Facebook Twitter

¹ბს-819-781(კს-07) 12 დეკემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ.-ე

'

მოწინააღმდეგე მხარე - ,,მ.-ა»

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 2 ივლისს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარმა არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ამხანაგობა «მ.-ის» მიმართ ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობის შეჩერებისა და დარღვევის გამოსწორების თაობაზე.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე ამხანაგობა «მ.-ს» დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აეკრძალა ...-ს ქუჩის ¹2-სა და ...-ის ქ. ¹31-ის გადაკვეთაზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე (მოსარჩელე ნ. ხ.-ე, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური, მესამე პირი ამხანაგობა «მ.-ი»).

2005 წლის 14 იანვარს ამხანაგობა «მ.-ის» თავმჯდომარემ საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ხ.-ე. ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა. მოპასუხე ამხანაგობა «მ.-ს» დაევალა შეთანხმებული პროექტის გაუთვალისწინებლად დაშვებული დარღვევების გამოსწორება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით მესამე პირის - ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ.-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ნ. ხ.-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ, მართალია, ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში, მაგრამ განსახილველ დავაში ნ. ხ.-ე მესამე პირად ჩაბმულ იქნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, რის გამოც, ამავე კოდექსის 16.5 მუხლის თანახმად, მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ჰქონდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინება ნ. ხ.-ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ასევე საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების წესს საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ნ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მარტის განჩინება.

2006 წლის 16 ოქტომბერს ნ. ხ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ ,,მ.-ისათვის» მშენებლობის პროექტზე ნებართვა გაცემულია 2002 წლის 29 ნოემბერს, უფლებამოსილება შეჩერებული თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ, რომელსაც ეს უფლება 2002 წლის 15 ნოემბრის თბილისის საკრებულოს დადგენილების შემდეგ არ ჰქონდა და მის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც უკანონი იყო, მას არ გააჩნდა აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ძალა.

ამასთან, საქმის განხილვის დროს დაშვებულ იქნა არაერთი პროცესუალური დარღვევა, რა მოტივითაც განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრისა და იმავე სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებებზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 თებერვლის განჩინებით ნ. ხ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ნ. ხ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ხ.-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი განცხადების ავტორის მიერ არ იქნა შევსებული, კერძოდ, ნ. ხ.-ის მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) ზუსტ დასახელებას; მითითებას იმ საფუძველზე (ფაქტობრივი და სამართლებრივი), რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის წარმოების განახლება. მითითებას იმ გარემოებებზე, რომელიც მოწმობდნენ, რომ დაცულია განცახდების შეტანის ვადა და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებეზე; მითითებას იმის შესახებ თუ რა ზომით, რა ფარგლებში მოითხოვდა გამცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ.-მ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განჩინებით ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ნ. ხ.-ე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს მთავარი არქმშენინსპექციის სარჩელზე მოპასუხე ამხანაგობა «მ.-ის" მიმართ საქმეში ჩართული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მე-3 პირის სტატუსით, რაც იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ართმევდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით.

2006 წლის 26 ოქტომბერს ნ. ხ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და ითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ხ.-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და თვლის, რომ არ არსებობს განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუU ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი რასაც მოჰყვა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; სასამართლოს განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ზემოაღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში იმავე საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, განმცხადებელი ვალდებულია, მიუთითოს ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ საფუძველზე, კერძოდ იმაზე, რომელზე დაყრდნობითაც ითხოვს საქმის წარმოების განახლებას. საგულისხმოა, რომ განმცხადებელი ვერ უთითებს ვერცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა ნ. ხ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ მას, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩაბმულ მე-3 პირს საპროცესო კანონმდებლობა არ აძლევდა გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების სამართლებრივი ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ვერცერთ იმ საფუძველს, რაც შესაძლოა იქცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძვლად.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარში წარმოდგენილ მოტივებს, მითითებული შეეხება საქმის არსებით და ფაქტობრივ მხარეს, რაც თავისთავად ვერ იქცევა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების პროცესუალურ წანამძღვრად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებულ პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. ნ. ხ.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.