ბს-857-821(კს-06) 19 ივნისი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ი.-ი”
მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 23 სექტემბერს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს “ი.-მ” სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიმართ და მოითხოვა ფულადი ვალდებულების შესრულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 1999 წლის 21 აპრილს, 2000 წლის 1 სექტემბერს და 2001 წლის 20 თებერვალს დაიდო ხელშეკრულებები სახელმწიფო სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ბავშვთა სამედიცინო და უმწეოთა დახმარების პროგრამით გათვალისწინებული პროფილური დახმარების გაწევისა და შესაბამისი საფასურის დაფარვის შესახებ. მოპასუხეს დღემდე შესასრულებელი ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება, რაც აღიარებული იყო მხარეთა მიერ 2003 წლის 29 იანვრის ურთიერთშედარების აქტებით. მოპასუხეს გადასახდელი ჰქონდა უმწეოთა დახმარების სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე 6143,19 ლარი, ხოლო ბავშვთა სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე 23189,79 ლარი, სულ 29332,98 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობამ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო ...-ის ინსტიტუტი, დღემდე არ გაცემულა ხელფასები, ბიუჯეტის მიმართ შესასრულებელი იყო მთელი რიგი ვალდებულებები (ს.ფ. 10).
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (ს.ფ. 44).
2004 წლის 15 იანვარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა 2003 წლის 29 იანვრის შედარების აქტის ბათილად ცნობა.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლის 29 იანვრის შედარების აქტი, რომელზეც მოსარჩელე უთითებს, ხელმოწერილია ორმხრივი კომისიის წევრების მიერ და დამოწმებულია სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ბეჭდით.
შეგებებული სარჩელის მოსარჩელის განმარტებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ესე იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ფონდის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა წრის უფლებებსა და მოვალეობებს არის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გაფორმებული უნდა იყოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. 2003 წლის 29 იანვრის შედარების აქტი, რომელსაც მოსარჩელე სარცელში ეყრდნობა, დამოწმებულია სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის ბეჭდით და ამ კომპანიის დირექტორის ხელმოწერით. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის ¹625 ბრძანებულებით, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდა და ამ ორი უწყების ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი. ამდენად, 2003 წლის 29 იანვრისათვის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღარ ფუნქციონირებდა და მისი სახელით ურთიერთშედარების აქტის გაფორმებაც სამართლებრივად შეუძლებელი იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული მოსარჩელის მოსაზრებით, სახეზეა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გამოცემულია არარსებული ორგანოს მიერ და დამოწმებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნული კი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია (ს.ფ. 53-54).
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შუამდგომლობა და შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო (ს.ფ. 59-62).
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიან ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 29332,98 ლარის გადახდა (ს.ფ. 64-66).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 69-71).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა სააპელაციო წარმოება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2006 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა, რომელმაც უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, რასაც ადგილი ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილება იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ხოლო 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას (ს.ფ. 102-103).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმით რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რომლითაც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს სს “ი.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 29332,98 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა იმ საფუძვლით თქვა უარი სააპელაციო საჩივარზე, რომ უკვე შეასრულა ვალდებულება და მოახდინა თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, მას უნდა მოეთხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და საქმის წარმოების შეწყვეტა ვალდებულების შესრულების გამო. ამჟამად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ვალდებულებაც შესრულებულია და იმავდროულად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც შედის კანონიერ ძალაში, რომელიც დაექვემდებარება აღსრულებას, რაც უდავოდ კანონსაწინააღმდეგო იყო (ს.ფ. 108-109).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის კანონსაწინააღმდეგობის შესახებ დაუსაბუთებელია და სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევას ადგილი არ აქვს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ მოპასუხე აპელანტს, რომლის საწინააღმდეგოდაც გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეკრძალება, უარი განაცხადოს სააპელაციო საჩივარზე, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ მოსარჩელის მოთხოვნას ნებაყოფლობით დააკმაყოფილებს. კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ასეთ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის კანონსაწინააღმდეგობა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისას, მხარეთა არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, არსებობს კანონიერ ძალაში შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებისა და, ამდენად, ვალდებულების ორჯერ შესრულების საფრთხე. საკასაციო სასამართლო ასეთი საფრთხის არსებობას ვერ მიიჩნევს აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საპროცესო უფლების წართმევის კანონიერ საფუძვლად. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას ხუთი დღის ვადაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. თუკი კრედიტორი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდება და მეორედ მოითხოვს შესრულებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გზით, ადმინისტრაციული ორგანოს სრული შესაძლებლობა აქვს, სასამართლო აღმასრულებელს წარუდგინოს ვალდებულების შესრულებისა და ამდენად, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების დოკუმენტი. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელობა შეგნებულად ვალდებულებას განმეორებით შეასრულებს, მის მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებას, აღნიშნულს აპელანტს ვერ წავართმევთ არაკეთილსინდისიერების შესაძლო საფრთხის შიშით. ეს აპელანტის ფუნდამენტური საპროცესო უფლებაა, რომლის განკარგვა აპელანტის ნებაზეა დამოკიდებული. სხვაგვარად, სავარაუდო საფრთხე, რაზედაც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, ნებისმიერ დროს არსებობს მხარეთა არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მათ შორის, საქმეზე წარმოების დასრულებისა და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც, მაგრამ იგი არ წარმოადგენს მხარეთა საპროცესო უფლებების შეზღუდვის საფუძველს, არამედ ასეთი შემთხვევა რეალურად დადგომისას არაკეთილსინდისიერი მხარისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის არსებით კანონიერებას, აღნიშნულს კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის. ამასთან, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ მოსარჩელე სს “ი.-ის” მიმართ ნაკისრი სადავო სახელშეკრულებო დავალიანების არსებობა, რის გამოც სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ამ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება და ამის გამო სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.