Facebook Twitter

¹ბს-788-750(კს-07) 6 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე

ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

02.06.06წ. გ. ქ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. გ-ამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და “ბ-ის” მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.07.05წ. ¹ბს-434-25(3კ-05) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ქ-ას სარჩელი და მოპასუხეებს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ..... სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრსა და “გ-ს” მის სასარგებლოდ დაეკისრათ 90 000 ლარის გადახდა თანაბარწილად. ამავდროულად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 50 მინიმალური ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა 2054 წლის 1 ივნისამდე. საკასაციო პალატის მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ქ-ას 18.03.02წ. ჰეპატიტის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრის შედეგად ჩამოუყალიბდა პოსტვაქცინალური მწვავე ენცეფალომიელიტი. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მავნე შედეგსა და მოპასუხეთა უმოქმედობას შორის. აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხეებს დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება, მაგრამ იგი არ არის საკმარისი გ. ქ-ას მკურნალობისათვის, კერძოდ, მისი დავაადების მკურნალობა ძირითადად შესაძლებელია ევროპის წამყვან კლინიკებში, სადაც დემიელინიზაციით მიმდინარე დაავადებათა მკურნალობის გამოცდილება აქვთ. ასეთ ცენტრებში, მაგალითად, შტაფელშტაინის სარეაბილიტაციო ცენტრში, მკურნალობის საფასური თვეში 22 000 ევროს შეადგენს. მკურნალობის კურსი მოიცავს მინიმუმ 3 თვეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. მოსარჩელემ “ბ-თვის” მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 000 აშშ დოლარის, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 1 000 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.10.06წ. განჩინებით საქმეში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, “ბ-ს” გ. ქ-ას სასარგებლოდ 10 000 ლარი, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 1 000 ლარი დაეკისრა. სასამართლო კოლეგიამ სსკ-ის 106-ე მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია უმოქმედობით გამოწვეული ზიანის არსებობა და უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სასამართლო კოლეგიის განცხადებით, აღნიშნული ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 414-ე მუხლების შესაბამისად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველს. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლო კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სასარჩლო განცხადების საფუძველზე გრძელდება ამ საქმეზე სასამართლოს გადწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან პროცესის სხვაგვარად დასრულებამდე. სასამართლო კოლეგიის განცხადებით, გ. ქ-ას აცრა ჩაუტარდა 18.03.02წ., პირველი სამედიცინო დასკვნა მომზადდა 2002 წელს, მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს სარჩელი 29.05.04წ. წარედგინა, რომელზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ძალაში 26.07.05წ. შევიდა. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს 02.06.06წ. მიმართა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, “ბ-მა” და გ. ქ-ას კანონიერმა წარმომადგენელმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და აპელანტს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისათვის. 17.05.07წ. სააპელაციო პალატამ წერილით მიმართა აპელანტს იმის დასადასტურებლად, რომ სასამართლოს 26.02.07წ. განჩინება სამინისტროს ჩაბარებული ჰქონდა. 01.06.07წ. ¹01-08/06/4437 წერილით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო პალატის 26.02.07წ. განჩინება 21.03.07წ. გადაეცა. წერილში აღნიშნული იყო, რომ 21.03.07წ. სამინისტროს გადაეცა 26.02.07წ. დათარიღებული, იდენტური შინაარსის ორი, ¹3ბ/322-07 და ¹3ბ/326-07 განჩინება. გ. ვ-ის მიერ სასამართლოს წარედგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ გაცემული რწმუნებულება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.07წ. განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 26.03.07წ. თბილისის სააპელაციო პალატას წარედგინა განცხადება თანდართული რწმუნებულებით საქმეზე ¹3ბ/322-07. შესაბამისად სასამართლომ ხარვეზი შევსებულად მიიჩნია აღნიშნულ საქმეზე. ¹3ბ/326-07 საქმეზე გ. ვ-ის უფლებამოსილების თაობაზე სასამართლოს მხოლოდ 01.06.07წ. ეცნობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ და საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განუხლიველად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.02.07წ. ორი იდენტური შინაარსის განჩინებით დაევალა ხარვეზის შევსება _ წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებები არ აკმაყოფილებდნენ სსკ-ის 285-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას _ მასში მითითებული არ იყო მხარეები და დავის საგანი. სამინისტროს მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა დადგენილ ვადაში. საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ცნობილი გახდა უფლებამოსილების არსებობის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტროს მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა მხოლოდ ¹3ბ/322-07 საქმეზე. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 08.02.07წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი წარედგინა, რომელსაც თანდართული არ ჰქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა გასაჩივრების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლოს 26.02.07წ. ¹3ბ/326-07 განჩინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 21.03.07წ. ჩაჰბარდა, რაც სამინისტროს მიერ დადასტურებული იქნა 01.06.07წ. ¹01-08/06/4437 წერილით(ს.ფ 294). მიუხედავად აღნიშნულისა, ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/326-07 აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზი 2007 წლის 4 ივნისამდე არ გამოუსწორებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის იმ გარემოებაზე მითითება, რომ სააპელაციო პალატის იმავე მოსამართლის წარმოებაში მყოფ და იმავე დროს განსახილველ ¹3ბ/322-07 საქმეზე სამინისტროს იმავე წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ როგორც საპროცესო უფლებები, ასევე ეკისრებათ საპროცესო ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის დაცული, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. მხარე ვალდებულია უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი წარადგინოს ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარს თანდართული არ ჰქონია უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის განსაზღვირს შემდეგაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. ¹3ბ/322-07 საქმეზე მინდობილობის წარდგენა არ ნიშნავს განსახილველ საქმეზე ხარვეზის გამოსწორებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო სააპელაციო ხარვეზის შევსების მიზნით მხარისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის საფუძველზე დაეტოვებინა განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 10.07.07წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.