Facebook Twitter

¹ბს-775-741(კს-06) 19 თებერვალი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თე., ე., ჯ., ს., თა. ხ-ისა და ნ. ჯ-ის წარმომადგენელი ა. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქობულეთის რაიონის გამგეობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

მესამე პირი ­_ სოფელ ........ გამგეობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ დაზუსტებული სარჩელის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 29 ივნისს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თე., ე., ჯ., ს., თა. ხ-ისა და ნ. ჯ-ის წარმომადგენელმა ა. ბ-ემ მოპასუხეების _ ქობულეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სოფელ .......-ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთის მოსარჩელეთათვის დაბრუნება და მოსარჩელეთა ამ ნაკვეთების თანამესაკუთრებად ცნობა (ს.ფ. 1-18).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სოფელ ........-ის გამგეობა (ს.ფ. 152).

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი საკუთრების რესტიტუციის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 191-192).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 194-201).

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2006 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. ბ-ემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოითხოვა:

ა. მოსარჩელეთა ქობულეთის რაიონის სოფელ ........-ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად ცნობა და მათთვის აღნიშნული ნაკვეთების დაბრუნება;

ბ. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულების ბათილად ცნობა;

გ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანების ბათილად ცნობა;

დ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹529 ბრძანების ბათილად ცნობა;

ე. საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქ. ქობულეთში, ........ ქ. ¹102-ში მდებარე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 50 000 კვ.მ ¹20/12/05/046 მიწის ნაკვეთს ეხება;

ვ. ქობულეთში, ......... ქ. ¹102-ში მდებარე მეცნიერებათა შემოქმედებითი სახლის დაუმთავრებელ მშენებლობასა და მასზე დამაგრებულ მიწაზე 2006 წლის 29 ნოემბრის კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა;

ზ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის 2005 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

თ. საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ი. მ-ი ქ. ქობულეთში, ....... ქ. ¹102-ში მდებარე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 50 000 კვ.მ ¹......... მიწის ნაკვეთისა და დაუმთავრებელი შენობის მესაკუთრედაა რეგისტრირებული (ს.ფ. 264-276).

საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს წარმომადგენელმა დაზუსტებულ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა მიმართოს (ს.ფ. 320).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით თე., ჯ., ს., თა. ხ-ისა და ნ. ჯ-ის წარმომადგენლის დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებას უარი ეთქვა მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სარჩელის მიღების წინააღმდეგი იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის მიხედვით კი საჭიროა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასარჩელო განცხადების მიღება იმ მოტივით, რომ იგი მითითებული მუხლით გათვალისწინებულ დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას კი არ გულისხმობდა, არამედ, ფაქტობრივად, იყო ახალი სარჩელი სხვა მოპასუხეებით, სააპელაციო სასამართლო კი გადაწყვეტილებას ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა (ს.ფ. 321-324).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილება და დაზუსტებული სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა დავის საგნის გადიდებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი წესით და რიგი ადმინისტრაციული აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, ამასთან, მითითებული ჰქონდა, თუ რატომ არ შეეძლო გადიდებული მოთხოვნების დაყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, თუ რატომ იყო აუცილებელი გადიდებული სასარჩელო მოთხოვნების განხილვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სარჩელთან ერთად, კერძოდ, ა. ბ-ის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი გასხვისებულ იქნა კერძო პირზე, რაც მოსარჩელეებს ართმევდა შესაძლებლობას, სასამართლო წესით დაებრუნებინათ მათი წინაპრის საკუთრება, თუ აღნიშნული აქტები არ იქნებოდა ბათილად ცნობილი. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საფრთხეს უქმნიდა ე. ხ-ს, რომელიც ცხოვრობდა სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე სახლში და შეიძლებოდა გამოესახლებინათ საკუთარი სახლიდან.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს უარი დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც სასამართლო ვალდებულია, განჩინებაში აღნიშნოს მოტივები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა. გასაჩივრებულ განჩინებაში მხოლოდ აღნიშნულია, რომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადება დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას კი არ წარმოადგენს, არამედ, ფაქტობრივად, ახალი სარჩელია სხვა მოპასუხეებით. სასამართლო არ შეეცადა, აეხსნა, თუ რატომ მიიჩნია გადიდებული მოთხოვნები “ახალ სარჩელად,” ან რა განსხვავებაა “ახალ სარჩელსა” და “დავის საგნის გადიდებას” შორის. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ნებისმიერი გადიდებული მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს ახალ სარჩელად და მოთხოვნის გადიდების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს საქმეში სხვა მოპასუხეების ჩაბმაც. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს უნდა გაერკვია არა ის გარემოება, გადიდებულ მოთხოვნასთან ჰქონდა საქმე თუ “ახალ სარჩელთან,” არამედ, რამდენად მიზანშეწონილი იყო დავის საგნის გადიდება სააპელაციო ინსტანციაში, რამდენად ბრალეული იყო მოსარჩელე მხარე იმაში, რომ დავის საგნის გადიდება არ მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ხომ არ იყო ყოველივე ამაში დამნაშავე მოპასუხე მხარე და თუნდაც საქმე ჰქონოდა “ახალ სარჩელთან,” იყო თუ არა კავშირი “ძველ” და “ახალ” სარჩელებს შორის და ხომ არ შეიძლებოდა მოთხოვნების გაერთიანება ერთ წარმოებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის ანალოგიით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი: როგორც ვ. ჰ-ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობდა, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებები უნდა დაასაბუთონ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის 6.1 მუხლის ერთ-ერთი ეფექტი ის არის, რომ სასამართლო ვალდებულია, ჯეროვნად შეისწავლოს მხარეთა მოსაზრებები, არგუმენტები და მტკიცებულებები განურჩევლად იმისა, მიაჩნია თუ არა მას ყოველივე ეს თავის გადაწყვეტილებასთან შესაბამისად და შესახებად (ს.ფ. 343-346).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თე., ე., ჯ., ს., თა. ხ-ისა და ნ. ჯ-ის მიერ თავდაპირველად სარჩელი აღიძრა შემდეგი მოთხოვნით:

ა. მიწის ნაკვეთების მოსარჩელეთათვის დაბრუნება;

ბ. მოსარჩელეთა ცნობა მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრეებად.

აღნიშნული სარჩელი აღიძრა მოპასუხეების _ ქობულეთის რაიონის გამგეობისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით დამატებით მოითხოვეს:

ა. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 სექტემბრის ¹750 ბრძანებულების ბათილად ცნობა;

ბ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹1-1/1036 ბრძანების ბათილად ცნობა;

გ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹529 ბრძანების ბათილად ცნობა;

დ. საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქ. ქობულეთში, ....... ქ. ¹102-ში მდებარე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 50 000 კვ.მ ¹....... მიწის ნაკვეთს ეხება;

ე. ქობულეთში, ....... ქ. ¹102-ში მდებარე მეცნიერებათა შემოქმედებითი სახლის დაუმთავრებელ მშენებლობასა და მასზე დამაგრებულ მიწის ფართზე 2006 წლის 29 ნოემბრის კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა;

ვ. აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი. მ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის 2005 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

ზ. საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც ი. მ-ი ქ. ქობულეთში, ............ ქ. ¹102-ში მდებარე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 50 000 კვ.მ ¹........ მიწის ნაკვეთისა და დაუმთავრებელი შენობის მესაკუთრედაა რეგისტრირებული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელი, თავისი არსით, განეკუთვნება არა სარჩელის დაზუსტების მიზნით წარდგენილ განცხადებას ან შუამდგომლობას დავის საგნის გაზრდის შესახებ, როგორც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, არამედ ახალ სარჩელს, როგორც შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას _ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება-დაკონკრეტებას ან დამატებას, სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირებას, ერთი ნივთის ნაცვლად მეორის მიკუთვნების მოთხოვნას, რაც დაზუსტებული სარჩელის არსია და არ ჩაითვლება სარჩელის შეცვლად.

მოსარჩელეთა მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილია ახალი მოთხოვნები, რომლებიც არ ყოფილა წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში და ცალკე აღებული, დამოუკიდებელ მოთხოვნებს წარმოადგენს დავის საგნისა და საფუძვლის გათვალისწინებით. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნები მიმართულია არა საქმეში მონაწილე მოპასუხეთა _ ქობულეთის რაიონის გამგეობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, არამედ ახალი მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტის, აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ი. მ-ის მიმართ, რომლებიც თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეები არ არიან და საქმის განხილვაში მანამდე არ მონაწილეობდნენ. ამდენად, ასევე გამოირიცხება დავის საგნის გადიდების აუცილებელი პირობა, რასაც ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 381-ე მუხლი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) _ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გადიდება იმგვარად, რომ არ შეიცვალოს მხარეთა არსებითი შემადგენლობა საქმეზე. დავის საგნის გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია, გადიდებული მოთხოვნა მიმართული იყოს საქმეში არსებული მოპასუხის მიმართ, რომელსაც კანონმდებელი ანიჭებს არჩევანის უფლებას, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის წაყენებას, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოირიცხება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენის გზით განხორციელებული საპროცესო მოქმედება განეკუთვნებოდა არა სარჩელის დაზუსტების ან დავის საგნის გადიდების მოთხოვნით აღძრულ შუამდგომლობას, არამედ ახალი სასარჩელო მოთხოვნების წარდგენას სააპელაციო სასამართლოში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ყოველ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. იმავდროულად, უფლება სარჩელზე, თავის მხრივ, მოსარჩელისაგან მოითხოვს აღნიშნული უფლების სწორი საპროცესო ფორმით რეალიზაციას, რომლის ვალდებულება მოსარჩელეს აკისრია. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი საპროცესო კოდექსში ზუსტად განსაზღვრავს ამა თუ იმ ინსტანციის სასამართლოში განსახორციელებელ საპროცესო მოქმედებებს, რასაც უნდა დაემორჩილონ მხარეები. თუკი მხარეთა მიერ სწორად არ იქნება რეალიზებული შესაბამისი საპროცესო უფლება, დაუშვებელია საუბარი მათი უფლებების, მათ შორის, მათ მიმართ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შელახვაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია კანონშესაბამისი განჩინება და არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თე., ე., ჯ., ს., თა. ხ-ისა და ნ. ჯ-ის წარმომადგენელ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინება;

3. თე., ე., ჯ., ს., თა. ხ-სა და ნ. ჯ-ს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.