Facebook Twitter

¹ბს-861-825(კს-06) 13 ივნისი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. კ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ.-მ 2003 წლის 27 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი საპენსიო თანხის გადაანგარიშება 35 ლარის სანაცვლოდ 45 ლარის ოდენობით 1997 წლის დასაწყისიდან 2003 წლის ივლისამდე (ტ.1, ს.ფ. 2-5).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ერთიანი სოცფონდის ხაშურის რაიგანყოფილებას დაევალა საპენსიო სხვაობის სახით მოსარჩელისათვის 780 ლარის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ. 22).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულმა ფილიალმა. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.1, ს.ფ. 24-26).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. კ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 41-47).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. კ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა (ტ.1, ს.ფ. 58-64).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 82-87).

2005 წლის 7 ივნისს გ. კ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ხაშურის რაიონის სამხედრო კომისარიატის 2003 წლის 3 ივლისის ცნობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც აღუდგა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სტატუსი, განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონულ ფილიალს და მოითხოვა 78 თვის საპენსიო სხვაობის, თვეში 10 ლარის ოდენობით, სულ _ 780 ლარის ანაზღაურება. მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ იგი 1998 წლის 1 იანვრიდან პენსიას იღებდა, როგორც ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი, 2003 წლის ივლისიდან _ როგორც ომის მონაწილე, რა დრომდეც მას, როგორც ომის მონაწილეს, პენსიის გადასაანგარიშებლად არ მიუმართავს. ასეთი პასუხის გამო სოცფონდის რაიონული ფილიალის მიმართ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში, რაც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის სასარგებლოდ 780 ლარის გადახდა დაევალა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რც მან საკასაციო წესით გაასაჩივრა.

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლომ 2004 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე საქმის განხილვისას მხარეთა თანდასწრებით დაათვალიერა სოცფონდის ხაშურის რაიონულ ფილიალში არსებული მისი საპენსიო საქმე, რა დროსაც გამოიკვეთა მისთვის მანამდე უცნობი ეჭვისგამომხატველი ახალი გარემოებების ფაქტები, მათ შორის, ერთი და იგივე თარიღით ერთი და იმავე სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული სხვადასხვა შტამპით და ბეჭდით შემოწმებული ცნობა. დათვალიერებისას საპენსიო საქმეში არ აღმოჩნდა აგრეთვე სამხედრო კომისარიატის 1997 წლის 15 იანვრის ცნობა მისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ.

საკასაციო სასამართლომ მისი საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

გ. კ.-ის მითითებით, ყველა ინსტანციის სასამართლომ ერთსა და იმავე მოტივაციაზე დაყრდნობით დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლო განხილვისას მის ხელთ არსებული მონაცემებზე ორიენტირებული მის საჩივრებში აღნიშნული ყველა არგუმენტი და გამოიტანა ერთი და იმავე დატვირთვის მქონე ორ ძირითად მოტივზე აგებული გადაწყვეტილებები. აქედან პირველი ეფუძნებოდა ხაშურის სამხედრო კომისარიატის მიერ 1997 წლის 15 იანვარს გაცემულ ცნობას, რომლის მიხედვითაც მისი სტატუსი მიჩნეულ იქნა, როგორც ომის ვეტერანთან გათანაბრებულის და რომ აღნიშნული ცნობა 1997 წლის 29 იანვარს მან ჩააბარა სოცფონდის ხაშურის ფილიალს და მეორე _ რომ ამ ცნობის შესაბამისად ამავე ფილიალმა “სახელმწიფო პენსიების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების 158-ე მუხლის თანახმად, სწორად მოახდინა გადაანგარიშება და მისი პენსია განსაზღვრა 35 ლარის ოდენობით.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალტის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილის არგუმენტების გაცნობისას და იმ გარემოებების გაანალიზებისას, რაც უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მისი საპენსიო საქმის დათვალიერებისას გამოიკვეთა, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ აღნიშნული ფაქტების გადამოწმებისას მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, სააპელაციო პალატა ვალდებული გახდებოდა, მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოეტანა.

გ. კ.-ის მითითებით, საქმესთან დაკავშირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა მოძიების მიზნით რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილებისა და სოცფონდის ხაშურის ფილიალის ხელმძღვანელთა თანამონაწილეობით სამხედრო აღრიცხვისა და საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტების გადამოწმებისას დადგინდა სამხედრო კომისარიატის მიერ მასზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ 1997 წლის 15 იანვრის ცნობის ნამდვილობა, აგრეთვე, საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტების აშკარად გამოხატული საეჭვო უზუსტობანი, რითაც ხელოვნურად მოისპო სოცფონდის ხაშურის ფილიალში მის მიერ წარდგენილი ხაშურის სამხედრო კომისარიატის 1997 წლის 15 იანვრის ცნობა მასზე ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ და ხელოვნურად განხორციელდა მის ადგილას ომის ვეტერანებთან გათანაბრებული სტატუსის ამსახველი ცნობის ჩანაცვლება. სოცფონდის ხაშურის ფილიალის არამართლზომიერი ქმედებით მოხდა არასწორი სამართლებრივი საფუძვლით ,,სახელმწიფო პენსიებისა დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” დებულების 158-ე მუხლის შესაბამისად მისი საპენსიო თანხის გადაანგარიშება 1998 წლის იანვარში, ნაცვლად ომის ვეტერანის სტატუსით გათვალისწინებული 45 ლარისა, ომის ვეტერანებისათვის გათანაბრებულებისათვის გათვალისწინებულ 35 ლარზე.

გ. კ.-ის მითითებით, იგი სამხედრო აღრიცხვაზე ითვლება არა სამხედრო კომისარიატში, არამედ უშიშროების სამინისტროს სისტემაში. ამის გამო ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების საკითხი განიხილება და გადაწყდება სამხედრო კომისარიატში მხოლოდ პირადი განცხადების და ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონით. სამხედრო კომისარიატმა ვეტერანის სტატუსი დაუდგინა მის მიერ წარდგენილი 1943-1945 წლებში მოქმედ არმიაში სამსახურის ცნობით და შეიყვანა დამატებით სიაში. საქმესთან დაკავშირებული ახალი გარემოებების გადამოწმებისას დადგინდა 1997 წლის 15 იანვრის ცნობის ნამდვილობა, რაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მითითებულ ცნობაზე შს ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამხედრო კომისარიატის მაშინდელი მოადგილის, ამჟამად გამგეობის სამხედრო განყოფილების სპეციალისტ თ. ლ.-ის მიერ მისი ადვოკატისადმი ნოტარიული წესით დამოწმებული 2005 წლის 6 მაისის საპასუხო განმარტებით. რაც შეეხება გამგეობის სამხედრო განყოფილების 2005 წლის 11 აპრილის წერილში მინიშნებულ ომის ვეტერანის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის ე. წ. ,,საკანცელარიო ბეჭედით” დამოწმებას და ამ “ხარვეზის” გამო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულის სტატუსის მასზე დროებით მიკუთვნებას, გ. კ.-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ომის ვეტერანის სტატუსის შეცვლის ე. წ. ,,ხარვეზები” არანაირ კანონისმიერ მოტივირებულ საფუძველს არ წარმოადგენს, გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არსებობს არანაირი ,,საკანცელარიო ბეჭედი,” რომლითაც რეგულირდება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის შექმნისა თუ გამოყენების პრაქტიკა, გარდა სათანადო უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ რეგისტრირებული შტამპის და სახელმწიფო ბეჭდისა, რითაც ფაქტობრივად დამოწმებულია მის მიერ წარდგენილი ცნობა. ის ფაქტი, რომ რუსეთის უშიშროების სამინისტროს არქივიდან 2003 წლის ივლისში მიღებულ იქნა დასტური, რის საფუძველზეც ,,მოქალაქე კ.-ს აღუდგა ომისა და შეიარაღებული ძალების მონაწილის სტატუსი,” მოქმედ არმიაში მისი სამსახურის ამსახველი საარქივო მონაცემების ნამდვილობის დამადასტურებელია. სოცფონდის ხაშურის ფილიალში არსებული მისი საპენსიო საქმის გადამოწმებისას აღმოჩნდა ხაშურის სამხედრო კომისარიატის მიერ მის სახელზე გაცემული 1997 წლის 15 იანვრით დათარიღებული და შინაარსის შესაბამისად ურთიერთიდენტური, ხოლო სხვა ცალკეული მახასიათებლებით ერთიმეორისაგან რადიკალურად განსხვავებული, ამასთანავე, წინააღმდეგობრივი, მაგრამ მთლიანობაში რეალობასთან აშკარად შეუსაბამო ფაქტების ამსახველი ორი უკანონო ცნობა, რომელთა მიხედვით, ,,სახელმწიფო პენსიების დანიშვნის და გაცემის წესის შესახებ” დებულების 158-ე მუხლით მუხლით, მისი საპენსიო გაანგარიშება ნაცვლად “ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონით კუთვნილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისა, ომის ვეტერანებთან გათანაბრებული სტატუსითაა დარეგულირებული.

გ. კ.-ის აზრით, საპენსიო საქმეში არსებული დოკუმენტების უკანონობაზე მიანიშნებს შემდეგი გარემოებანი: საპენსიო საქმეში ფიგურირებს მისი ომის ვეტერანთან გათანაბრების შესახებ ხაშურის სამხედრო კომისარიატის მიერ ერთი და იგივე რიცხვით დათარიღებული და გაცემული ორი ცნობა, მაშინ როდესაც ამ თარიღით მას მიეკუთვნა ომის ვეტერანის სტატუსი და შეყვანილ იქნა ამ კატეგორიის ომის მონაწილეთა დამატებით სიაში.

განმცხადებლის მითითებით, არსებული გარემოებების შესაბამისად მოძიებული მასალებით და საპენსიო საქმის გადამოწმებით დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში მინიშნებული ერთი და იგივე სამხედრო კომისარიატის განსხვავებული შტამპითა და ბეჭდით დოკუმენტის დამოწმების ფაქტი, თუმცა არსებითი სახესხვაობით. სულ სხვა სურათი გამოიკვეთა საპენსიო საქმის გადამოწმებით. ცნობაზე ტიტულოვანი სახელწოდებით: ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაშურის სამხედრო კომისარიატი” აღინიშნება ორი პირის ხელმოწერა: ერთი სამხედრო კომისრის, ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით, მეორე _ ამავე კომისარიატის განყოფილების უფროსის მ. ბ.-ის, რომელიც იმ დროს იყო უფროსი ლეიტენანტი და კაპიტნის წოდება ბევრად უფრო გვიან, სამი წლის შემდეგ _ 1999 წლის 27 მაისს მიიღო, რაც იმის დასკვნის საფუძველს იძლევა, რომ დასახელებული ცნობა 1999 წლის 27 მაისის შემდეგაა გაცემული და არა 1997 წლის 15 იანვარს. იგი ხაშურის სოცფონდის თანამშრომელთა ძალისხმევით გაურკვეველ ვითარებაშია მოხვედრილი მის საპენსიო საქმეში, მათ მიერვეა კანონიერ ცნობას ხელოვნურად ჩანაცვლებული.

გ. კ.-ის აზრით, განცხადებაში მითითებული ფაქტები შეესაბამება ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. სოცფონდის რაიონულ ფილიალსა და სამხედრო უწყებაში საქმის დოკუმენტების გადამოწმებისას წარმოჩენილი ფაქტები ცალსახად მეტყველებს, რომ არ გააჩნდა ეჭვის გამომხატველი არანაირი ინფორმაცია, ვიდრე მისთვის ცნობილი არ გახდა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ მხარეთა თანდასწრებით მისი საპენსიო საქმის დათვალიერებისას აღმოჩენილი ორი ძირითადი ეჭვის გამომხატველი ფაქტი: ერთი _ სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული ორი სხვადასხვა შინაარსის გამომხატველი (ომის ვეტერანის და ომის ვეტერანთან გათანაბრებული) ცნობის იმავე სამხედრო უწყების განსხვავებული შტამპით და ბეჭდით დამოწმების ფაქტი და მეორე ის, რომ ამ დათვალიერებისას საპენსიო საქმეში არ აღმოჩნდა მის მიერ 1997 წლის 29 იანვარს სოცფონდის რაიონულ განყოფილებაში წარდგენილი ცნობა მისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ. გ. კ.-ის აზრით, განცხადებაში მინიშნებული ყველა ფაქტი სავსებით შეესაბამება საქმესთან დაკავშირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა რეალობას და დამაჯერებლად მიანიშნებს მისი მოთხოვნის კანონიერებაზე.

განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე გამოტანილი ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხაშურის რაიონული ფილიალსათვის მის სასარგებლოდ პენსიათა შორის სხვაობის სახით 680 ლარის გადასახდელად დაკისრება (ტ.2, ს.ფ. 1-10).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინებით გ. კ.-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:

სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ, ან მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამასთან, 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას 2005 წლის 7 ივნისს მიმართა. ამასთან, იგი თავის განცხადებაში ახალად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მისი საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეთა თანდასწრებით დათვალიერებულ იქნა საპენსიო საქმე, სადაც გამოიკვეთა მანამდე მისთვის უცნობი ეჭვის გამომხატველი ახალი გარემოება, კერძოდ საპენსიო საქმეში არ არსებობდა მის სახელზე სამხედრო კომისარიატის 1997 წლის 15 იანვრის ცნობა მასზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების შესახებ და არსებობდა იმავე სამხედრო კომისარიატის მიერ გაცემული, იმავე რიცხვით დათარიღებული, ბეჭდით და შტამპით შემოწმებული ცნობა მისთვის ომის ვეტერანებთან გათანაბრებული სტატუსის მიკუთვნების შესახებ. განმცხადებლის მოსაზრებით, თუ აღნიშნული ფაქტების გადამოწმებისას მოპოვებული მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, თუნდაც სასამართლოს ინიციატივით, საქმის სასამართლო განხილვისას მოსამზადებელ, ზეპირი ან მხარეთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სტადიაზე, სააპელაციო პალატა ვალდებული გახდებოდა გამოეტანა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განცხადებაში აღნიშნული გარემოებები, განმცხადებლის განმარტების მიხედვით, განმცხადებლისთვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დავის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით განხილვისას, კერძოდ 2004 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე. ამდენად, საქმის განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2004 წლის 3 დეკემბერს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება. გ. კ.-ს საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოსათვის განცხადების მიმართვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა არ დაუცავს (ტ.2, ს.ფ.48-53).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. კ.-მ, რომელმაც მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება და მისი განცხადების არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს მის 2005 წლის 22 მაისის განცხადებაში მინიშნებულ ფაქტზე, რომ საკასაციო სასამართლომ მისი საკასაციო საჩივრის განხილვისას 2004 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე მხარეთა თანდასწრებით დაათვალიერა საქმეში არსებული მასალები, რა დროსაც გამოიკვეთა ჯერ კიდევ მისთვის უცნობი, ეჭვის გამომხატველი ახალი გარემოებების ფაქტები. იმავე განცხადებაში შემდგომ დაფიქსირებულია, რომ თუ აღნიშნული ფაქტების გადამოწმებისას მოპოვებული მტკიცებულებები წარდგენილი იქნებოდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, თუნდაც სასამართლოს ინიციატივით საქმის სასამართლო განხილვის მომზადების, ზეპირი ან მხარეთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სტადიაზე, საპელაციო პალატა ვალდებული გახდებოდა, გამოეტანა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. აღნიშნული არგუმენტი ცალსახად და დამაჯერებლად მიანიშნებს იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს 3 დეკემბრის სხდომაზე მხარეთა თანდასწრებით დოუმენტების დათვალიერებისას არანაირი არსებითად დასრულებული ახლად აღმოჩენილი გარემოებანი არ გამოვლინებულა, არამედ მთელი პროცედურის მიხედვით მხოლოდ და მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ეჭვის გამომხატველი ვითარება გამოიკვეთა, რომლის რეალობაც, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ფაქტი, შემდგომში სოციალური ფონდის ხაშურის რაიონულ ფილიალში, ამავე რაიონის სამხედრო კომისარიატსა და გამგეობის სამხედრო განყოფილებაში დოკუმენტების გადამოწმებით უნდა დადგენილიყო, რაც, ფაქტობრივად, განხორციელდა უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 3 დეკემბრის დასაბუთებული განჩინების 2005 წლის 7 თებერვალს მისთვის ჩაბარების შემდეგ, რა დროსაც მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ფაქტების მოძიების მიზნით ადგილზე დოკუმენტების გადამოწმებისას იქნა მოპოვებული, მათ შორის, ხაშურის სამხედრო კომისრის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ხაშურის გამგეობის სამხედრო განყოფილების სპეციალისტის ხელმოწერით დამოწმებული მისი ომის ვეტერანის სტატუსის განმსაზღვრელი ცნობის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გ. კ.-ის აზრით, ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ მისთვის საქმესთან დაკავშირებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ფაქტი ცნობილი გახდა არა უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის სასამართლო სხდომის წინ ან თვით სხდომაზე საქმის განხილვისას, ან უზენაესი სასამართლოს განჩინების ჩაბარებისას, არამედ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივად ყოველმხრივ დასაბუთებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა დაზუსტების მიზნით მოძიებისას, ხაშურის სამხედრო კომისრის ყოფილი მოადგილის თ. ლ.-ის 2005 წლის 6 მაისით დათარიღებული, ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მისი ომის ვეტერანის სტატუსის განმსაზღვრელი სამხედრო კომისარიატის მიერ 1997 წლის 15 იანვრით დათარიღებული ცნობის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების დღიდან, ანუ იმავე 2005 წლის 6 მაისიდან, რის საფუძველზეც სხვა მოძიებული დოკუმენტების თანხლებით წარადგინა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2005 წლის 22 მაისს.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინების მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლზე, გ. კ.-ის აზრით, მის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტალური დასაბუთების ფონზე დგინდება, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის გადამეტება მისგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ფაქტების დაზუსტების მიზნით მოძიების ძალისხმევითაა გამოწვეული.

2005 წლის 7 თებერვალს, როცა ფაქტობრივად ჩაიბარა და გაეცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებას, დარწმუნდა, რომ აღნიშნულ განჩინებაში, გარდა ამავე სასამართლოს მიერ გამოვლენილი და 3 დეკემბრის სხდომაზე დაფიქსირებული სოცფონდის რაიონული ფილიალის მიერ განსხვავებული ბეჭდით და შტამპით დამოწმებული ერთი და იგივე დატვირთვის მქონე ცნობების არსებობის ნამდვილობის დაფიქსირებისა, რაც დასახელებული სასამართლოს მიერ მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული, მითითებულ განჩინებაში სხვა არანაირი ახლად აღმოჩენილი გარემოების გამომხატველი ფაქტი არ აღმოჩნდა, ისეთი, რომელიც სასამართლოს მიერ შემდგომში ახლად აღმოჩენილ გარემოებებიდან გამომდინარე საქმის განხილვის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. ამიტომ იძულებული გახდა, პირადად მოეძია ის მრავლობითი ფაქტი და არგუმენტი, რომელთა ფაქტობრივი არსებობის ეჭვი თვით უზენაესი სასამართლოს მითითებული სასამართლო სხდომის დროს და განჩინების გაცნობისას აღეძრა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2005 წლის 7 თებერვლის შემდგომ პერიოდში, როცა იურიდიულად დაუფიქსირდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ვადის დენის ათვლა, ერთიანი სოცფონდის ხაშურის ფილიალიდან მიიღო 2005 წლის 10 თებერვლით დამოწმებული სხვადასხვა ბეჭდითა და შტამპით დამოწმებული ზემოაღნიშნული გაყალბებული 2 ცნობა. მასზე დამოუკიდებელ მიზეზთა გამო მოთხოვნიდან 40 დღის დაგვიანებით, 2005 წლის 11 აპრილს ჩაიბარა ყოფილი სამხედრო კომისარიატიდან დოკუმენტი, მასზე ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნებასთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ. 2005 წლის 28 აპრილს მიიღო ხაშურის რაიონის სამობილიზაციო შტაბის უფროსის ხელმოწერის დოკუმენტი, რითაც ირკვევა, რომ სოცფონდის რაიონულ ფილიალში სამხედრო კომისარიატიდან 1997 წლის 15 იანვარს წარდგენილ ცნობაზე ერთ-ერთი ხელის მომწერი იმ დროისათვის იყო უფროსი ლეიტენანტი და არა კაპიტანი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ცნობა რამდენიმე წლით გვიან იქნა გაცემული, ვიდრე მასზე ასახული თარიღია. ასევე დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ხაშურის სამხედრო კომისრის ყოფილი მოადგილე თ. ლ.-ე, რითაც დასტურდება მასზე 1997 წლის 15 იანვრის ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების ნამდვილობა, ჩაიბარა 2005 წლის 6 მაისს, რის შემდეგაც 2005 წლის 22 მაისს, მისი რწმენით, კანონით განსაზღვრულ ვადაზე 15 დღით ადრე, დასაბუთებული განცხადება წარუდგინა სასამართლოს (ტ.2, ს.ფ. 59-63).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემომითითებულ “ვ” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლის წამოყენება და ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება საქმის განხილვისას პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განცხადების დასაშვებად მიჩნევისათვის განმცხადებელს არ უნდა შეეძლოს ახლად აღმოჩენილად ცნობის საფუძვლის წამოყენება რომელიმე ინსტანციის სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ განცხადება დასაშვებია, რადგან იგი შეტანილია ერთთვიან ვადაში 2005 წლის 6 მაისიდან, როდესაც ჩაიბარა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ხაშურის სამხედრო კომისრის ყოფილი მოადგილე თ. ლ.-ე, რითაც დასტურდება მასზე 1997 წლის 15 იანვრის ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების ნამდვილობა. დავა, რომელზეც წარმოების განახლებას გ. კ.-ე ითხოვს, არ შეეხებოდა მისთვის ომის ვეტერანის სტატუსის მიკუთვნების ნამდვილობას. გადაწყვეტილებით, რომლის გაუქმებასაც გ. კ.-ე ითხოვს, მას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ვერ დაადასტურა ომის მონაწილედ (და არა მონაწილესთან გათანაბრებულ პირად) ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სოცფონდში 1997 წელს, როდიდანაც ითხოვდა პენსიის გადაანგარიშებას. ის გარემოება, თუ რა დოკუმენტი წარადგინა სოცფონდში და რა დოკუმენტი იდო საპენსიო საქმეში, გ. კ.-ს შეეძლო სცოდნოდა ჯერ კიდევ აღნიშნული საქმის წარმოების დროს, რამდენადაც გ. კ.-ის სარჩელის განხილვისას საპენსიო საქმე დათვალიერებულია როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ (ტ.1, ს.ფ.38), ისე საკასაციო სასამართლოში (ტ.1, ს.ფ.80) და ამის შესახებ ასევე აღნიშნულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებაშიც, როგორც ამაზე კასატორიც მიუთითებს. შესაბამისად, გ. კ.-ს ჯერ კიდევ მისი სარჩელის განხილვისას ჰქონდა შესაძლებლობა, გაერკვია, თუ, კონკრეტულად, რა ცნობა იდო საპენსიო საქმეში, იყო თუ არა ეს სწორედ ის ცნობა, რომელიც მან სოცფონდში წარადგინა, მიეთითებინა იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სრულიად სხვა ცნობა იქნა წარდგენილი და აღნიშნულის დასადასტურებლად და საქმის გარემოებების სრულყოფილად დასადგენად თავის დროზე გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო შესაძლებლობები.

კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა წანამძღვრების არსებობაზე, რომ მან ხაშურის სოცფონდში 1997 წელსვე წარადგინა ცნობა, რაც მის მიერ ომის მონაწილის სტატუსის ქონას ადასტურებდა და მისი სარჩელის განხილვისას პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღნიშნული გარემოების არსებობის შესახებ გაეგო და თავისი საპროცესო უფლების რეალიზაცია თავის დროზევე სრულად მოეხდინა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად გ. კ.-ის განცხადება დაუშვებელია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.