Facebook Twitter
¹ბს-7-7(კს-07) 6 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებლები) _ ნ. ხ-ი, ნ. ო-ი და ნ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ნ. და ვ. ბ-ები, დ. ე-ე

მოპასუხეები _ შპს “თ-ი”, ამხანაგობა “ღ-ე”, ნ. მ-ი, ა. ჩ-ე, ნ. ხ-ი, ლ. ყ-ი, დ. ნ-ე, გ. შ-ი, ი. დ-ე, გ. ბ-ი, ლ. კ-ი, თ. კ-ი, ზ. ვ-ი, ი. ი-ე

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 12 სექტემბერს ნ. ხ-მა, ნ. ო-მა და ნ. ფ-მა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება შენობის დემონტაჟის ნაწილში და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის არქმშენინსპექციისა და მესამე პირების _ ნ. და ვ. ბ-ების სააპელაციო საჩივარი, ნ. ხ-ის, ზ. ვ-ისა და სხვათა შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და მითითებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე დაკმაყოფილდა მესამე პირების სარჩელი და შპს “თ-ს”, ამხანაგობა “ღ-ეს” და ფიზიკურ პირებს _ ნ. ხ-ს, ზ. ვ-ს, ნ. მ-ს, ა. ჩ-ეს, თ. კ-ს, ნ. ხ-ს, ლ. ყ-ს, ნ. ფ-ს, გ. ბ-ს, დ. ნ-ეს, ი. ი-ეს, ი. დ-ეს, ლ. კ-ს, მ. შ-ს, ნ. ო-ს დაევალათ ქ. თბილისში, ........ ქ. ¹4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2001 წლის 17 დეკემბრის ¹20/206 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. მხარეებს მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობების დანგრევის განხორციელება დაევალათ საკუთარი ხარჯებით.
განმცხადებლების მითითებით, სასამართლო განხილვის დროს არ ჩატარებულა ექსპერტიზა იმ საკითხის გასარკვევად, ხომ არ გამოიწვევდა გადაწყვეტილებაში მითითებული გადაკეთებები ........ ქ. ¹4-სა და ¹2ა-ში მდებარე ბინების ავარიულ მდგომარეობას, რომელთაც ერთი საერთო ფუნდამენტი და საყრდენი კედელი გააჩნიათ. განმცხადებლის მითითებით, ყველა სამშენებლო ორგანიზაციამ ამგვარ გადაკეთებებზე განაცხადა უარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მიმართეს სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტს. ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეუწონელია ......... ქ. ¹4-ში მდებარე სახლის ამგვარი დემონტაჟი. დასკვნის თანახმად, დემონტაჟი საცხოვრებელ სახლებს ჩააყენებს ავარიულ სიტუაციაში, ამასთან, ნგრევითი სამუშაოების ჩატარება გაუმართლებელია მობინადრეთა უსაფრთხოების გათვალისწინებით, ასევე შეუძლებელია დემონტაჟისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
განმცხადებელთა მოსაზრებით, სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 2006 წლის 8 სექტემბრის დასკვნა წარმოადგენს სსსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
განმცხადებლების მითითებით, სსსკ-ის 424.1 მუხლის შესაბამისად, განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია. ასევე, დაცულია სსსკ-ის 426.1 მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის ვადა (იხ. ს.ფ. 1-5).
ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადება არ ცნეს მესამე პირებმა _ ნ. და ვ. ბ-ებმა შემდეგი მოტივით:
შეპასუხების ავტორთა მოსაზრებით, განმცხადებელთა მოთხოვნა არ შეესაბამება სსსკ-ის 423-ე მუხლის მოთხოვნას და განმცხადებელთა მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლის წარდგენაც მათ არ შეეძლოთ საქმის განხილვის დროს.
შეპასუხების ავტორთა მითითებით, წარმოდგენილი დასკვნა ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან მისი წარმოდგენა მოპასუხეებს შეეძლოთ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, წარმოდგენილ დასკვნაში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდები, რომელიც არავითარ გაანგარიშებას არ ემყარება.
შეპასუხების ავტორებმა არ გაიზიარეს განმცხადებელთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მიმართეს სამშენებლო ორგანიზაციებს შენობის გადაკეთების თაობაზე. შეპასუხების ავტორთა მითითებით, მშენებლობას აწარმოებდა რა შპს “თ-ი”, რომელიც საქმეში მოპასუხეს წარმოადგენდა, მის წარმომადგენელს სასარჩელო მოთხოვნის აღსრულების შეუძლებლობის შესახებ შეეძლო განეცხადებინა საქმის განხილვის დროსაც. ამასთან, შეპასუხების ავტორთა მითითებით, მოსარჩელეებმა საქმის პირველ ინსტანციაში განხილვისას მოითხოვეს ექსპერტიზის დანიშვნა, მაგრამ არ დაუსვამთ ექსპერტიზისათვის შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა სასარჩელო მოთხოვნის აღსრულება.
ამდენად, შეპასუხების ავტორთა მოსაზრებით, განმცხადებლებს საქმის განხილვის დროსაც შეეძლოთ წარედგინათ ინსტიტუტის დასკვნა. გარდა აღნიშნულისა, შეპასუხების ავტორთა მითითებით, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონის 6.3 მუხლის თანახმად, სასამართლო არქმშენინსპექციის ოქმის საფუძველზე წყვეტს დარღვევის, დარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორების ვალდებულების დაკისრებისა და კანონმდებლობის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის საკითხს და მითითებული კანონი არ უთითებს, რომ არქმშენინსპექციის მოთხოვნასთან ერთად საჭირო იყო ექსპერტიზის დასკვნაც. მითითებული კანონის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა სახელმწიფოს მიერ მხოლოდ არქმშენინსპექციას ჰქონდა დავალებული (იხ. ს.ფ. 25-28).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადება განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე მიემართათ ზავრიევის ინსტიტუტისათვის იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაადწყვეტილების აღსრულება, რაც მათ არ გაუკეთებიათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამის საჭიროება არ იარსებებდა, თუ ამხანაგობა და თავად განმცხადებლები აღასრულებდნენ სასამართლო განჩინებებს და საქმის განხილვის დროს არ გააგრძელებდნენ უკანონო მშენებლობას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, თუმცა მხარეებს არ დაუსვამთ შეკითხვა ექსპერტიზის წინაშე, შესაძლებელი იყო თუ არა სასარჩელო მოთხოვნის აღსრულება მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ზავრიევის ინსტიტუტის წერილი ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან მასში გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდები, რომლებიც არანაირ სერიოზულ გაანგარიშებებს არ ემყარება და ზავრიევის ინსტიტუტის თანამშრომელთა ვარაუდები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიზანშეუწონლობის შესახებ ვერ შეცვლის “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონის 6.3 მუხლის დანაწესს (იხ. ს.ფ. 38-40).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ხ-მა, ნ. ო-მა და ნ. ფ-მა და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმება და განცხადების წარმოებაში მიღება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორებმა არ გაიზიარეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ინსტიტუტისათვის მიემართათ საქმის განხილვის დროსაც, რადგან პრობლემა წარმოიშვა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. არქმშენინსპექციას არ წარუდგენია დასკვნა იმის შესახებ, მოხდებოდა თუ არა ასეთი დემონტაჟი შენობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებად უნდა ჩაითვალოს ინსტიტუტის დასკვნა.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ მომხდარა მათი ბრალით, რადგან წინააღმდეგობა წარმოიშვა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორებმა უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნიეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-52; 64-67).
ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ ცნეს მესამე პირებმა _ ნ. და ვ. ბ-ებმა და შეპასუხებით მოითხოვეს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 95-98).


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 393-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ამასთან იგი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის განცხადების დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან სსსკ-ის 423.3 მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება სსსკ-ის 423.1 “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორებს ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული საფუძვლის წარდგენა შეეძლოთ საქმის განხილვის სტადიაზეც, კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორებს შეეძლოთ ევარაუდათ საქმის განხილვის სტადიაზეც, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში წარმოიშობოდა გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ანუ საქმის განხილვის სტადიაზეც შეეძლოთ კერძო საჩივრის ავტორებს მიემართათ სსიპ კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტისათვის ქ. თბილისში, .......... ქ. ¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის პირობებში შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის შესახებ, რაც მათ არ გაუკეთებიათ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება წარმოიშვა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, რადგან კერძო საჩივრის ავტორებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, საქმის განხილვის სტადიაზე გაერკვიათ ასეთი გარემოებების არსებობის შესაძლებლობის შესახებ, რადგან შეეძლოთ ევარაუდათ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში დღის წესრიგში დადგებოდა შენობის დემონტაჟის საკითხი და შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდათ გაერკვიათ შენობის ტექნიკური მდგომარეობა იძლეოდა თუ არა აღსრულებასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების საქმის განხილვის სტადიაზე წარუდგენლობა არ იყო გამოწვეული მათი ბრალით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი აღნიშნულთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია და ამგვარ არგუმენტს, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ ამყარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითება იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გახდა მათთვის ცნობილი აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის, ნ. ო-ისა და ნ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.