Facebook Twitter

¹ბს-777-743(კს-06) 17 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ხ-ი, თ. ბ-ი, ო. ს-ი, ლ. ს-ი, გ. პ-ი, მ. ს-ი და სხვები (სულ 18 პირი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოსა და 20 სექტემბრის განჩინებები

დავის საგანი - განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 23 აგვისტოს გ. ხ-მა, თ. ბ-მა, ო. ს-მა, ლ. ს-მა, გ. პ-მა, მ. ს-მა, გ. ჯ-მა, ნ. ნ-მა, მ. ქ-მა, გ. ძ-მა, ვ. ე-ემ, მ. ყ-მა, ვ. ბ-მა, გ. ღ-მა, რ. ო-მა, გ. ხ-მა, ნ. ქ-ემ და ჯ. ხ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სანივთე ქონების ფულადი კომპენსაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა გ. ხ-ის, ო. ს-ის, ლ. ს-ის და სხვათა (სულ 18 პირი) სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის ანაზღაურება გ. ხ-ის სასარგებლოდ 897,71 ლარის, თ. ბ-ის სასარგებლოდ _ 806,35 ლარის, ო. ს-ის სასარგებლოდ _ 936,71 ლარის, ლ. ს-ის სასარგებლოდ _ 794,94 ლარის, გ. პ-ის სასარგებლოდ _ 969,71 ლარის, მ. ს-ის სასარგებლოდ _ 806,35 ლარის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ _ 833,35 ლარის, ნ. ნ-ის სასარგებლოდ _ 833,35 ლარის, მ. ქ-ის სასარგებლოდ _ 300,36 ლარის, გ. ძ-ის სასარგებლოდ _ 794,94 ლარის, ვ. ე-ის სასარგებლოდ _ 905,34 ლარის, მ. ყ-ის სასარგებლოდ _ 300,36 ლარის, ვ. ბ-ის სასარგებლოდ _ 856,94 ლარის, გ. ღ-ის სასარგებლოდ _ 897,71 ლარის, რ. ო-ის სასარგებლოდ _ 873,19 ლარის, გ. ხ-ის სასარგებლოდ _ 821,94 ლარის, ნ. ქ-ის სასარგებლოდ _ 897,71 ლარის, ჯ. ხ-ის სასარგებლოდ _ 785,35 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვისტოს განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

2006 წლის 7 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კვლავ მიმართა სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: “სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".

საქმეში დაცულია საფოსტო გზავნილი, რომლითაც ირკვევა, რომ საქართველოს თავაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა 2006 წლის 10 მაისს (ს.ფ. 151). საქმეში ასევე წარმოდგენილია საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ კერძო საჩივრების ავტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 11 მაისს, რაც დადასტურებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და ხელმოწერით (ს.ფ.151), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 28 ივლისს (ს.ფ.152), ე.ი. გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისათვის განსაზღვრული 14 დღიანი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.

აღნიშნული მუხლისა და საქმეში დაცული გზავნილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, კერძოდ, 2006 წლის 11 მაისიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად. მითითებული მუხლის დებულებები და გადაწყვეტილების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2006 წლის 25 მაისს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალიწინებულ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მე-2 ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

როგორც აღინიშნა, საქმეში დაცულია უწყება, რომელიც დამოწმებულია საქართველოს თავდაცის სამინისტროს საქმისწარმოების ბეჭდით და შესაბამისი ხელმოწერით, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ გადაწყვეტილების ასლი თვადაცვის სამინისტროს ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2006 წლის 11 მაისს, ხოლო რაც შეეხება კერძო საჩივარზე თანდართულ რესსტრის ამონაწერს, მითითებული წარმოადგენს უწყების შიდა აღრიცხვის დოკუმენტს, რომელში რეგისტრაციის ფაქტიც ეჭვქვეშ ვერ დააყენებს საქმეში დაცულ ჩაბარების დასტურს და ვერ იქცევა საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თვადაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 საქართველოს თვადაცვის სამინისტროს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 აგვიტოსა და 20 სექტემბრის განჩინებება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.