ბს-787-756(კს-08) 12 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ თ. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მერია და ძველი თბილისის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა-მა და საკუთრების რესტიტუცია ან უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების კომპენსაცია მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.08წ. განჩინებით თ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს 10 დღის ვადაში 5000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინებით ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს 08.05.08წ. ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორების ვადა იყო 18.05.08წ., კვირა, არასამუშაო დღე, რის გამოც თ. ა-ს უფლება Hჰქონდა 2008 წლის 19 მაისის ჩათვლით გამოესწორებინა სააპელაციო საჩივრის ხარვეზი. აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-მა. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არაერთხელ მიუთითა, რომ მისი შემოსავალი თვეში შეადგენდა 220 ლარს, რაც დასტურდებოდა საქმეში დაცული მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევასი აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულეს სსკ-ის 47-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან ყოველგვარი მოტივაციის გარეშე დააკისრეს თვეში 220 ლარის შემოსავლის მქონე პირს შესაბამისად, 1000 და 5000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სააპელაციო პალატას უნდა მიეთითებინა რის გამო არ მიიჩნია სსიპ ......... ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ გაცემული ცნობა უტყუარ მტკიცებულებად და რა სახის მტკიცებულება უნდა წარმოედგინა აპელანტს დამატებით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით დამტკიცებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლების დარღვევა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით დადგენილია, რომ თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.08წ. განჩინებით აპელანტს 10 დღის ვადაში 5000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს 08.05.08წ. ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორების ვადა იყო 18.05.08წ., კვირა, არასამუშაო დღე, რის გამოც თ. ა-ს უფლება Hჰქონდა 2008 წლის 19 მაისის ჩათვლით გამოესწორებინა სააპელაციო საჩივრის ხარვეზი. მიუხედავად აღნიშნულისა, თ. ა-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების ან სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან გადახდის გადავადების თხოვნით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის მასალებში დაცული თ. ა-ის შრომის ანაზღაურების ცნობის საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინა აპელანტი ბაჟის გადახდისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელფასის ცნობა სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების უპირობო საფუძველს არ ქმნის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში თ. ა-ს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ასახავდნენ მის საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას და დაადასტურებდნენ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.04.08წ. განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალების შემდეგ აპელანტს სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინება მიღებულია სსკ-ის შესაბამისად და კერძო საჩივარში მითიტებული გარემოებანი მისი გაუქმების საფუძველს არ ქმნის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.08წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.