ბს-756-722(კს-07) 31 ივლისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართეს ვ. თ-მ, ლ. ს-მ, დ. გ-მ და ნატო ჭ-მ მოპასუხეების _ სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹577 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის წესდების, საშტატო განრიგისა და ამავე ინსტიტუტის დირექტორის 2006 წლის 25 ივლისის ¹28 ბრძანების ბათილად ცნობა. იმავდროულად მოსარჩელეებმა მოითხოვეს აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერება (ს.ფ. 3-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-ის, დ. გ-ის, ნ. ჭ-სა და ვ. თ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის წესდების, საშტატო განრიგისა და ¹28 ბრძანების მოქმედება არ შეჩერდა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინება დ. გ-ს ჩაბარდა 2006 წლის 26 სექტემბერს (ს.ფ. 60). აღნიშნულ განჩინებაზე მან თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 10 ოქტომბერს (ს.ფ. 134-141).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესით კერძო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2006 წლის 27 სექტემბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დასრულდა 2006 წლის 9 ოქტომბერს _ 12-დღიანი ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე, მაშინ როცა კერძო საჩივრით სამართალწარმოება მხარემ დაიწყო მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, დ. გ-ე კერძო საჩივრის სამართალწარმოების კანონით რეგლამენტირებულ ვადას გასცდა და სასამართლოს უფლებამოსილება კერძო საჩივრის განსახილველად მიღებისათვის შეიზღუდა მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო (ს.ფ. 176-178).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით გასწორდა ზემოაღნიშნული განჩინების თარიღში დაშვებული უსწორობა და განჩინებაში თარიღად ნაცვლად 2007 წლის 29 ნოემბრისა მითითებულ იქნა 2006 წლის 29 ნოემბერი.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის სხვა შემადგენლობისათვის განსახილველად გადაცემა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის თარიღად არასწორად მიუთითა 2007 წლის 29 ნოემბერი. საეჭვოა, რომ აღნიშნული ყოფილიყო მხოლოდ მექანიკური ხასიათის შეცდომა. ამ შემთხვევაში არასწორია არა მარტო განჩინების მიღების წელი, არამედ თვეც, რამდენადაც კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში მან წარადგინა 2006 წლის 15 დეკემბერს (ს.ფ. 179).
მართალია, კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2006 წლის 10 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნული გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ავადმყოფობის გამო კერძო საჩივარი გაატანა სხვას, ამ უკანასკნელმა კი დროულად ვერ უზრუნველყო კერძო საჩივრის სასამართლოსთვის ჩაბარება იმ მიზეზით, რომ განჩინებაში სრულყოფილად არ იყო მითითებული ზემდგომი სასამართლოს ადგილმდებარეობა (ს.ფ. 211-212).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო საჩივრით გასაჩივრებას ექვემდებარება არა ყველა, არამედ სასამართლოს მხოლოდ ის განჩინება, რომელთა მსგავსი წესით გასაჩივრების უფლებას კანონმდებელი მხარეს პირდაპირ ანიჭებს.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი წესრიგდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე თავით (“კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი”) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რომლებიც სპეციალურ ნორმებს წარმოადგენს კერძო საჩივართან მიმართებაში, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინება, როგორც კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული, კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.