Facebook Twitter

ბს-789-758(კს-08) 23 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,.....” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,....” წარმომადგენელმა 2003 წლის თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა დღგ-ს ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,....” სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,....” ბიუჯეტში გადახდილად ჩაეთვალა მის მიერ 2002 წლის 25 აპრილს შპს ,,....” გადახდილი დღგ 4760 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2007 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დატოვა გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2007 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შEმოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექცია), საკასაციო პალატის 2007 წლის 10 ივლისის განჩინების მითითების თანახმად გამოითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კორესპონდენციათა მიღებისა და რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებული ქსეროასლები, რომლითაც დასტურდება, რომ საგადასახადო ინსპექციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2003 წლის 16 ივლისს; სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2007 წლის 10 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 4 წლის შემდეგ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა საქმის არსებითი განხილვისათვის.

კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ საგადასახადო ინსპექციას პირველი ინტანციის სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2003 წლის 16 ივლისს. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მხოლოდ 2007 წლის 28 მარტს იქნა ჩაბარებული, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი ინიციატივით გადაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი საგადასახადო ინსპექციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2003 წლის 16 ივლისს. (ს.ფ. 41). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2007 წლის 28 მარტს იქნა ჩაბარებული საგადასახადო ინსპექციისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების ასლი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრის 2003 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისამდე კორესპონდენციათა მიღებისა და რეგისტრაციის ჟურნალის დამოწმებული ქსეროასლები, რომლითაც დასტურდება, რომ საგადასახადო ინსპექციამ გასაჩივერბული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2003 წლის 16 ივლისს. (ს.ფ. 181), სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2007 წლის 10 აპრილს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციის მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2003 წლის ივლისის რედაქცია).

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.