ბს-838-806(კს-08) 10 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. ი.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
16.02.05წ. ჯ. ი.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და ...-ის თემის საკრებულოს 05.06.01წ ¹232 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ბრძანებით მოხდა სოფელ ...-ის საკრებულოს ბალანსზე რიცხული ყოველდღიური ბაზრის რეორგანიზაცია და ამ ბაზარში დასაქმებულ პირთა სამუშაოდან განთავისუფლება. აღნიშნული ბრძანებით თავად მოსარჩელე ჯ. ი.-ს, რომელიც ...-ის ყოველდღიური ბაზრის დირექტორი იყო, ბაზრის ქონების ბაზაზე შპს ,,...-ის” დაფუძნებამდე და მის ფუნქციონირებამდე, დაევალა ...-ის ყოველდღიური ბაზრის დირექტორის მოვალეობის შესრულება. ჯ. ი.-მა სარჩელში მიუთითა, რომ სადავო ¹232 ბრძანება მისი გამოცემის მომენტისათვის მას პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებდა, რადგანაც აღნიშნული ბრძანებით ჯ. ი.-ს ბაზრის დირექტორის მოვალეობის შესრულება დაევალა. 22.06.01წ. სახელმწიფო ქონების მართვის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსმა გამოსცა ბრძანება ¹17, რომლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ...-ის ყოველდღიური აგრარული ბაზრის ქონების ბაზაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს ,,...-ის” დირექტორად დაინიშნა სხვა პირი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქონების მართვის სამმართველოს უფროსის ¹17 ბრძანების მე-5 პუნქტის ბათილად ცნობაზე სასამართლოს მიერ უარი ეთქვა, რამაც საშუალება მისცა ქონების მართვის სამმართველოს და ...-ის თემის საკრებულოს დირექტორად დაენიშნათ სხვა პირი, უკვე ხელმეორედ. არნიშნულმა ფაქტმა, მოსარჩელის განცხადებით, უკვე უტყუარად დაადასტურა, რომ ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის ¹232 ბრძანება უშუალო ზიანს აყენებდა. ჯ. ი.-ის აზრით, ¹232 ბრძანებამ სწორედ ამ ეტაპზე მიაყენა მას პირდაპირი და უშუალო ზიანი და მოსარჩელეს წარმოეშვა მისი გასაჩივრების უფლება. ჯ. ი.-მა აღნიშნა, რომ სადავო ¹232 ბრძანება გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის - სოფელ ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, მაშინ როდესაც ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის” შესახებ კანონის თანახმად, ქონების მართვის, განკარგვის ან რეორგანიზაციის უფლება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ საკრებულოს და არა მის თავმჯდომარეს. აღნიშნულ საკითხზე სოფელ ...-ის საკრებულოს დადგენილება არ არსებობს. ჯ. ი.-ი მიიჩნევს, რომ ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარე ჯ. ნ.-მ 2001 წლის 05 ივნისს თავისი უფლებამოსილების გადამეტებით გამოსცა ნორმატიული ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტი, რაც მოსარჩელის აზრით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე და ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლების საფუძველზე მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 13.04.05წ. გადაწყვეტილებით ჯ. ი.-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზულობის გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯ. ი.-მ სარჩელით სასამართლოს მიმართა ადმინისტრაციული აქტის გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 13.04.05წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სოფელ ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის ¹232 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ განჩინებით მოწინააღმდეგე მხარე, სოფელი ...-ის საკრებულო, შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სოფელ ...-ის რწმუნებულით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08წ განჩინებით დაკმაყოფილდა ჯ. ი.-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 13.04.05წ გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ი.-ის სარჩელი დარჩა განუხილველი მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ი.-მ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ განჩინების შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მისი ჩაბარების შემდეგ. ადვოკატმა განუმარტა, რომ სარჩელის გამოხმობა მისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუმცა, ეს ასე არ ყოფილა. თარჯიმანი რომ ჰყოლოდა, თავიდანვე გაარკვევდა ყველაფერს. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის საქმის განსახილველად გადაცემა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯ. ი.-მ საპელაციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა 13.04.05წ. ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ასევე სოფელ ...-ის თემის საკრებულოს თავმჯდომარის ¹232 ბრძანების ბათილად ცნობა. 23.04.08წ. სააპელაციო სასამართლოს სხომაზე აპელანტმა ჯ. ი.-მ შუამდგომლობა აღძრა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების უკან გამოხმობის შესახებ, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე ჯ. ნ.-ი. აღნიშნულის საფუძველზე, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტით, ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და ჯ. ი.-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 9.4 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მხარეს თარჯიმანი მიეჩინება იმ შემთხვევაში, თუ ის მოითხოვს თარჯიმნის დანიშვნას. ჯ. ი.-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 9.4 მუხლის საფუძველზე ჰქონდა უფლება მოეთხოვა თარჯიმნის დანიშვნა, თუ ის თვლიდა, რომ მან არ იცოდა სამართალწარმოების ენა სათანადო დონეზე. ჯ. ი.-ს და მის წარმომადგენელს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს ამგვარი მოთხოვნით. ჯ. ი.-ი საპროცესო დოკუმენტაციას (სასარჩელო განცხადება, სააპელაციო საჩივარი, კერძო საჩივარი) ხელს აწერს ქართულ ენაზე, სააპელაციო საჩივარში პრეტენზია თარჯიმნის არ დანიშვნასთან დაკავშირებით არ გამოთქმულა, საქმეში დაცული სხდომის ოქმების მიხედვით ჯ. ი.-ი სიტყვით გამოდიოდა სასამართლო სხდომებზე (ს.ფ. 19, 22,61). საქმის განმხილველ სასამართლოს, მხოლოდ იმ მიზეზით რომ პროცესის მონაწილე მხარე სხვა (არაქართული) ეროვნების წარმომადგენელია არ აკისრია მხარისათვის თარჯიმნის დანიშვნის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ხსენებული გარემოება არ ქმნის სადავო განჩინების გაუქმების საფუძველს.
აპელანტმა 23.04.08წ. სასამართლო სხდომაზე მოითხოვა სასარჩელო განცხადების გამოხმობა. სსკ-ის 831 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სასამართლოს არ აკისრია მოსარჩელისათვის სარჩელის გამოხმობის მიზანშეწონილობის განმარტების ვალდებულება.
აღნიშნულიდან გამომდიარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ი.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.08 განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.