Facebook Twitter

ბს-732-698(კს-07) 8 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ პ. ბ-ე, წარმომადგენელი რ. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ 1. შპს “ს-ა”; 2. ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 26 სექტემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ბ-ემ მოპასუხე შპს “ს-ის” მიმართ 2001 წლის 3 ივნისს სარკინიგზო სატრანსპორტო შემთხვევის გამო ოჯახის მარჩენალის შრომის უნარის დაკარგვის გამო მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 3 ოქტომბერს მის მეუღლეს _ პ. ბ-ეს ქ. თბილისში, ......... უბანში, სარკინიგზო მაგისტრალზე გადასვლისას დაეჯახა ელმავალი, რომლის გამოჩენა მოულოდნელი იყო, რადგან საყვირის ხმა არ გაუგონიათ. დამტვრეული მეუღლე მოსარჩელემ მიიყვანა ბინაში, ხოლო 22 საათისთვის რკინიგზის პოლიციის თანამშრომლების მიერ პ. ბ-ე გადაყვანილ იქნა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში. მოსარჩელემ მოიხოვა ზარალის ანაზღაურება 15000 ლარის ოდენობით, ხოლო შრომის უნარის დაკარგვის გამო ყოველთვიური პენსია ან დახმარება 200 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-3).

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე მ. ბ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ პ. ბ-ით (ს.ფ. 64). მოსარჩელემ სასამართლოზე საქმის განხილვისას მოითხოვა თანამოპასუხედ თვითმმართველობის ორგანოს _ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ჩართვა, ვინაიდან, რომ არა ხსენებული სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ობიექტის, სარკინიგზო ლიანდაგის ქვეშა გასასვლელის გაუმართაობა, სარკინიგზო სატრანსპორტო შემთხვევა არ დადგებოდა. ხსენებული ორგანიზაცია რაიონულმა სასამართლომ ჩართო თანამოპასუხედ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ შპს “ს-ას” და ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს სოლიდარულად დაეკისრათ 4300 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (ს.ფ. 91-96).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეთა მიერ გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომელმაც 2003 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს (ს.ფ. 97; 102-104; 152-158).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 248-251).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. პ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით პ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 263-270).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო პ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რ. პ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადება (ს.ფ. 283-285) ვერ ჩაითვლებოდა ხარვეზის გამოსწორებად, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმომადგენელმა გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, გასაჩივრების უფლებამოსილება აუცილებელია, აღინიშნოს პირის მიერ გაცემულ მინდობილობაში, რაც რ. პ-ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

რაც შეეხებოდა იმ ფაქტს, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა მოსარჩელის ძმას და არა თვით მოსარჩელეს, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი არ დახვდება სახლში სასამართლო შეტყობინების დამტარებელს, სასამართლოს შეტყობინება ჩაბარდება სახლში მყოფ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა ადრესატს 2007 წლის 21 ივნისს. მოსარჩელის ძმისთვის ხარვეზის განჩინების ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული შვიდდღიანი ვადა კი გავიდა 2007 წლის 28 ივნისს (ს.ფ. 291-292).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. ბ-ის წარმომადგენელმა რ. პ-ემ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ პ. ბ-ის მისამართზე გაგზავნის ნაცვლად გაიგზავნა მისი ძმის მისამართზე. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისას. პირველი ინსტანციის სასამართლოში კი, მოსამართლე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება ამ სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო საჩივარი აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 28 თებერვალს. აქედან გამომდინარე, 12 აპრილს, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების გამოტანა ეწინააღმდეგება ზემომითითებულ ნორმებს.

ხარვეზის შევსების Aშესახებ განცხადება ემყარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში კი აღნიშნულია, რომ ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარმოადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი _ მინდობილობა ან ორდერი. ამდენად, სასამართლოს ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო ყველა დოკუმენტი დროულად წარედგინა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული (ს.ფ. 294-296).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ბ-ის წარმომადგენელ რ. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით პ. ბ-ის წარმომადგენელ რ. პ-ეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, ადვოკატთა ტესტირების გავლისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების მიმნიჭებელი დოკუმენტის წარდგენა (ს.ფ. 273-274). აღნიშნული განჩინება პ. ბ-ის წარმომადგენელ რ. პ-ეს ჩაბარდა 2007 წლის 10 მაისს (ს.ფ. 282). 2007 წლის 14 მაისს, სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დანიშნულ ვადაში, წარმომადგენელმა რ. პ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განცხადებას თან ერთვოდა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი საბუთი, ხელშეკრულება, რომლითაც რ. პ-ე ვალდებული იყო დაეცვა პ. ბ-ის ინტერესები სამივე ინსტანციის სასამართლოში და ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირ “ ...... ” მიერ რ. პ-ზე გაცემული ორდერი (ს.ფ. 283-285).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმომადგენელ რ. პ-ის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება და ორდერი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალურ უფლებამოსილებას, რამდენადაც კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის, სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის სრულად გამოსწორება მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, რამდენადაც ამ შემთხვევაში სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ ასევე გაეგზავნა მხარესაც _ პ. ბ-ეს მის მიერ დასახელებულ მისამართზე (ს.ფ. 194, 279). საქმეში არ არსებობს პ. ბ-ის განცხადება, რომლითაც იგი სასამართლოს სთხოვდეს, აღნიშნულ მისამართზე არ გაეგზავნოს კორესპონდენცია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პ. ბ-თვის აღნიშნულ მისამართზე გაგზავნილი განჩინების ასლი ჩაბარდა მის ძმას _ ი. ბ-ეს (ს.ფ. 290), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ითვლება გზავნილის ჩაბარებად. ის გარემოება, რომ პ. ბ-ის მიერ მითითებულ აღნიშნულ მისამართზე არსებული საცხოვრებელი ბინა მისი ძმისაა, არ შეიძლება შეფასდეს განჩინების არასწორ მისამართზე გაგზავნად.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღების შესახებ განჩინების გამოტანის 5-დღიანი ვადა არ გამოიყენება, ამავე კოდექსის 374-ე მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში. საქმეში არსებული მიმართვის ფურცლიდან (ს.ფ. 272) დგინდება, რომ ზემოაღნიშნული საქმე პ. ბ-ის წარმომადგენელ რ. პ-ის სააპელაციო საჩივრით განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადაეცა 2007 წლის 5 აპრილს, სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ კი მიღებულ იქნა 2007 წლის 12 აპრილს, კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა განუხილველად დატოვებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს პ. ბ-ის კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.