Facebook Twitter

¹ბს-862-826(კს-06) 10 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სს ,,...” დირექტორის ე. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ კერძო საჩივარს მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, წარმოდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. რის გამოც, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ჩაბარებიდან, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

განჩინების ასლი სს ,,....” დირექტორს ე. კ-ეს გაეგზავნა 2006 წლის 30 ოქტომბერს. ვინაიდან, საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული დასტურიდან არ ირკვეოდა მხარისათვის ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარება, კერძო საჩივრის ავტორის უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,....” დირექტორს ე. კ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილიდან დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი საპროცესო ვადა სს ,,....” დირექტორს ე. კ-ეს ამოიწურა 2006 წლის 29 დეკემბერს, ამ დროის განმავლობაში მას არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა გაუშვა სასამართლოს მიერ დადგენილი 10 დღიანი საპროცესო ვადა, რაც საფუძველია კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,....” დირექტორის ე. კ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.