Facebook Twitter
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ


ბს-807-776(კს-08) 31 ივლისი, 2008 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.08წ. განჩინებით მ. ნ-ეს უარი ეთქვა აღძრული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე და დაუბრუნდა უკან. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ნ-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.03.08წ. განჩინებით მ. ნ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.08წ. განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლოს განჩინებით განიმარტა აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივების უფლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.08წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
განსახილველ შემთხვევაში მ. ნ-ის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.02.08წ. განჩინება. კერძო საჩივარი განსახილველად გადაეცა ზემდგომ სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელმაც გამოიტანა განჩინება მ. ნ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია მ. ნ-ის კერძო საჩივარზე მიღებული ზემდგომი სასამართლოს განჩინება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი სსკ-ის 419 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, რის გამო იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 401-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.