ბს-77-77(კს-08) 16 აპრილი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ვ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 24 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-77-77(კს-08) შ. ვ-ის განცხადებასთან ერთად, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე და განსახილველად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში (იხ. ს.ფ. 99).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებით შ. ვ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, კერძოდ, განცხადებაში არ იყო მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე, შესაბამისად, გაურკვეველი იყო ჰქონდა თუ არა განმცხადებელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განჩინების გასაჩივრების სურვილი. შესაბამისად, განმცხადებელს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე და სასამართლო აქტის გასაჩივრების სურვილის შემთხვევაში დაევალა წარმოედგინა სსსკ-ის 414-416-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებული კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების მითითებით /იხ. ს.ფ. 101-104/.
ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებელ შ. ვ-ს საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შ. ვ-ის განცხადება განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 4 თებერვლის განჩინება განცხადებელს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა 2008 წლის 12 თებერვალს და ჩაჰბრდა 2008 წლის 20 თებერვალს, რაც დასტურდება საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის 2008 წლის 16 აპრილის მომართვით (იხ. ს.ფ. 108), მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის განმცხადებელს შ. ვ-ს ხარვეზი არ შეუვსია და არ წარმოუდგენია სსსკ-ის 414-416-ე მუხლების შესაბამისად კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. ვ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის განცხადების დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელ რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. ვ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.