Facebook Twitter

ბს-830-798(2კს-08) 12 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა

მოსარჩელეები _ ტ. ლ-ი და თ. ნ-ი

მოპასუხე _ ქალაქი რუსთავის მთავრობა

მესამე პირები _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტ. ლ-მა და თ. ნ-მა 2003 წლის ივნისში სარჩელით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. რუსთავის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 10 მარტის ¹49, 8 აპრილის ¹75 დადგენილებებისა და 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების ბათილად ცნობა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები: ქ. რუსთავის მთავრობის ¹49 და ¹75 დადგენილებები და ქ. რუსთავის მერიის ¹39 განკარგულება მიღებულია და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და დაევალა მოპასუხეს სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისად ახალი ადმინისტრაციული აქტები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. რუსთავის მთავრობამ. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში.

ტ. ლ-მა და თ. ნ-მა 2005 წლის 29 მარტს განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ტ. ლ-მა და თ. ნ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინებით ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 მარტის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვათ განმცხადებლებს ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერებაზე და შეჩერდა ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 5 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე, რომლითაც შეჩერდა ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედება, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულომ 2008 წლის 24 ივნისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განახორციელოს რუსთავის თვითმმართველობამ ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერება, როცა აღნიშნული დადგენილებით რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულია 2003 წელს; მოქმედების შეჩერება კი გულისხმობს, რომ რუსთავის თვითმმართველობას უფლება არ აქვს განახორციელოს რაიმე ქმედება აღნიშნული დადგენილების მიმართ, რაც რეალურად ხორციელდება კიდეც. განმცხადებელმა მოითხოვა ასევე იმ სამართლებრივი შედეგების განმარტება რაც მოყვება ¹75-ე დადგენილების მოქმედების შეჩერებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება Eშემდეგ მოტივებს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების განმარტების მითითებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობები, რადგან მოცემულ საქმეზე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო არ წარმოადგენს მხარეს, ამასთან სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი არ არის ბუნდოვანი და იგი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ საჭიროებს განმარტებას.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დაევალოს განმარტოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შინაარსი. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო არ წარმოადგენს მხარეს, არასწორია. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ერთეული – დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საგადასახადოში ორგანოში რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობა (წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო და აღმასრულებელი ორგანო – მერია) დარეგისტრირებულია, როგორც ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. როგორც დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, თვითმმართველ ერთეულს აქვს ერთი საიდენტიფიკაციო ნომერი, ერთი საბანკო ანგარიში და ერთი ბეჭედი. ამასთან თვითმმართველი ერთეულის ერთადერთი კოლეგიური ორგანო ახალი ორგანული კანონის შესაბამისად არის საკრებულო, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას და ნორმატიულ აქტს – დადგენილებას. ვინაიდან 2003 წლის 8 აპრილს ¹75 დადგენილება მიიღო მაშინდელმა კოლეგიურმა ორგანომ – რუსთავის მთავრობამ, (რომლის არსებობას ახალი ორგანული კანონი აღარ ითვალისწინებს), ყოფილი რუსთავის მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული აქტის შეჩერების უფლებამოსილება აქვს რუსთავის საკრებულოს. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება ,,ადგილობრივი სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”. ვინაიდან დადგენილების შინაარსი ეხება სამსახურის ლიკვიდაციას, მისი შეჩერება საკრებულოს უფლებამოსილებაა და არა მერის, როომელიც ამავე ორგანული კანონის თანახმად გამოსცემს მხოლოდ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის ნამდვილად გაურკვეველია როგორ უნდა განხორციელდეს ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერება, რადგან ეს დადგენილება აღსრულებულია _ ლიკვიდაციის პროცესი დასრულებულია 2003 წელს. მოქმედების შეჩერება კი გულისხმობს, რომ რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება არ აქვს განახორციელოს რაიმე ქმედება აღნიშნული დადგენილების მიმართ, რაც რეალურად ხორციელდება კიდეც. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სწორედ ამიტომაა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც შეჩერდა ქ. რუსთავის მთავრობის 2003 წლის 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედება, გაურკვეველი და ბუნდოვანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს რომ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო არ წარმოადგენს მხარეს და ამის გამო სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივნისის სხდომაზე აპელანტი ქ. რუსთავის მთავრობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე; სააპელაციო პალატის ამ განჩინებას დაეთანხმნენ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის წარმომადგენელი ბ. ფ-ე და ტ. ლ-ი და იმავე სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კერძო საჩივრით არ ასაჩივრებდნენ (ს.ფ. 230).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 419-420-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის კერძო საჩივარი;

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.