¹ბს-79-74(კს-07) 13 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ......... ამხანაგობა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2004 წლის 23 თებერვალს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში .......... ამხანაგობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2001 წლის 24 ივლისის ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხისათვის ქირის სახით _ 3000 ლარის, ჯარიმის _ 176,6 ლარის დაკისრება და მოპასუხის მიერ ფართის გამოთავისუფლება (იხ. ს.ფ. 2).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე .......... გაერთიანების წარმომადგენელმა დ. ხ-ამ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ 47-48).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და .......... გაერთიანების წარმომადგენელ დ. ხ-ას შორის 2001 წლის 24 ივლისს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება, მოპასუხეს დაევალა ქ. თბილისში, ....... ქ. ¹27-ში მდებარე ფართის გამოთავისუფლება, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 66-67).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ქირის დავალიანებისა და ჯარიმის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 69-70).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ პ. ჭ-ე და რ. და თ. ჩ-ები (იხ. ს.ფ. 85).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინებით თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლო უწყება გაეგზავნა სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაზედაც მიღებულ იქნა პასუხი, რომ იგი გადასული იყო სხვა მისამართზე, თუმცა მას სასამართლოსათვის არ უცნობებია საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით და მიუთითა, რომ მისამართის შეცვლის შეუტყობინებლობის შემთხვევაში, უწყება იგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი იქ უკვე აღარ ცხოვრობდეს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 372-ე მუხლიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის 275-ე მუხლი, რომლის თანახმად, მხარეთა გამოუცხადებლობის პირობებში სასამართლო განუხილველად ტოვებს სარჩელს.
აღნიშნული განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ, მხარის გამოუცხადებლობის შედეგების მომწესრიგებელი ადმინისტრაციული და სამოქალაქო პროცესუალური ნორმების შედარებითი ანალიზის შედეგად, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უშვებს მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დაუსწრებლად. აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მხარეთა წერილობითი თანხმობის არარსებობისას, საქმე განიხილოს მათ დაუსწრებლად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261.1 მუხლი კრძალავს რა სსსკ-ის 26-ე თავის დებულებების გამოყენებას, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სსსკ-ის 231-ე მუხლის გამოყენებასაც, არ ზღუდავს სსსკ-ის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის, 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას (იხ. ს.ფ. 99-101).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს არეგულირებს სსსკ-ის 387-ე მუხლი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სსსკ-ის XXVI თავის დებულებანი.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი, რადგან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს (იხ. ს.ფ. 106).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობის მითითებული დათქმის შესაბამისად, ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც განსხვავებულად არ წესრიგდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით, უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო ნორმებით, რომლებიც მათი საპროცესო გადაწყვეტის წესებს ადგენს.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მოწინააღმდეგე მხარე, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ეცნობათ სასამართლოს სხდომის დღე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_78-ე მუხლებით დადგენილი წესით გონივრულ ვადაში /იხ. ს.ფ. 90/, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ აძლევდა სააპელაციო სასამართლოს 275-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქმის განხილვის განსხვავებული საპროცესო წესებია დადგენილი, კერძოდ, 26I-ე მუხლის I ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა, ხოლო III ნაწილით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, არამედ მხარის დაუსწრებლად, დავის არსებითად გადაწყვეტას შემაჯამებელი საპროცესო აქტის _ გადაწყვეტილების სახით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არამართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საქმის განხილვის უფლებამოსილება მოწესრიგებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლით, რომლის მიხედვით ასეთის წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა წერილობითი მოთხოვნა საქმის მათი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლი ადგენს მხარეთა უფლებას, წერილობითი შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს მათი დასწრების გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, რაც სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, განიხილოს საქმე გამარტივებული წესით. გამარტივებული წესით საქმის განხილვაში კანონმდებელი გულისხმობს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შესაძლებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I.3 მუხლით განსაზღვრული სასამართლოს უფლებამოსილება, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად საქმის განხილვისა და გადაწყვეტის თაობაზე, უნდა გავრცელდეს როგორც ერთი, ასევე ორივე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაზე, ვინაიდან მითითებული ნორმით მხარე გამოუცხადებლობის შემთხვევაში გარანტირებულია საქმის არსებითად განხილვის უფლებით და ეს უფლება არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მეორე მხარის გამოცხადება-არგამოცხადებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობის ლოგიკით სათუო ხდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I.3. მუხლით დადგენილი პროცესუალური გარანტია მხარის არგამოცხადების შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის თაობაზე, რაც პრაქტიკულად განაპირობებს ამ საპროცესო უფლების იგნორირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26I-ე მუხლის I ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების გამოყენების აკრძალვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ იკრძალება ამ თავის ნორმებში მითითებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმების გამოყენება, შესაბამისად, 26I.3. მუხლი ნორმის ინტერპრეტაციის უფლებამოსილებაზე დაყრდნობით, როგორც საპროცესო უფლების დამდგენი ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს პროცესის მონაწილის /მონაწილეთა/ სასარგებლოდ და არა საზიანოდ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების არამართებული გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის თაობაზე, ემყარება საპროცესო ნორმების არასწორ განმარტებას, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, როგორც უკანონო.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, 26I.3; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3; 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.