¹ბს-870-837(2კს-08) 30 ოქტომბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები: ი. ვ-ე და გ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 27 ივნისს ი. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. ბათუმის მთავრობის ¹35 დადგენილების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომლითაც ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. ¹170-ში მდებარე უძრავი ქონება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტად და ამ ობიექტზე მისი საკუთრების უფლების დადგენას, ასევე ქ. ბათუმის მერიას დავალებოდა მის მიერ პურის საცხობის მშენებლობისა და პავილიონის რემონტისათვის გაწეული ხარჯების - 12000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოში მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ქ. ბათუმის მერიას დაკისრებოდა მის მიერ რემონტზე დახარჯული თანხის 12000 აშშ დოლარის ანაზღაურება. ამასთან, ი. ვ-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ჟ. ბ-ით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-ის წარმომადგემა გ. ს-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით ჟ. ბ-ის სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო Bბაჟი და ამასთან, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის, გ. ს-ის, მიერ. მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 Dდღე.
2008 წლის 9 ივნისის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
2008 წლის 27 ივნისს ჟ. ბ-ის წარმომადგენლებმა ი. ვ-ემ და გ. ს-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინეს მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადსტურებელი დოკუმენტი, ხოლო ჟ. ბ-ის მიერ გ. ს-ის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობა კი სასამართლოში წარმოდგენილი არ იყო. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებას ერთვოდა მხოლოდ ჟ. ბ-ის მიერ ი. ვ-ის მიმართ გაცემული მინდობილობა, მაშინ როცა სააპელაციო საჩივარი შედგენილი იყო მხოლოდ გ. ს-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინებით ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი აპელანტის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესრულებული და არ იქნა წარმოდგენილი გ. ს-ე ჟ. ბ-ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჟ. ბ-ის წარმომადგენლება ი. ვ-ემ და გ. ს-ემ.
კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ისა და ი. ვ-ის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 03 ივლისის განჩინებით, ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებას ერთვოდა ჟ. ბ-ის მიერ ი. ვ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, მაშინ, როდესაც სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო მეორე წარმომადგენლის გ. ს-ის სახელით.
საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევს კანონშესაბამისად და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.
იმავე საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარს თან არ ახლდა გ. ს-ის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მითითებული ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა სააპელაციო სასამართლო ზემომითითებული მუხლის საფუძველზე უფლებამოსილი იყო სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად.
მიუხედავად ზემოაღნიშნული მოტივაციისა, საქმის განხილვისას წარმოდგენილი და კერძო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოს არ აძლევს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვების საფუძველს.
უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჟ. ბ-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა ი. ვ-ე, რასაც ადასტურებს საქმეში ს.ფ. 62-ზე დაცული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საგულისხმოა, რომ ამავე პირის მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ. 115).
საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის პროცესში ი. ვ-ის მიერ წარმოდგენილი იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის გამგის ხელმოწერით დადასტურებული ცნობა ¹10009/3567გ/კ, რომელიც დათარიღებულია 2008 წლის 15 აგვისტოთი და რომლითაც კანცელარიის გამგე ადასტურებს, რომ ი. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 27 ივლისს.
საკასაციო სასამართლო არსებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული არ არის ი. ვ-ის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი, რაც პრინციპულად ცვლის წინამდებარე საქმის არსს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო ი. ვ-ის მიერ, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ უკანასკნელის უფლებამოსილებაზე, რაც, იმავდროულად გაუგებარს ხდის გ. ს-ის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის მიღებისა და შემოწმების ფაქტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ ვითარებაში, თუ დადასტურდება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი, რასაც ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლო კანცელარიის გამგის ცნობიდან გამომდინარე სადავოდ ვერ გახდის, სააპელაციო სასამართლო არ იქნება უფლებამოსილი გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული საფუძვლებით სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე თანდართულ ჟ. ბ-ის “სააპელაციო განცხადებას”, რომელიც ასევე დაცული არ არის საქმეში და რომლის საფუძველზეც მხარე მიუთითებს, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნება გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს მითითებული მტკიცებულებების მოძიებას და თვლის, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული პირის უფლებები. გასაჩივრების უფლება და ამ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპროცესო უფლებას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მხარეს ართმევს შესაძლებლობას რაიმე სახით კვლავ დააყენოს სასამართლოს წინაშე მსგავსი მოთხოვნა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გააუქმოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ვ-ისა და გ. ს-ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.