¹ბს-874-837(კს-06) 30 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 18 მარტს ა. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მოპასუხის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა;
2. სამსახურში აღდგენა;
3. 2004 წლის 12 ივლისიდან აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება;
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2000, 2001, 2002, 2003 წლების სახელფასო დავალიანების _ 721,59 ლარის დაკისრება;
5. 2002 წლის მე-9 თვის ხელფასის _ 85 ლარის გადახდა; 6. კადრების განყოფილებაში ყოფნის 2 თვის სრული ხელფასის _ 170 ლარისა და 2 თვის არასრული ხელფასის _ 80 ლარის დაკისრება;
6. სამსახურიდან დათხოვნის 3 თვის კომპენსაციის _ 250 ლარის გადახდა;
7. 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატის _ 200 ლარის გადახდა;
8. 2004 წლის 12 ივლისიდან 5 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის _ თვეში 350 ლარის, სულ 1050 ლარის გადახდა;
9. დათხოვნის ბრძანების თარიღის შესწორება _ 2004 წლის 12 ივლისის ნაცვლად 5 ოქტომბრის მითითება;
10. შემდგომი სპეციალური წოდების 3-წლიან სტაჟში 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე უწყვეტად ჩათვლა და აღნიშნულის შესაბამისად, 2004 წლის ოქტომბრის თვეში კანონით მისაღები შემდგომი სპეციალური წოდების _ “პოლიცის მაიორის” მინიჭება (ს.ფ. 3-6).
2006 წლის 20 იანვარს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 2000-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და სპეციალური წოდების _ “პოლიციის მაიორის” მინიჭება (ს.ფ. 87).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047 პ/შ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი დასაბუთებული ადამინისტრაციული აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ასევე, მითითებული აქტის გამოცემისას 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე სამწლიანი სტაჟის ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების საკითხების გამოკვლევა; ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ა. კ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 721,59 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაამყარა:
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. კ-ე 2004 წლის 12 ივლისს გათავისუფლდა თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-.... განყოფილების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების ..... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 10 ივლისის ¹361 ბრძანება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის ¹2047-პ/შ ბრძანებით მოსარჩელე დაითხოვეს თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-.... განყოფილების საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების ..... თანამდებობიდან. ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2005 წლის 21 თებერვალს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ვ” პუნქტი, რომლის თანახმად, უმცროსი, უფროსი და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები შინაგან საქმეთა ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურში გამოყენების შეუძლებლობის გამო. აღნიშნული მუხლი, სასამართლოს აზრით, წარმოადგენდა დისპოზიციურ ნორმას, რომლის გამოსაყენებლად კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მისაღებად მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობაზე უნდა გავცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97.2 მუხლი 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით, რომლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ამიტომ, სასამართლოს მითითებით, რეორგანიზაციისას მოხელის გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებულებაში ადგილი აქვს შტატების შემცირებას, ამასთან, იმ პირობით, თუ მოხელისათვის შეთავაზებული იქნება შესაბამისი თანამდებობა აღნიშნულ დაწესებულებაში მოხელეთა უპირატესი დარჩენის საკითხის გათვალისწინებით და თუკი ამის შემდგომ გამოვლინდება, რომ დაწესებულებაში არ არსებობს შესაბამისი ვაკანსია ან აღნიშნულ მოხელეს არ აქვს შეთავაზებული თანამდებობის დაკავების სურვილი, რაც უნდა აისახოს მოხელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების დასაბუთებულ ნაწილში. ამდენად, სასამართლოს აზრით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, რეორგანიზაცია შტატების შემცირების გზით გამორიცხავდა მოხელის უპირობო განთავისუფლებას და ადმინისტრაციას უნდა გამოეკვლია აღნიშნული საკითხები.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების 12.7 მუხლის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოებში ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შინაგან საქმეთა საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვით, 2-თვიანი მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია, აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. სასამართლოს მითითებით, ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახვა უნდა ჰპოვოს იმ ფაქტის შესწავლამ და გამოკვლევამ, რომ ა. კ-ე 2004 წლის 12 ივლისს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო სამსახურიდან მისი განთავისუფლება 5 თვის შემდეგ _ 2005 წლის 15 დეკემბერს მოხდა.
საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების _ 721.59 ლარის ანაზღაურების ნაწილში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხებოდა 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის სამწლიან უწყვეტ სტაჟად ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების მოთხოვნას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უნდა ემსჯელა (ს.ფ. 89-93).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ: სამსახურში აღდგენა და 2004 წლის 12 ოქტომბრიდან აღდგენამდე იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება, მოპასუხისათვის მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში შესწორების შეტანის დავალება _ 2004 წლის 12 ივლისის ნაცვლად 12 ოქტომბრის მითითება და 2004 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის, თვეში 350 ლარის ოდენობით, ანაზღაურება, ასევე, შემდგომი სპეციალური წოდების სამწლიან სტაჟში 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე პერიოდის უწყვეტად ჩათვლა, აღნიშნულის შესაბამისად კი, 2004 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კანონით გათვალისწინებული მორიგი სპეციალური წოდების _ “პოლიციის მაიორის” მინიჭება, წელთა დამსახურების დამატების პროცენტული დანამატის _ 7 წლის მანძილზე 200 ლარის ოდენობით დაკისრება და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები, ვინაიდან ისინი მოითხოვდნენ სასამართლოს მხრიდან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევასა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას და, შესაბამისად, დამატებით დროს.
სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები მხოლოდ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და სახელფასო დავალიანების 721.59 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, 2004 წლის 12 ივლისიდან 2004 წლის 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის ანაზღაურების, ბრძანების თარიღში შესწორების შეტანის, 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის სამწლიან უწყვეტ სტაჟად ჩათვლისა და შესაბამისად, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციას მისი განთავისუფლებისას უნდა გამოეკვლია აღნიშნული საკითხები, რასაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით ადგილი არ ჰქონია. აპელანტის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გეარემოება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნული გადაწყვეტილება კი ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მექანიკურადაა გამოტოვებული და არაფერია ნათქვამი წელთა ნამსახურების 7 წლის მანძილზე დაახლოებითY200 ლარის ოდენობით დანამატის ანაზღაურების შესახებ, რაც მოპასუხე უწყების საბუღალტრო სამსახურისათვის არა უბრალო მექანიკური შეცდომა, არამედ სამსახურებრივი გულგრილობაა. ამასთან, აპელანტის აზრით, აღნიშნული საკითხი არ საჭიროებდა უფრო ღრმა შესწავლას, ვინაიდან ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა ბუღალტრის მიერ ანგარიშსწორებისას _ “ფულადი ატესტაცია ¹1213” მის მიერ წარმოდგენილ იქნა (ს.ფ. 97-101).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა გასცდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის ფარგლებს და აპელანტს არ აქვს უფლება, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს დაუმატოს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე ან ახალ სარჩელს წარმოადგენს, ან დავის საგნის გაზრდას იწვევს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, აპელანტმა ცალკე უნდა იშუამდგომლოს სააპელაციო სასამართლოს წინაშე დავის საგნის გაზრდის შესახებ, რაზედაც თავისი მოსაზრების გამოთქმის საშუალება უნდა მიეცეს მოწინააღმდეგე მხარეს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ა. კ-ემ, გარდა იმისა, რომ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მან ასევე მოითხოვა დათხოვნის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შეტანა _ 2004 წლის 12 ოქტომბრის მითითება 12 ივლისის ნაცვლად, ასევე, წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატის _ 200 ლარის დაკისრება მოწინააღმდეგე მხარისათვის, რაც არ წარმოადგენდა დავის საგანს მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. აპელანტმა ასევე მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სააპელაციო მოთხოვნის ყველა ნაწილში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ა. კ-ეს დაავალა, ერთმანეთისაგან გაემიჯნა საკუთრივ სააპელაციო საჩივრისა და ის დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები, რაც არ ჰქონდა მითითებული თავდაპირველ სარჩელში (ს.ფ. 137-139).
ა. კ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დათხოვნის ბრძანების ნაწილში ცვლილებების შეტანის შესახებ _ 2004 წლის 12 ოქტომბრის მითითება 12 ივლისის ნაცვლად _ დაფიქსირებულია სასარჩელო განცხადების მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში, რომლებიც შინაარსობრივად ერთიანია და მხოლოდ მეტი თვალსაჩინოებისათვისაა დაყოფილი სამ პუნქტად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება ახალი დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემასთან ერთად მოსარჩელისათვის 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე სამწლიანი სტაჟის ჩათვლისა და სპეციალური წოდების მინიჭების საკითხის გამოკვლევა, რაც ა. კ-ის აზრით, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა, რომ აღნიშნული საკითხი არ შეიძლება მის მიერ შემცირებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების ყველა ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულებისა, რასაც კანონიც ითვალისწინებს, აპელანტის მითითებით, სასარჩელო განცხადების ბოლო მე-13 პუნქტშია დაფიქსირებული, სადაც გაკეთებულია ჩამონათვალი სასარჩელო განცხადების შინაარსის ყველა მოთხოვნისა, რაც აღარ იქნა გამეორებული ხელახლა ჩამონათვალის სახით სააპელაციო საჩივრის ბოლო მე-6 პუნქტში და აღინიშნა ერთი სიტყვით _ “ყველა ნაწილში,” რაც, აპელანტის განმარტებით, არანაირად არ გულისხმობდა მისი შინაარსის შეცვლას და რის გამოც სააპელაციო საჩივრის მე-6 პუნქტში არ არის მოთხოვნილი ის, რაც იყო მითითებული თავდაპირველ სარჩელში; წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატის შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იგი მექანიკურადაა გამოტოვებული.
ა. კ-ის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მან შეამცირა მოთხოვნის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები, მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან (2002 წლის მე-9 თვის ხელფასის ანაზღაურება) დაკავშირებით განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება. მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მისთვის უნდა მიეცა გათავისუფლებისთანავე. მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, რომ მითითებული თანხები შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წლის შემდეგაც არ ჰქონდა მიცემული, ამ მოთხოვნების სარჩელში დატოვების აუცილებლობა აღარ არსებობდა, ვინაიდან არ შეიძლებოდა ერთდროულად მოეთხოვა კომპენსაციებიც და განაცდურიც.
რაც შეეხებოდა სასარჩელო განცხადების მე-9 პუნქტს, აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულ საკითხზე მის მიერ წარდგენილი იყო სრული მტკიცებულება, რომელიც არავითარ დამატებით შესწავლას არ საჭიროებდა და ამ საკითხის ამოღება პირველი ინსტანციის სასამართლოს მექანიკური შეცდომა იყო.
ამრიგად, აპელანტის აზრით, მისი სააპელაციო საჩივარი არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს და მასში არ არსებობდა არც დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები და არც ისეთი მოთხოვნები, რაც არ ჰქონდა მითითებული თავდაპირველ სარჩელში (ს.ფ. 142-143).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მე-3 და მე-5 მუნქტების მოთხოვნები დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მისი სააპელაციო საჩივარი არ სცდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის ფარგლებს, ვინაიდან 2006 წლის 20 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმით ნათლად ჩანდა, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების თარიღის შესწორების და იმ დროის შესაბამისი ტარიფით 3 თვის სახელფასო დავალიანების თვეში 350 ლარისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წელთა ნამსახურებისათვის პროცენტული დანამატის _ 7 წლის მანძილზე დაახლოებით 200 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნებზე. ამდენად, მათი ხელახლა დაყენება სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს წარმოადგენდა ახალ მოთხოვნებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გადიდებას, რაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნებოდა ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევდა (ს.ფ. 146-149).
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. კ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას რომ შეემცირებინა სასარჩელო მოთხოვნა სტაჟთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, არც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებდა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხებოდა სასარჩელო განცხადების მე-9 პუნქტს, მითითებული საკითხის ამოღება იყო სხდომის მდივნის მექანიკური შეცდომა, რაც მას აღნიშნული ჰქონდა როგორც სააპელაციო საჩივარში, ისე განცხადებაში (ს.ფ. 152-154).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება, ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი სარჩელის შემდეგი მოთხოვნების ნაწილში: დათხოვნის ბრძანების თარიღის შესწორება _ 2004 წლის 12 ივლისის ნაცვლად 5 ოქტომბრის მითითება; 2004 წლის 12 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის _ თვეში 350 ლარის ოდენობით გადახდა; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის _ 200 ლარის გადახდა.
აღნიშნული მოთხოვნები ა. კ-ეს მითითებული ჰქონდა თავდაპირველად აღძრულ სარჩელში, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულია განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2006 წლის 20 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, სასამართლო სხდომაზე ა. კ-ემ განაცხადა, რომ ამცირებდა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვდა: შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობას; სამუშაოზე აღდგენას; იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას; 2000-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას; სპეციალური წოდების _ “პოლიციის მაიორის” მინიჭებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში იმსჯელა სარჩელის შემდეგ მოთხოვნებზე: შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის ¹2047-პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა; სამუშაოზე აღდგენა; იძულებითი განაცდურის ანაზღაურება; 2000-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე პერიოდის 3-წლიან უწყვეტ სტაჟში ჩათვლა; სპეციალური წოდების _ “პოლიციის მაიორის” მინიჭება.
მოსარჩელე ა. კ-ემ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემდეგი მოთხოვნების ნაწილში: სამსახურში აღდგენა; იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება; დათხოვნის ბრძანების თარიღის შესწორება _ 2004 წლის 12 ივლისის ნაცვლად 5 ოქტომბრის მითითება; 2004 წლის 12 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის _ თვეში 350 ლარის ოდენობით გადახდა; შემდგომი სპეციალური წოდების 3-წლიან სტაჟში 2001 წლის ოქტომბრიდან 2004 წლის ოქტომბრამდე უწყვეტად ჩათვლა და აღნიშნულის შესაბამისად, 2004 წლის ოქტომბრის თვეში კანონით მისაღები შემდგომი სპეციალური წოდების _ “პოლიცის მაიორის” მინიჭება; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურების პროცენტული დანამატის _ 200 ლარის გადახდა.
ამდენად, ა. კ-ე სააპელაციო საჩივარში ითხოვს შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაზეც საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია: დათხოვნის ბრძანების თარიღის შესწორება _ 2004 წლის 12 ივლისის ნაცვლად 5 ოქტომბრის მითითება; 2004 წლის 12 ივლისიდან 12 ოქტომბრამდე 3 თვის ხელფასის _ თვეში 350 ლარის ოდენობით გადახდა; 7 წლის მანძილზე წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატის _ 200 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოთხოვნები არ არის დავის საგანი და სააპელაციო საჩივარი ამ მოთხოვნების ნაწილში ექვემდებარება დაუშვებლად ცნობას, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ მოთხოვნებზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ზუსტად განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების წესს და შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, მათ შორის, განსაზღვრულია სარჩელზე უარის თქმის წესი. აღნიშნული კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმეზე წარმოებას. მხოლოდ საქმეზე წარმოების შეწყვეტას უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი _ დაუშვებელია სასამართლოსადმი ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნები, პროცესუალურად, კვლავ “ცოცხალია” და შესაბამისი საპროცესო შედეგები უკავშირდება.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მისი რომელიმე მოთხოვნის ნაწილში საქმეზე წარმოების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღებულია განსახილველად და რომელთა ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია, ვერ განიხილება აღარ არსებულ მოთხოვნებად, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ზოგიერთ მათგანზე არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას _ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება-დაკონკრეტებას ან დამატებას, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირებას, ერთი ნივთის ნაცვლად მეორის მიკუთვნების მოთხოვნას, რაც დაზუსტებული სარჩელის არსია, არ ჩაითვლება სარჩელის შეცვლად და საქმეზე წარმოების შეწყვეტას არ საჭიროებს. სადავო მოთხოვნები, ცალკე აღებული, დავის საგნისა და საფუძვლის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი მოთხოვნებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ზემოაღნიშნული მოთხოვნების ნაწილში არ ექვემდებარებოდა დაუშვებლად ცნობას იმ მოტივით, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილია ახალი მოთხოვნები და ადგილი აქვს დავის საგნის გადიდებას. ამდენად, კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს სადავო მოთხოვნების ნაწილში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხზე იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის პირობას ადგილი არ აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განჩინება;
3. ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.