ბს-786-755(კს-08) 11 სექტემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. გ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა
მესამე პირები: ვ. ც.-ი, ლ. გ.-ე
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 22 ოქტომბერს მ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ლ. გ.-გან შეიძინა ქ. თბილისში, ...-ის ¹27-ში მდებარე 63,60 კვ მეტრი უძრავი ქონება. მოსარჩელემ აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში გაატარა და 2007 წლის 29 აგვისტოს აიღო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, ლ. გ.-მ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის აღნიშნული ქონების რეალურად გადაცემა, ვინაიდან იქ მისი ნებართვით ცხოვრობდნენ სხვა პირები. მოსარჩელე იძულებული გახდა კანონით დადგენილი წესით ეზრუნა მათ გამოსახლებაზე. შესაბამისად, დადგინდა აღნიშნული პირების ხსენებული ფართიდან გამოსახლება, მაგრამ აღსრულების მიმდინარეობის პროცესში სახლში მცხოვრებმა პირებმა სააღსრულებო ბიუროში წარადგინეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ლ. გ.-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში შემავალ 20 კვ. მეტრზე, რომლის საფუძველიც გახდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2007 წლის 25 სექტემბერს დამოწმებული საკუთრების უფლების ¹691 მოწმობა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ ხელყო მოსარჩელის კერძო საკუთრების უფლება და მის საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილი უსაფუძვლოდ გადასცა სხვა პირს _ ვ. ც.-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2007 წლის 25 სექტემბრის საკუთრების უფლების ¹691 მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ვ. ც.-ი ჩაება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად _ ლ. გ.-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. გ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 19 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 10 აპრილს, ანუ 14 დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. გ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ მ. გ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 19 მარტს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ფოსტის მეშვეობით მისთვის გაგზავნილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მას არ ჩაჰბარებია, ვინაიდან გზავნილზე მითითებული მისამართი არ შეესაბამებოდა მის ნამდვილ მისამართს.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მას არც სასამართლოდან აუღია. ხსენებული გადაწყვეტილების ასლი მ. გ.-ის სახელით მისი რწმუნების გარეშე აიღო ლ. გ.-მ, რომელმაც შესაძლოა მისი სახელით მოაწერა ხელი გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. გ.-გან ჩაჰბარდა 2008 წლის 8 აპრილს და მისი მტკიცებით, სწორედ ხსენებული თარიღი უნდა მიჩნეულიყო მისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების თარიღად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით მ. გ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 11 სექტემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. გ.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა არ წარადგინა სასამართლოში მტკიცებულება, კერძოდ, ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ხელწერილზე განხორციელებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მ. გ.-ს. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი მ. გ.-ის სახელით მისი რწმუნების გარეშე აიღო ლ. გ.-მ, რომელმაც მისი სახელით მოაწერა ხელი ხსენებული გადაწყვეტილების ჩაბარების ხელწერილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ. გ.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი ხელზე ჩაიბარა 2008 წლის 19 მარტს (ს.ფ. 97).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დაწყებას ცალსახად უკავშირებს მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს. ამასთან, მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2008 წლის 19 მარტიდან, შესაბამისად, ხსენებული ვადა დასრულდა მე-14 დღეს, ანუ იმავე წლის 2 აპრილს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. გ.-მ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეიტანა 2008 წლის 10 აპრილს, ანუ 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამასთან, ადგილი არ ჰქონია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.