Facebook Twitter

ბს-795-764(კს-08) 30 სექტემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ღ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ...-ს თემის საკრებულო, ლ. ტ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. ღ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლით:

2004 წლის 27 მაისს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ს თემის საკომლო წიგნებში ლ. ტ.-ის რეგისტრაცია აწ გარდაცვლილი ქ. ღ.-ის, ამჟამად გ. ღ.-ის საკომლო ობიექტებში კომლთან კავშირის გაწყვეტის გამო და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლ. ტ.-ის შეგებებული სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ტ.-მ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა სოფ. ...-ს თემის საკრებულოს საკომლო წიგნებში ლ. ტ.-ის რეგისტრაცია აწ გარდაცვლილ ქ. ღ.-ის, ამჟამად გ. ღ.-ის საკომლო ობიექტებში კომლთან კავშირის გაწყვეტის გამო, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი /იხ.ს.ფ.105-111/. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

განმცხადებლის მითითებით, მან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა თხოვნით, განემარტათ მისთვის, იყო თუ არა სავალდებულო კომლში ჩაწერისას კომლის მეთაურის თანხმობა და კომლში შემსვლელის წერილობითი განცხადება. განცხადების პასუხად გ. ღ.-ს ეცნობა, რომ კომლის მეთაურის თანხმობა და კომლში შემსვლელის წერილობითი განცხადება იყო სავალდებულო და ამასთანავე, განმცხადებელს განუმარტეს, რომ კომლის წევრების თანხმობასთან ერთად სავალდებულო იყო საკრებულოს გადაწყვეტილება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან განცხადებით მიმართა არქივს, რათა მოეძია სოფ. ...-ს საკრებულოს 1991-1993 წლების გადაწყვეტილებები, კერძოდ, იყო თუ არა გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ტ.-ს ქ. ღ.-ის კომლში რეგისტრაციის ნება დაერთო, არქივის პასუხით კი ეცნობა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ არსებობდა.

განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც სასამართლოსთვის რომ ყოფილიყო ცნობილი, მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლიდან ლ. ტ.-ე და მისი შვილი გ. ღ.-ი გახდნენ ქ. ღ.-ის კომლის წევრები და მტკიცებულებად მიუთითა ის, რომ ლ. ტ.-ე, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც ღებულობდა შრომით მონაწილეობას კომლის საერთო მეურნეობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი საქმიანობა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ლ. ტ.-ე გამხდარიყო ქ. ღ.-ის კომლის წევრი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სსსკ-ის 423.1 მუხლის ,,ვ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება /იხ.ს.ფ. 2-4/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ივნისის განჩინებით გ. ღ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

2004 წლის 4 თებერვალს გ. ღ.-მ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ლ. ტ.-ის, როგორც უკანონო და უსაფუძვლოდ რეგისტრირებული კომლის წევრის საკომლო წიგნიდან ამოწერა. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან არ იყო კომლის უფროსის თანხმობა ლ. ტ.-ის კომლის წევრად რეგისტრაციაზე, ამდენად უნდა გაუქმებულიყო მისი, როგორც კომლის წევრის, ჩანაწერი.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე-ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, გ. ღ.-ის სარჩელიდან, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით და საქმეზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დასტურდება, რომ ლ. ტ.-ის კანონის მოთხოვნათა დარღვევით კომლის წევრად ჩაწერის ფაქტი არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. გ. ღ.-მ იცოდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, რაც მას მითითებული აქვს საქმის განხილვისას, რის თაობაზედაც მიმდინარეობდა საქმის განხილვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი /იხ.ს.ფ. 51-53/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ღ.-მ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ განმცხადებლისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რაც ახლად აღმოჩენილ გრემობას დაედო საფუძვლად, რაც არასწორია, რამდენადაც აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 19 თებერვალს, როდესაც კერძო საჩივრის ავტორმა დაიწყო ...-ს საკრებულოს გადაწყვეტილების ძებნა. ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო განცხადების შეტანამდე, კერძო საჩივრის ავტომა 1 თვით ადრე შეიტყო საკრებულოს გადაწყვეტილების არარსებობის შესახებ, შესაბამისად მისთვის აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არ იყო ცნობილი საქმის განხილვის დროს.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სსსკ-ის 423.1.,,ვ” და 423.3 მუხლები, რის გამოც განჩინება ექვემდებარება გაუქმებას /იხ.ს.ფ.58-61/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1. “ვ” მუხლით გათვალისწინებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.3 მუხლის თანახმად კი ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყევტილების მიღების დროს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

კერძო საჩივრის ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მისთვის საქმის განხილვის დროს არ იყო ცნობილი ის გარემოება, რომ არ არსებობდა საკრებულოს გადაწყვეტილება ლ. ტ.-ის ქ. ღ.-ის კომლში რეგისტრაციის თაობაზე, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით /რომლის გაუქმებასაც ითხოვს კერძო საჩივრის ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო/ დასტურდება, რომ ლ. ტ.-ის კანონისმოთხოვნათა დარღვევით კომლის წევრად ჩაწერის ფაქტი არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ, რამდენადაც მას ამის შესახებ მითითებული აქვს საქმის განხილვისას /იხ. საქმის წარმოება/.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ საქმის განხილვის დროს გ. ღ.-სთვის არ იყო ცნობილი საკრებულოს გადაწყვეტილების არსებობის სავალდებულობა კომლის წევრის რეგისტრაციისათვის, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რამდენადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, რის გამოც გ. ღ.-ის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შესაბამისად არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალური და პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ღ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.