Facebook Twitter

ბს-785-754(კს-08) 21 ოქტომბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

კერძო საჩივრის ავტორი – თელავის რეგიონალური ცენტრი წარმომადგენელი _ არ გამოცხადდა

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ “.....”

წარმომადგენელი _ ნ. ს-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

დ. ბ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 2-11).

თელავის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თელავის რეგიონალური ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (იხ.ს.ფ. 60-61).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 68-76).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის განჩინებით თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 374-ე მუხლები და განმარტა, რომ თელავის რეგიონალურ ცენტრს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 29 აპრილს, რაც დასტურდებოდა გზავნილით, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა ფოსტის მეშვეობით 2008 წლის 14 მაისს, ანუ კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად (იხ.ს.ფ. 79-80).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თელავის რეგიონალურ ცენტრს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 30 აპრილს, ნაცვლად 2008 წლის 29 აპრილისა, როგორც ეს მითითებული იყო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში. ამდენად, მათ მიერ დაცულია სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადა. ამდენად, სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას (იხ.ს.ფ. 84-92).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების შესწავლისა და საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარდგენილი საპროცესო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თელავის რეგიონალურ ცენტრს ჩაჰბარდა 2008 წლის 29 აპრილს, რაც დასტურდება ს.ფ. 62-ზე მდებარე გზავნილით, რომელიც ხელმოწერილია თელავის რეგიონალური ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ და დასმულია ადმინისტრაციული ორგანოს რეგისტრაციის ბეჭედი /იხ.ს.ფ. 62/. სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2008 წლის 14 მაისს /იხ.ს.ფ. 67, სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაციის ბეჭედი/.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თელავის რეგიონალური ცენტრის მტკიცებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 30 აპრილს, ნაცვლად 2008 წლის 29 აპრილისა, რამდენადაც სსსკ-ის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო თელავის რეგიონალურმა ცენტრმა მიუხედავად სასამართლოს დავალებისა, ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 30 აპრილს, ნაცვლად 29 აპრილისა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ გაშვებულ სსსკ-ის 364.1. მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი კანონისმიერი ვადა, რამდენადაც მხარემ საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა 2008 წლის 14 მაისს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება – სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას – უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თელავის რეგიონალური ცენტრის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რეგიონალური ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 მაისის განჩინება;

3. თელავის რეგიონალურ ცენტრს სასამართლო ხარჯების სახით დაეკისროს 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.