¹ბს-870-833(კს-05) 19 თებერვალი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები _ თ. თ-ი; ზ. ჩ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 მარტს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შ. თ-მა მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირის _ თ. თ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნა და აღწერის სიიდან ამოღება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მის ვაჟს _ თ. თ-ს დაეკისრა მოსარჩელე ზ. ჩ-ის სასარგებლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიექცა აღსასრულებლად. აღმასრულებელმა თ. თ-ის ბინაში აღწერა აუქციონზე გასატანი ნივთები, რომლებიც მისი შეძენილია, ეკუთვნის მას და არა თ. თ-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა შემდეგი ნივთების აღწერის სიიდან ამოღება და მათზე ყადაღის მოხსნა: გერმანული ყავისფერი პიანინო “პოსტუინო” _ 200 ლარი; ფერადი ტელევიზორი “დეუ” _ 250 ლარი; კედლის სარკე 1-1,2 მ _ 150 ლარი; კედლის სარკე ჩუქურთმებით 1,5-0,5 მ _ 400 ლარი; წიგნების კარადა 6 ღია და 1 დახურული თაროთი _ 200 ლარი; ყავისფერი კედელი ექვსკარიანი _ 650 ლარი; ყავისფერი კედელი 3 პატარა ფრთით _ 300 ლარი; პატარა ტელეფიზორი “კორფუჯი” _ 8 ლარი; ჭაღი 8 სანთლიანი _ 200 ლარი; ჭაღი 6 სანთლიანი _ 150 ლარი; ჭაღი 1 სანთლიანი _ 30 ლარი; ყავისფერი სამეული რბილი _ 250 ლარი; ჭრელი სამეული რბილი _ 250 ლარი; თეთრი სამეული _ 350 ლარი. მითითებული ნივთების ღირებულება შეადგენდა 3460 ლარს (ს.ფ. 2-3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ჩ-ე (ს.ფ. 55).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით შ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (ს.ფ. 59-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 69-70).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი შ. თ-ს ჩაბარდა 2006 წლის 18 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მან სასამართლოს წარუდგინა 2006 წლის 4 სექტემბერს, ანუ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რითაც დაარღვია ზემოხსენებული ნორმის მოთხოვნა (ს.ფ. 72-73).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. თ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და საქმის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება მის მიერ საქალაქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2006 წლის 18 აგვისტოს ჩაბარების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ არ ჩაბარებია. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შემთხვევით გაიგო მისი რძლისგან _ ა. თ-გან, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება გადასცა 2006 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას არ გაუშვია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა (ს.ფ. 76).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება გაგზავნილია როგორც უშუალოდ შ. თ-ის, ისე მისი ვაჟის _ თ. თ-ის სახელზე, მათ საცხოვრებელ მისამართზე და აღნიშნული გადაწყვეტილების გზავნილები აღნიშნულ მისამართზე ჩაბარებულია 2006 წლის 18 აგვისტოს (ს.ფ. 68). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ადგილზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის სრულწლოვან წევრს, ჩაბარებად ჩაითვლება როგორც უწყების პირადად გადაცემა, ასევე უწყების მიმღების მიერ ადრესატისათვის უწყების შინაარსის ცნობება. კერძო საჩივრის ავტორი თვითონვე ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ჩაბარებული ჰქონდა მის რძალს, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მას გადასცა. ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა შ. თ-ის ოჯახს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება შ. თ-თვის ჩაბარებულად მიჩნეულ უნდა იქნეს საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურში მითითებული თარიღით _ 2006 წლის 18 აგვისტოს.
დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე აპელანტს საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს 2006 წლის 4 სექტემბერს (ს.ფ. 69).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 19 აგვისტოს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2006 წლის 1 სექტემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი, შესაბამისად, ამავე დღესვე _ 1 სექტემბერს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შ. თ-ს გაშვებული აქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რის გამოც კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე შ. თ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. შ. თ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.