ბს-752-718(კს-07) 11 ოქტომბერი,2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ინდმეწარმე ა. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.06.07წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ინდმეწარმე ა. მ-მა თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და თელავის საგადასახადო ინსპექციის 24.10.06წ. ¹667 საგადასახადო მოთხოვნისა და ამავე ინსპექციის 10.10.06წ. ¹1022 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ შესაგებელი საგადასახადო ორგანოში 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა, რის გამოც მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო. მოპასუხემ სარჩელის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 24.04.07წ. გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ მხარეებს განუმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, რომელშიც შესაძლებელი იყო მისი გასაჩივრება, გასაჩივრების ვადა და წესი. თელავის რაიონული სასამართლოს 24.04.07წ. გადაწყვეტილება ა. მ-ს პირადად ჩაჰბარდა 2007 წლის 10 მაისს. სააპელაციო საჩივარი მოსარჩელემ ფოსტას გადასცა 2007 წლის 28 მაისს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს გაცდენილი ჰქონდა სააპელაციო პალატისათვის მიმართვის 14 დღიანი ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა(ს.ფ. 109-111).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-მა და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს გზავნილი თელავის სახალხო ფოსტას ჩაჰბარდა 2007 წლის 10 მაისს და ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ აღნიშნული გზავნილი მას მეორე დღეს, 11 მაისს გადასცემოდა. ა. მ-ის განცხადებით, გზავნილი 2007 წლის 15 მაისს გადაეცა, რასაც ადასტურებდა სახალხო ფოსტის საგარეჯოს ფილიალის 16.07.07წ. ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ინდმეწარმე ა. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, ინდმეწარმე ა. მ-ს თელავის რაიონული სასამართლოს 24.04.07წ. გადაწყვეტილება 10.05.07წ. გაეგზავნა (ს.ფ. 95). საქმეში დაცულია აღნიშნული გზავნილის გადაცემის დასტური, რომელიც ხელმოწერილია ადრესატის მიერ, თუმცა მასზე თარიღი მითითებული არ არის. დასტურზე გამოსახულია სახალხო ფოსტის ბეჭედი, რომელზეც გარკვევითაა აღბეჭდილი თარიღი _ 10.05.07წ. მითითებულ თარიღს საკასაციო პალატა არ მიიჩნევს ადრესატისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად, ვინაიდან ს.ფ. 98-ზე დაცული გზავნილის მიხედვით, სწორედ ამ დღეს გადაეცა გზავნილი სახალხო ფოსტას ქ. თელავში, ხოლო ს.ფ. 98-ზე დაცულ დასტურზე მითითებულია ასევე ქ. თელავიდან ქ. საგარეჯოში გაგზავნის თარიღი _ 10.05.07. აღნიშნულიდან გამომდინარე, 10.05.07წ. თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის გადაწყვეტილების ფოსტის საშუალებით გაგზავნის თარიღს წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სახალხო ფოსტის საგარეჯოს ფილიალის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გზავნილი ¹21/11 ფილიალმა მიიღო 2007 წლის 14 მაისს, ხოლო ადრესატს 15 მაისს გადასცა(ს.ფ. 115). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრით ინდმეწარმე ა. მ-მა სასამართლოს 2007 წლის 28 მაისს მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს ინდმეწარმე ა. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 11.06.07წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდმეწარმე ა. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.07წ. განჩინება;
2. საქმე ინდმეწარმე ა. მ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.