Facebook Twitter

ბს-78-73(კს-07) 21 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ. კ-ი და ე. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარეები: 1. მ. ლ-ი; 2. ო. კ-ი;

3. ქალაქ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა

მესამე პირები: ნოტარიუსები _ ე. ფ-ა, ნ. მ-ა, ო. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 1 ნოემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. კ-მა და ე. ს-ამ მოპასუხეების: ო. კ-ის, მ. ლ-ის, სერვისულ ცენტრ “ო...ისა” და მესამე პირის _ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შსს პირველი განყოფილების საპასპორტო სამსახურის მიმართ, ბინის პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ლ. კ-ი 1984 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არნოლდ კ-თან და ცხოვრობდნენ ქალაქ თბილისში, ორთაჭალის ... შესახვევის ¹...-ში მდებარე, მოპასუხე ო. კ-ის (ლ. კ-ის დედამთილი) რიცხულ კომუნალური ფონდის ოროთახიან ბინაში, სადაც 1986 წელს ჩაეწერა მოსარჩელე.

მოსარჩელეთა განმარტებით, ლ. და არნოლდ კ-ებს შეეძინათ ორი შვილი, რომლებიც ცხოვრობდნენ და ასევე იყვნენ ჩაწერილები სადავო ბინაში. გაურკვეველ ვითარებაში, ლ. კ-ი და მისი ქალიშვილი ე. ს-ა, მათი თანხმობის გარეშე, სადავო ბინიდან ამოწერეს. 1998 წლის თებერვალში ო. კ-სა და სერვისული მომსახურების ცენტრ “ო....ს” შორის გაფორმდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხოლოდ მოპასუხე ო. კ-ი გახდა აღნიშნული ბინის მესაკუთრე, მაშინ, როდესაც მოსარჩელეები თანამესაკუთრეებად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილნი. 2001 წელს ო. კ-მა მათი თანხმობის გარეშე სადავო ბინა მიჰყიდა მ. ლ-ს, რომელმაც იცოდა, რომ აღნიშნულ ბინაში მოსარჩელეებიც ცხოვრობდნენ.

ამდენად, მოსარჩელეთა განმარტებით, მათი სადავო ბინიდან ამოწერა, ბინის პრივატიზაცია და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა უკანონოდ, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ ბინის პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.

მოგვიანებით მოსარჩელეებმა დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და დამატებით ითხოვეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი განყოფილების საპასპორტო სამსახურისთვის სადავო ბინის რეგისტრაციის პირვანდელი სახით აღდგენის დავალდებულება.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. კ-ისა და ე. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. კ-მა და ე. ს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე სერვისული ცენტრი “ო....ა” შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობით, მესამე პირებად კი ჩაებნენ ნოტარიუსები: ე. ფ-ა და ნ. მ-ა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის და ე. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ისა და ე. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მა და ე. ს-მ და ითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ისა და ე. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ. კ-ისა და ე. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ისა და ე. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2004 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება მოსარჩელე ლ. კ-ის უმცროსი ქალიშვილი _ ო. კ-ი, რომელიც გახდა სრულწლოვანი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 27 იანვრის განჩინებით ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ლ. კ-ისა და ე. ს-ს სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, არ ზღუდავს ამავე კოდექსის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ადგენდა ერთი და არა ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, ხოლო ორივე მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის პირობები უშუალოდ დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე განეხილა და გადაეწყვიტა მხარეთა დაუსწრებლად.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან, სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ არც აპელანტები და არც მოწინააღმდეგე მხარეები არ გამოცხადდნენ, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. კ-მა და ე. ს-მ.

კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მათი სააპელაციო საჩივრის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ლ. კ-ისა და ე. ს-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით ლ. კ-ისა და ე. ს-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საპროცესო კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

იმავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 275-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, ზღუდავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი დაფუძნებულია ამავე კოდექსის 231-ე მუხლის დებულებებზე და ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლი არ გამიყენება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაბამისად, ამავე პროცესში არ გამოიყენება აღნიშნული კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა წარმოადგენს დამატებით დასტურს იმისა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ” პუნქტის გამოყენება, კერძოდ, ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილში. უფრო მეტიც, იმავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია იმოქმედოს აქტიური სასამართლოს პრინციპით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რის გამოც აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ პროცესში ვერ გამოიყენება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზეა სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული, ამკრძალავი ნორმის დაუცველობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. კ-ის და ე. ს-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ისა და ე. ს-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. კ-ისა და ე. ს-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.