¹ბს-778_740(კს-07) 13 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2007 წ. საოქმო განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს “ქ-ამ” ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და კომისიის 22.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მიწის ნაკვეთი იჯარით გაიცა მოქალაქე ლ. კ-ეზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სს “ქ-ა” დაფუძნებულია ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიერ 29.04.99წ. და რეგისტრირებულია ხაშურის რაიონულ სასამართლოში. სს-ის საწესდებო კაპიტალში შესულია მრავალწლიანი ნარგაობა, რაც განთავსებულია 4.08 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც 1996 წელს ხაშურის რაიონის გამგეობამ იჯარით გადასცა ქ-ას. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ გადახდილი აქვს 1999-2001 წლების მიწის საიჯარო გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის ხელშეკრულება წერილობით არ არის გაფორმებული. საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შესული მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის უფლება მოპასუხეს არ ქონდა, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 12.10.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ქ-ამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.07წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხეები ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო შეიცვალა მათი უფლებამონაცვლით ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტით (მუნიციპალიტეტის საკრებულოთი და მუნიციპალიტეტის გამგეობით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა საოქმო განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის ამოქმედებიდან ხაშურის რაიონის ადგილობრივი მმართველობა (რაიონის გამგეობა და საკრებულო) ლიკვიდირებული იყო. მოპასუხე ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია შექმნილი იყო რაიონის გამგეობის მიერ და შესაბამისად, მასთან ერთად იქნა ლიკვიდირებული, ხოლო, ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო დელეგირებული უფლებამოსილებით ახორციელებდა რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას. ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობის სამართალმემკვიდრედ ახალ თვითმმართველობებს არ მიიჩნევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, იგი არის მანამდე არსებული თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამართალმემკვიდრე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა (მთავრობა).
განსახილველ საქმეში მოპასუხეები იყვნენ თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს _ ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ახორციელებდა რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას. სააპელაციო პალატის საოქმო განჩინებით მოპასუხეების უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო ხაშურის მუნიციპალიტეტი. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 651 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეული. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებას განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. ორგანული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა დადგენილი ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს სამართალმემკვიდრე, შესაბამისად კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.07წ.. საოქმო განჩინება ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიისა და ხაშურის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს უფლებამონაცვლით _ ხაშურის მუნიციპალიტეტით შეცვლის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.2007წ. საოქმო განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.