 აპრილს ფოსტის მეშვეობით (იხ.ს.ფ. 63).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ.-ის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით მხარისათვის განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა, რამდენადაც სსსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2008 წლის 5 აპრილს და დამთავრდა 2008 წლის 14 აპრილს, მაშინ, როცა მხარემ საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა 2008 წლის 15 აპრილს, რასაც თავად მხარე არ უარყოფს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მ. გ.-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.