Facebook Twitter

ბს-793-762(კს-08) 8 ოქტომბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. და ბ. ხ-ები

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 29 სექტემბერს რ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე პ. ო-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მატერიალური ზიანის - 57100 ლარისა და მორალური ზიანის 50000 - ლარის ანაზღაურება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე პ. ო-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით რ. ხ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამავე განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ხ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განჩინებით რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გარდაიცვალა აპელანტი რ. ხ-ი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რ. ხ-ის მეუღლემ და შვილმა – ნ. და ბ. ხ-ემბა შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს აპელანტ – რ. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. და ბ. ხ-ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ადმინისტრაციულ საქმეზე რ. ხ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების: პ. ო-ის, საქართველოს შს სამინისტროსა და იმავე სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მიმართ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, შეჩერდა საქმის წარმოება აპელანტ რ. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა” პუნქტისა და 281-ე მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ე” პუნქტის შესაბამისად.

სააპელაციო პალატა განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში, სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხილს ,,ა” პუნქტით სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრვი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს 281-ე მუხლის ,,ა” პუნქტით. ამ კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდრო ქონება, რომელიც შეიცვას მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისევე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომნეტისთვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

მორალური უფლება პირადი არაქონებრივი უფლებაა, რომელიც დაცულია კანონით და მისი დარღვევის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეიძლება გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსების ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა და აღნიშნულ შემთხვევაში მემკვიდრეების მიერ ხორციელდება გარდაცვლილის პირვანდელი უფლებების და არა გარდაცვლილისაგან მემკვიდრეობით მიღებული უფლებების დაცვა. მორალური ზიანი პირვანდელი უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია, რომლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, სხვა პირი ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს მოკლებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სადავო სამართლებრივი ურთი ერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია, რის გამოც საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. და ბ. ხ-ებმა.

კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდრო ქონება, რომელიც შეიცვას მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისევე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მართალია, პირადი ქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა, მემკვიდრეების მიერ ხორციელდება გარდაცვლილის პიროვნული უფლებები და არა გარდაცვლილის მემკვიდრეობით მიღებული უფლებების დაცვა, მორალური ზიანი პიროვნული უფლებების ხელყოფით გამოწვეული ზიანია და მისი ანაზღაურების უფლება აქვს მხლოდ ამ უფლებათა სუბიექტს, ხოლო სხვა პირი ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს მოკლებულია, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის (პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ) შინაარსის გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ არ უნდა ჩაითვალოს ანაზღაურება მორალური ზიანისა, რომლის მოთხოვნით დაზარალებულმა სასამართლოს მიმართა, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანადმე იგი გარდაიცვალა. მორალური ზიანის ფულადი საზღაური ასეთ შემთხვევაში სამკვიდრო მასის შემადგენელი ნაწილია.

საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელი იყო იმის გამოც, რომ თუ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) უფლებამონაცვლის ვინაობა დასადგენი იყო და ამის გამო საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო, ბუნებრივია, უფრო სწორი იქნებოდა ჯერ დადგენილიყო უფლებამონაცვლე და საქმის წარმოების განახლების შემდგომ სასამართლოს ემსჯელა, ჰქონდა თუ არა ამ უფლებამონაცვლეს რ. ხ-ის მიყენებული როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩიივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც რ. ხ-ის სასარჩელო განცხადებაზე შეწყდა საქმის წარმოება და საქმის ხელახლა განსახილველად იამვე სასამართლოში დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ბ. ხ-ების კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეზე რ. ხ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების: პ. ო-ის, საქართველოს შს სამინისტროსა და იმავე სამინისტროს რაჟა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მიმართ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ შეჩერდა საქმის წარმოება აპელანტის (მოსარჩელის) რ. ხ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე; რ. ხ-ის სარჩელზე იმავე პირთა მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების აღნიშნული ნაწილი ემყარება საპროცესო და მატერიალური ნორმების არასწორ განმარტებას.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერების საკითხი და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები არ იძლევა განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების საფუძველს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებუალია, შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართალურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, რომ მოქალაქის გარდაცვალება მხოლოდ მაშინ იწვევს საქმის წარმოების შეჩერებას, როდესაც სადავო სამართალურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა. შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს და დაადგინოს, მატერიალური სამართლის კუთხით რამდენადაა დასაშვები გარდაცვლილის უფლებამონაცვლით ჩანაცვლება.

ნორმის ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებზე მითითებას და აღნიშნავს: სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცავს საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია. ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მექანიზმებს, რომელთა ხელყოფისათვის პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურება. იმავე კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.

მითითებული მატერიალური ნორმა ცალსახად გამორიცხავს მორალური ზიანისათვის ქონებრივი ანაზღაურების სტრანსმისიის შესაძლებლობას, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაადასტუროს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს საქმის წარმოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახეზე არ არის საქმის წარმოების შეჩერების პროცესუალური წანამძღვრები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის არგუმენტაციას სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების არამართებული გამოყენების თაობაზე და თვლის, რომ კერძო საჩივარში წარმოდგენილი მოსაზრებები არ იძლევა განჩინების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. და ბ. ხ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 ივნისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.