Facebook Twitter

¹ბს-78-78(კს-08) 31 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ლალი ლაზარაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჩ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 9 აგვისტოს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ო. ქ-სა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 27 აგვისტოს ¹28 ოქმის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ქ. თბილისში, .... ქ. ¹1-ის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის მფლობელად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, მოეხდინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად აღრიცხვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 26 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხეს აკრძალვოდა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ჯიხურის გატანა, რომელიც იყო მის კანონიერ სარგებლობაში. აღნიშნულის შემდეგ მან მოიპოვა მასალები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა აუქციონის წესით და ამის შედეგად სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 27 აგვისტოს ¹28 ოქმისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე გახდა გ. გ-ნი, რომელმაც შემდგომში 2004 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იგი გაასხვისა ო. ქ-ზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. ჩ-ის სასარჩელო განცხადება მიწის ნაკვეთის მფლობელად ცნობის თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას; მ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ო. ქ-სა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 27 აგვისტოს ¹28 ოქმის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ო. ქ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. ჩ-ეს აეკრძალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ო. ქ-ზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, ..... ქუჩაზე, შპს “....” მდებარე 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობა და მისგან აღიკვეთა მესაკუთრისათვის ხელშემშლელი მოქმედებები; მოპასუხეს ჩამოერთვა ხსენებული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს.

2007 წლის 24 აპრილს მ. ჩ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო მიწის ნაკვეთისათვის ყადაღის დადება და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისი გამოსახლების შეჩერება სადავო მიწის ნაკვეთიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ჩ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად; მ. ჩ-ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

2007 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაუგზავნა ამავე კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინება, რომლითაც მ. ჩ-ის მიერ აღძრული სარჩელი უმოძრაოდ დარჩა და დაუბრუნდა იგი მოსარჩელეს თანდართულ საბუთებთან ერთად.

2007 წლის 3 მაისს მ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზომების მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 მაისის განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მ. ჩ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების _ ქ. თბილისის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ო. ქ-სა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 მაისის მეორე განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მ. ჩ-ის განცხადება დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით მ. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების _ ქ. თბილისის მთავრობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის, ო. ქ-სა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის მიმართ ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის (საკონკურსო) კომისიის 2001 წლის 27 აგვისტოს ¹28 ოქმის არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარების თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი, რადგან არ აკმაყოფილებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. ჩ-ემ და მოითხოვა სარჩელის დასაშვებად ცნობა და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით მ. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2007 წლის 9 ოქტომბერს მ. ჩ-ემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და მოითხოვა მოპასუხე ო. ქ-ის უკანონო მოქმედების _ სადავო მიწის ნაკვეთზე შესვლის შეჩერება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ჩ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მ. ჩ-ის განცხადება არ შეიცავდა მითითებას რაიმე გარემოებაზე, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხისათვის ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესვლის აკრძალვის გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა. საჩივრის ავტორის მტკიცებით, მან თავის განცხადებაში კონკრეტულად მიუთითა იმ გარემოებებზე, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ხსენებული მოპასუხისათვის ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესვლის აკრძალვის გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ჩ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ვარაუდის გარდა, საქმეში არ მოიპოვებოდა და თვით მ. ჩ-აც არ წარმოუდგენია მის მიერ დასახელებული გარემოების _ ო. ქ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. გარდა ამისა, ო. ქ-ის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებულ მშენებლობას არ შეიძლებოდა გაეძნელებინა ან შეუძლებელი გაეხადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. იმავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში არ მოიპოვება და თვით მ. ჩ-აც არ წარმოუდგენია მის მიერ დასახელებული გარემოების _ ო. ქ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო ო. ქ-ის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებულმა მშენებლობამ არ შეიძლება გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჩ-ის საჩივრის დასაბუთებულობას გამორიცხავს მოცემულ საქმეში წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებებიც. კერძოდ, მიწის (უძრავი ქონების) შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (ს.ფ. 9) თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ო. ქ-ის სახელზე და შესაბამისად, ო. ქ-ის მიერ მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ობიექტურად ვერ გააძნელებს ან შეუძლებელს ვერ გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ო. ქ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ჩ-ეს აეკრძალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ო. ქ-ზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, .... ქუჩაზე, შპს “...” მდებარე 200 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობა და მისგან აღიკვეთა მესაკუთრისათვის ხელშემშლელი მოქმედებები, მოპასუხეს ჩამოერთვა ხსენებული უძრავი ნივთი და გამოთავისუფლებული ქონება დაუბრუნდა მოსარჩელეს (ს.ფ. 66-67). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით კი მ. ჩ-ეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო მიწის ნაკვეთიდან გამოსახლების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა (ს.ფ. 90-91).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის საჩივარი არის დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 191-ე, 1971-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჩ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრისა და 2008 წლის 16 იანვრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.