Facebook Twitter

¹ბს-733-699(2კს-07) 12 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია

თავდაპირველი მოსარჩელე – სს ,,ს.-ი”

სარჩელზე მოპასუხეები – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 6 თებერვალს სს ,,ს.-ის” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათლად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ¹0113-045452(2006-12-29) გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხებოდა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹27-ში მდებარე კერძო საკუთრებად გამოცხადებული 14 895,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისის მერია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.-ების” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.-მ”.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

2007 წლის 14 ივნისს სს ,,ს.-მ” განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა კანონით დადგენილი წესით აღრიცხა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში და აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიერ შემოტანილ სააპელაციო საჩივარს დაეკარგა აზრი, რის გამოც ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის განუხილველად დატოვებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინებით სს ,,ს.-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და განუხილველად დარჩა სს ,,ს.-ის” სარჩელი მოსარჩელის მიერ მისი გამოხმობის გამო.

მითითებული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებასა და სს ,,ს.-ის” სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლებას.

2007 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისის მერიამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ მოტივით, რომ უარს აცხადებდა კერძო საჩივარზე.

საქართველოს უზენასი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს საქმის წარმოება ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომელთა შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა – ქ. თბილისის მერიამ უარი განაცხადა რა კერძო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოებში კერძო საჩივრის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლებით რეგულირდება, მაგრამ აღნიშნული მუხლები კერძო საჩივარზე უარის თქმას ცალკე არ ითვალისწინებს, ამდენად, მასზე ანალოგიის წესით გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე, 399-ე, 378-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიის განცხადება კერძო საჩივრის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ მას სასამართლოს განჩინების კერძო საჩივრით კვლავ გასაჩივრების უფლება აღარ აქვს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.